საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-21-21-2016 18 იანვარი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სს „თ-ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. დ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით სს „თ-ის“ სარჩელი ზ. დ-ის მიმართ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა სს “თ-მა“, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 დეკემბრის საოქმო განჩინებით სს „თ-ის“ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს “თ- მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სს "თ-ის" კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კერძო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 დეკემბრის საოქმო განჩინების (სხდომის ოქმი) ასლი 2015 წლის 23 დეკემბერს ჩაჰბარდა კერძო საჩივრის ავტორის სს "თ-ის" კანცელარიის მენეჯერს, ნ. კ-ს (პ/ნ …), რაც დასტურდება ამ უკანასკნელის ხელმოწერით (იხ. საფოსტო უკუგზავნილი, ტ. 2, ს.ფ. 31). შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანის 12 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 24 დეკემბერს და ამოიწურა 2016 წლის 4 იანვარს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სს "თ-ის" კერძო საჩივარი შეტანილია 2016 წლის 5 იანვარს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით (იხ. სასამართლოს შტამპი კერძო საჩივარზე, ტ.2, ს.ფ. 32). საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დატანილ შტამპზე, რომელზეც აღნიშნულია, რომ კერძო საჩივარი წარდგენილია 05.11.16 წელს და მიიჩნევს, რომ შტამპზე მე-11 თვის მითითება არის ტექნიკური შეცდომა, რადგან განსახილველი საქმე უზენაეს სასამართლოში 2016 წლის 8 იანვარს შემოვიდა, შესაბამისად ცხადია, რომ მხარემ კერძო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში, 2016 წლის 5 ნოემბრის ნაცვლად, 2016 წლის 5 იანვარს წარადგინა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში სს "თ-მა" დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა კერძო საჩივარი, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კერძო საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა დარჩეს და კერძო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ.
ვინაიდან საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, შეაფასოს მტკიცებულებები, პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარზე თანდართული დოკუმენტები მხარეს უნდა დაუბრუნდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 401-ე, 416-ე, 420-ე, 104.1-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს "თ-ის" კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 დეკემბრის საოქმო განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული;
2. სს "თ-ს" (ს/კ …) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე მ. ჭ-ას (პ/ნ …) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი (საგადასახადო დავალება №1, გადახდის თარიღი 2016 წლის 4 იანვარი);
3. კერძო საჩივრის ავტორს დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 7 ფურცლად (ს/ფ 34-40);
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი