Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ა-4265-ბ-15-2015 15 იანვარი, 2016 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი - ნ. ბ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - რკ პ-ი (მოსარჩელე)

განმცხადებელთა მოთხოვნა – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით აღსრულების შეჩერება

სარჩელში დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით რკ პ-ის (შემდეგში: საკრედიტო კავშირი ან კრედიტორი) სარჩელი მოპასუხეების რ. გ-ის (შემდეგში პირველი მოვალე) და ნ.ბ-ის (შემდეგში: მეორე მოვალე ან განმცხადებელი) წინააღმდეგ ფულადი ვალდებულების შესრულებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, პირველ მოვალეს საკრედიტო კავშირის სასარგებლოდ, დაეკისრა 36 055.07 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო მეორე მოვალის ქონება (მდებარე ქ. თბილისში ი-ს ქ. # 1 ა, ნაკვეთი (...), პირველი სართული (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი # ...) მიექცა სარეალიზაციოდ.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოვალეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, იპოთეკის საგნის რეალიზაციის გადავადება, პირველი მოვალისათვის დაკისრებული 36 055.07 აშშ დოლარის განაწილვადება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მარტის განჩინებით მეორე მოვალის სააპელაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, განუხილველად დარჩა.

4. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მეორე მოვალემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება ქვემდგომ სასამართლოში.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 08 ივლისის განჩინებით, მეორე მოვალის კერძო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და მას დაევალა, განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში, უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

6. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 სექტემბრის განჩინებით მეორე მოვალის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად, ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

8. 2015 წლის 9 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მეორე მოვალემ, სადაც მიუთითა, საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 8 ივლისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, თუმცა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, უზენაესი სასამართლოს ნაცვლად, შეცდომით წარადგინა საქალაქო სასამართლოში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მეორე მოვალემ მოითხოვა, რომ შეცდომით წარდგენილი სახელმწიფო ბაჟის ქვითარი გამოეთხოვა უზენაეს სასამართლოს და მისი კერძო საჩივარი განეხილა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით მეორე მოვალეს განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა, განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა დაზუსტებული განცხადება, სადაც გარკვევით მიუთითებდა: ა)რომელი საპროცესო ვადის აღდგენას მოითხოვდა, თუ ბ) მოითხოვდა საქმის წარმოების განახლებას. საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის შემთხვევაში, მხარე ვალდებული იყო, სასამართლოსათვის წარედგინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 427-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი განცხადება და, საქმის წარმოების განახლების საფუძვლის გათვალისწინებით, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

10. 2015 წლის 10 ნოემბერს უზენაეს სასამართლოში მეორე მოვალემ წარმოადგინა განცხადება, სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანთან ერთად და მოითხოვა, საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 4 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობა.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 ნოემბრის განჩინებით მეორე მოვალის განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე, მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

12. 2016 წლის 14 იანვარს მეორე მოვალემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების - აღსრულების შეჩერების გამოყენება შემდეგი საფუძვლებით:

12.1. განმცხადებლის განმარტებით, 2015 წლის 18 ნოემბრის განჩინებით მისი განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე მიჩნეულ იქნა დასაშვებად, რითაც მას შანსი მიეცა, რომ მითითებული განჩინება გაუქმდება და სასამართლო მის სააპელაციო საჩივარს დასაშვებად ცნობს. განმცხადებლის მტკიცებით, მოცემულ საქმეზე, მხარეებს შორის არსებულ დავაზე უკვე დაწყებულია აღსრულება და, იძულებითი აღსრულების მიზნით, უნდა გასხვიდეს მისი კუთვნილი უძრავი ქონება (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი).

12.2. განმცხადებლის მოსაზრებით, 2015 წლის 18 ნოემბრის განჩინება საერთოდ კარგავს აზრს, თუ იძულებითი აუქციონი არ შეჩერდება. მისი მტკიცებით, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობით, ერთმევა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა სსსკ-ის 268-ე მუხლის 11 ნაწილის მოქმედება და მსგავსი დავები დაუყოვნებლივ აღსრულებას აღარ ექვემდებარება.

12.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი ითხოვს, სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აღსრულების შეჩერებას, რაც მას მისცემს შესაძლებლობას, სიმართლის დასადგენად იდავოს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა წარმოდგენილი განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, სააღსრულებო საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

13.1. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი ითხოვს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, კერძო აღმასრულებელ დ--- დ---ძის წარმოებაში არსებულ სააღსრულებო საქმეზე NA... წარმოების შეჩერებას იმ საფუძვლით, რომ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის განახლების საფუძველი, რის შემდეგაც შესაძლებელია, ეს განჩინება გაუქმდეს და შემდგომში სასამართლომ მისი სააპელაციო საჩივარი დასაშვებად ცნოს.

13.2. სსსკ-ის 432-ე მუხლის მიხედვით, საქმის განახლების შესახებ განცხადება ვერ შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას. სასამართლოს შეუძლია თავისი განჩინებით დროებით შეაჩეროს გადაწყვეტილების აღსრულება. გადაწყვეტილების იძულებით სისრულეში მოყვანა იმაზე იქნება დამოკიდებული, იძლევა თუ არა საქმის წარმოების მომთხოვნი პირი შესაბამის გარანტიებს.

13.3. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განახლების შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანა და ამ განცხადების განსახილველად მიღება ვერ შეაჩერებს გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებას. გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ განმცხადებლის შუამდგომლობის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილების შემთხვევაში, რის შესახებაც სასამართლოს გამოაქვს განჩინება იმ გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ, რომლის ბათილობას ან გაუქმებასაც შეეხება განცხადება. გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებით შეიძლება გარკვეული ზიანი მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს აღსრულების შეჩერების მომთხოვნი მხარისაგან, მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, შესაბამის გარანტიებს.

13.4. სსსკ-ის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მხარეს დაეკისრა იმ ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რომელიც შეიძლება განიცადოს მოწინააღმდეგე მხარემ შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულებით, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, მან ასეთი უზრუნველყოფა უნდა განახორციელოს ფულადი თანხის ან ფასიანი ქაღალდების საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის გზით, რაც სსკ-ის მიხედვით მისაღებია გარანტიის უზრუნველსაყოფად.

13.5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია მხარეთა თანასწორობის პრინციპზე. ამ პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა ორივე ურთიერთდაპირისპირებული მხარის ინტერესების თანაბრად გათვალისწინება ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულების დროს. მაგალითად, მოსარჩელის ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლოს შეუძლია მიიღოს განჩინება სარჩელისა და, მათ შორის, ჯერ კიდევ არაღძრული სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სსსკ-ის 199-ე მუხლი ითვალისწინებს იმ ზარალის ანაზღაურებას, რაც მხარემ განიცადა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით. ამავე დროს, სსსკ-ის 57-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს და მხარეს, რომელმაც ასეთი უზრუნველყოფა მოითხოვა, თავის მხრივ, შეიძლება დააკისროს იმ ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რომელიც შეიძლება განიცადოს მოწინააღმდეგე მხარემ. უზრუნველყოფის საპროცესო საშუალებად მიჩნეულია ფულადი ან ფასიანი ქაღალდების დადება, რაც უნდა განხორციელდეს შესაბამისი წესით.

13.6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 57-ე მუხლის პირველი ნაწილი ცალსახად მიუთითებს, რომ მხარე, რომელიც შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე ისეთი საპროცესო მოქმედების შესრულების თაობაზე, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარეს შეიძლება მიადგეს ზიანი, არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ ასეთი მოთხოვნით. მან იმავდროულად უნდა შესთავაზოს სასამართლოს გარანტია, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველჰყოფს იმ ზარალის ანაზღაურებას, რაც მოწინააღმდეგე მხარემ შეიძლება განიცადოს ამ საპროცესო მოქმედების შესრულებით, ვთქვათ - სარჩელის უზრუნველყოფით. მხარე, რომელიც მოითხოვს, მაგალითად, სარჩელის უზრუნველყოფას, ვალდებულია მიუთითოს, თუ რას სთავაზობს იგი სასამართლოს, მოწინააღმდეგე მხარის იმ ზარალის უზრუნველსაყოფად, რომელიც ამ უკანასკნელმა შესაძლებელია განიცადოს. თუ მხარე ამ მოვალეობას არ ასრულებს, მისი მოთხოვნა, საპროცესო მოქმედების შესრულებაზე, სასამართლომ არ უნდა დააკმაყოფილოს.

14. რაც შეეხება განმცხადებლის მითითებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სსსკ-ის 268-ე მუხლის შეჩერებაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს:

14.1. მოხმობილი ნორმის 11 ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

14.2. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 268-ე მუხლით გათვალისწინებულია იმ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებალდ მიქცევა, რომლებიც კანონიერ ძალაში არ არის ჯერ შესული და მათ მიმართ ჯერ კიდევ დასაშვებია სააპელაციო და საკასაციო საჩივრის შეტანა.

14.3. მოცემულ დავაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 4 სექტემბერს, რის საფუძველზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ სააღსრულებო ფურცელი გასცა იმავე წლის 1 ოქტომბერს (იხ. ს.ფ.65), შესაბამისად, მხარის მოთხოვნა, რომ აღნიშნული ნორმა უნდა გავრცელდეს მოცემულ დავაზე, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, რაც წარმოდგენილი განცხადების დაუსაბუთებლობაზე მიუთითებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 432-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ბ-ის განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით აღსრულების (სააღსრულებო ფურცელი #...) შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე