საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე № ა-4430-შ-91 -2015 8 იანვარი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – თ. ი-შ
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ი-შ
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – თურქეთის რესპუბლიკის, ანტალიის მე-4 საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის # 2013/338 გადაწყვეტილება
დავის საგანი - განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2012 წლის 18 ივლისს დაქორწინდნენ თ. ი-შ (შემდეგში შუამდგომლობის ავტორი) და თ. ი-შ (შემდეგში მოწინააღმდეგე მხარე). ქორწინების განმავლობაში, წყვილს შვილები არ შესძენია, თანაცხოვრებისას წარმოშობილი შეუთავსებლობა გახდა მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის აღძვრის საფუძველი, შუამდგომლობის ავტორთან, განქორწინების მოთხოვნით.
2. თურქეთის საოჯახო სასამართლოში განქორწინების საქმის განხილვისას ორივე მხარე მონაწილეობდა და შუამდგომლობის ავტორი დაეთანხმა მოწინააღმდეგის მოთხოვნას განქორწინებაზე.
3. თურქეთის რესპუბლიკის, ანტალიის მე-4 საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის # 2013/338 გადაწყვეტილებით თ. ი-შ და თ. ი-შ განქორწინდნენ, მხარეებმა დაადასტურეს, რომ ერთმანეთის მიმართ არ ჰქონდათ ალიმენტისა და კომპენსაციის მოთხოვნა.
4. მხარეებმა უარი თქვეს მე-3 პუნქტში მითითებული გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე და იგი კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 17 აპრილს.
5. შუამდგომლობის ავტორმა 2015 წლის 19 ნოემბერს მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამ განჩინების მე-3 პუნქტში დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, ამასთან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება აღსრულებულია თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
6. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 30 ნოემბრის განჩინებით განსახილველად მიიღო შუამდგომლობა.
7. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტში მითითებული შუამდგომლობა, თანდართული მასალებით, 2015 წლის 1 დეკემბერს გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს, რომელსაც გზავნილი ჩაჰბარდა იმავე წლის 7 დეკემბერს (იხ. შესაბამისი აქტი საქმის მასალებში).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ თ. ი-ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის, ანტალიის მე-4 საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის # 2013/338 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ მხარეები პირადად ესწრებოდნენ თურქეთის საოჯახო სასამართლოში განქორწინების საქმის განხილვას, წყვილს ქორწინების განმავლობაში საერთო შვილები არ შესძენია, მხარეებს ერთმანეთის მიმართ რაიმე ქონებრივი ვალდებულებები არ აქვთ შესასრულებელი, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და იგი აღსრულებულია თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე (იხ. ამ განჩინების 2-5 პუნქტები).
10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
11. ამ განჩინების მე-10 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები, საქმის მასალების მიხედვით, არ არის წარმოდგენილი და არც შუამდგომლობაში მითითებულ მოწინააღმდეგე მხარეს - თ. ი-ს წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან მოსაზრება უზენაესი სასამართლოს მიერ გაგზავნილი განჩინებისა და თანდართული მასალების მიღების შემდეგ (იხ. ამ განჩინების მე-7 პუნქტი).
12. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ი-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს თურქეთის რესპუბლიკის, ანტალიის მე-4 საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის # 2013/338 გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ი-შ და თ. ი-შ განქორწინდნენ;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ.თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე