Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ა-4712-შ-95-2015 29 იანვარი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – რ. ა-ა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – თურქეთის რესპუბლიკის, ხოფის სამოქალაქო საქმეთა სასამართლოს 2014 წლის 3 ივლისის # 2014/162 გადაწყვეტილება

მოთხოვნის საგანი- სამკვიდრო მოწმობის გაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თურქეთის რესპუბლიკის, ხოფის სამოქალაქო საქმეთა სასამართლოს 2014 წლის 3 ივლისის # 2014/162 გადაწყვეტილებით რ. ა-ას (შემდეგში შუამდგომლობის ავტორი) მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ბ. ა-ას (რეგისტრირებული ქ. ა-ში, ხოფის რაიონი, სოფ. ი-ე, ტომი # 33, სახლი # 38, თურქეთის რესპუბლიკის პირადი # ..., ჯ-სა და ჩ-ის ვაჟის, დაბ 19.. წელს) გარდაცვალებით (21.06.20..) ცნობილი იქნა ოთხი სამკვიდრო წილი, რომელთაგან ერთი გადაეცა შუამდგომლობის ავტორს, რ. ა-ას, ბ-ისა და მ-ს ძეს, დაბადებულს 19.. წელს. დანარჩენი წილი შემდეგნაირად განაწილდა: ერთი წილი გადაეცა მ. ა-ას, ჯ-სა და ე-ს ასულს, დაბ. 19..წ; ერთი წილი - ე. ა-ას, ბ-ისა და მ-ის ასულს, დაბ. 19..წ; ერთი წილი - ე. ა-ას, ბ-ისა და მ-ის ასულს, დაბ. 19.. წ.

2. თურქეთის რესპუბლიკის ხოფის სამოქალაქო საქმეთა სასამართლომ, სახელმწიფოში მოქმედი სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის 385-ე, 316-ე-322-ე მუხლებით დადგენილი წესით, გამოიყენა გამარტივებული სასამართლო საქმისწარმოება და, იმავე კოდექსის 320-ე მუხლით დადგენილი წესით, გადაწყვეტილება მიიღო მხარეების სასამართლო პროცესზე მოუწვევლად, სარჩელის კვალიფიკაციიდან და სასამართლო განხილვის ვადის გაგრძელების აუცილებლობის არარასებობის გამო.

3. საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში 2014 წლის 3 ივლისს.

4. წარმოდგენილ შუამდგომლობას ერთვის აპოსტილით დამოწმებული და სანოტარო წესით დადასტურებული, ქართულ ენაზე ნათარგმნი მინდობილობა, რომლითაც დასტურდება, რომ წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებულმა მემკვიდრეებმა მ. ა-ამ, ე. ა-ამ, ე. ა-ამ (შემდეგში მარწმუნებლები), ბ. ა-ას (შემდეგში მამკვიდრებელი) გარდაცვალებით, სხვა მემკვიდრეებთან ერთად, მათ სახელზე მემკვიდრეობით მიღებული ან მისაღები სატრანსპორტო საშუალების, სანომრე ნიშნით (GE) N.., რომელსაც ყადაღა არ ადევს, საზღვარგარეთ გაყვანისა და უკან შემოყვანასთან დაკავშირებით აუცილებელი ნებართვის მიღების უფლებამოსილება მიანიჭეს რ. ა-ას, მასვე მიანდეს მოწმობის, წიგნაკის და ყველა სხვა დოკუმენტის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანიზაცია დაწესებულებებიდან და თურქეთის ტურიზმისა და საავტომობილო ორგანიზაციიდან მიღება, ყველა აუცილებელი მოქმედების შესრულება საბაჟოებზე, საკონსულოებში, ხელისმოწერა დოკუმენტებზე, შესვლა-გამოსვლის, გადაჯდომის და დროებითი შესვლა-გამოსვლის ოპერაციების შესრულება, სატრანსპორტო საშუალების მემკვიდრეობით მიღების რეგისტრაცია: როგორც მარწმუნებელთა წარმომადგენელმა მიიღოს, დაარეგისტრიროს მათი მამკვიდრებლის გარდაცვალებით სხვა მემკვიდრეებთან ერთად მემკვიდრეობით მიღებული ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება შუამდგომლობის ავტორისათვის სასურველ საგზაო მოძრაობის განყოფილებებსა თუ ბიუროებში და შესაბამის ორგანოებში, გააცემინოს, ჩაიბაროს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის, საგზაო მოძრაობისა და დროებითი საგზაო ცნობები და განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი, რაც დეტალურად არის მითითებული შუამდგომლობაზე დართულ მინდობილობებში.

5. შუამდგომლობის ავტორმა 2015 წლის 10 დეკემბერს მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, ამასთან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება აღსრულებულია თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

6. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 21 დეკემბრის განჩინებით განსახილველად მიიღო შუამდგომლობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ რ. ა-ას შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის, ხოფის სამოქალაქო საქმეთა სასამართლოს 2014 წლის 3 ივლისის # 2014/162 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ სამკვიდრო მოწმობის გაცემა თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით არასადავო სასამართლო საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება და როგორც ეს შუამდგომლობაზე თანდართულ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობ გადაწყვეტილებაშია მითითებული, მხარეთა მოწვევის გარეშეა განხილული (იხ. ამ განჩინების მე-2 პუნქტი).

8. შუამდგომლობაზე დართული მინდობილობებით (იხ. ამ განჩინების მე-4 პუნქტი) დადასტურებულია სხვა მემკვიდრეთა ნება, რომელიც უკავშირდება მემკვიდრეობით მიღებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საკუთარებაში მიღებასა და განკარგვას, რაც უშუალოდ არის დაკავშირებული საქართველოს ტერიტორიაზე საცნობ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებასთან.

9. თურქეთის რესპუბლიკის, ხოფის სამოქალაქო საქმეთა სასამართლოს 2014 წლის 3 ივლისის # 2014/162 გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და აღსრულებულია თურქეთის ტერიტორიაზე (იხ. ამ განჩინების მე-3 და მე-5 პუნქტები).

10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

11. ამ განჩინების მე-10 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები, საქმის მასალების მიხედვით, არ არის წარმოდგენილი.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. ა-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს თურქეთის რესპუბლიკის, ხოფის სამოქალაქო საქმეთა სასამართლოს 2014 წლის 3 ივლისის # 2014/162 გადაწყვეტილება, რომლითაც ბ. ა-ას (რეგისტრირებული ქ. ა-ში, ხოფის რაიონი, სოფ. ი-ე, ტომი # 33, სახლი # 38, თურქეთის რესპუბლიკის პირადი # ..., ჯ-სა და ჩ-ის ვაჟის, დაბ 19.. წელს) გარდაცვალებით (21.06.20..) ცნობილი იქნა ოთხი სამკვიდრო წილი, რომელთაგან ერთი გადაეცა რ. ა-ას, ბ-ისა და მ-ს ძეს, დაბადებულს 19.. წელს;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ.თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე