Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1154-1085-2015 12 იანვარი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი. ნ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. დ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განხილვის განახლება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით თ. დ-ას (შემდეგში მოსარჩელე) სარჩელი ი. ნ-ის (შემდგომში მოპასუხე) წინააღმდეგ, მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ 198-ე, 199-ე მუხლები].

2. მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება. 3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად, მოპასუხეს განესაზღვრა 5 დღის ვადა და დაევალა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი, დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენა, რომელშიც დაზუსტებული იქნებოდა საჩივრის ფასი და ამის კვალობაზე წადგენილი იქნებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, მოპასუხის მიერ უკვე გადახდილი 200 ლარის გათვალისწიებით. 4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.

5. სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში მიუთითა, რომ 2015 წლის 17 სექტემბრის განჩინებით, საპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად მოპასუხეს განესაზღვრა ვადა და, კანონით დადგენილი წესით, განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

6. სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 17 სექტემბრის განჩინება (იხ. ამ განჩინების მე-5 პუნქტი) სსსკ-ის 70-78 მუხლების მოთხოვნათა დაცვით, 2015 წლის 24 სექტემბერს ჩაჰბარდა მოპასუხეს, შესაბამისად, საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 25 სექტემბერს და 29 სექტემბერს დასრულდა. დროის ამ მონაკვეთში, მოპასუხემ სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეავსო და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

7. მოპასუხემ სასამართლოში, 2015 წლის 1 ოქტომბერს, შეიტანა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო მოქმედება არ შეასრულა და ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებაზე არ უნდა ყოფილიყო მიღებული წარმოებაში სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო და, სსსკ-ის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იგი განუხილველად უნდა დატოვებულიყო, ვინაიდან საქმეზე არ იყო სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობები.

9. სასამართლომ, სსსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, განუხილველად დატოვა მოპასუხის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარიც, ხოლო აპელანტს დაუბრუნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

10. სააპელაციო სასამართლომ განჩინების მიღებისას იხელმძღვანელა სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368-ე და 374-ე მუხლებით.

11. მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ოქტომბრის განჩინება და მოითხოვა მისი გაუქმება.

12. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, განჩინება ჩაჰბარდა დედამისს, ქ. თბილისში, მ-ის ქუჩა N4-ში, სადაც იმ დროისათვის მითითებულ მისამართზე თვითონ არ ცხოვრობდა. მოპასუხის მტკიცებით, დედამისი მისი ოჯახის წევრი არ არის, ამასთან, მასთან აქვს ოჯახური კონფლიქტი. მოპასუხის განმარტებით, დედამისი არის პენსიონერი და მან განჩინების შინაარსის წაუკითხავად, 30 სექტემბერს გადასცა, ხოლო ამის შემდეგ სააპელაციო სასამართლოს განჩინება გაასაჩივრა.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 25 დეკემბერს მოპასუხის კერძო საჩივარი მიიღო წარმოებაში განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

14. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

15. სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

16. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ 5-9 პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და განმარტავს, რომ გასაჩივრებული განჩინებით, სასამართლომ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო იმ საფუძვლით, რომ მოპასუხემ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, ხარვეზი არ შეავსო და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

17. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება დედამის ჩაჰბარდა, თუმცა, აღნიშნავს, რომ მასთან კონფლიქტი აქვს, მისი ოჯახის წევრი არ არის, ამასთან, განჩინების ჩაბარების დროისათვის მოპასუხე მ-ის ქუჩა N4-ში არ ცხოვრობდა.

18. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

19. სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ საპროცესო ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

20. სსსკ-ის 74-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან, წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები, ასევე, ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

21. განსახილველ შემთხევაში, გზავნილზე მითითებულია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის ხარვეზის განჩინება ჩაჰბარდა მოპასუხის ოჯახის წევრს გ. ე-ეს, რომელიც კერძო საჩივრის ავტორის დისშვილია (იხ. ს.ფ. 104-105). ამასთან, გზავნილი ჩაბარებულია იმ მისამართზე, რომელიც მითითებული ჰქონდა მოპასუხეს სააპელაციო საჩივარზე. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში მოპასუხემ საკუთარ მისამართად მიუთითა ქ. თბილისი, მ-ის გამზ. # 14 (ს.ფ.43), საქალაქო სასამართლომ ამავე მისამართზე გაუგზავნა უწყება მოპასუხეს, რაც ჩაჰბარდა დედამისს ე. ნ-ს (ს.ფ. 61), მოპასუხემ როგორც 2015 წლის 4 აგვისტოს წარდგენილ სააპელაციო საჩივარში, ისე 2015 წლის 1 ოქტომბრის დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარშიც იგივე მისამართი მიუთითა (ს.ფ. 88, 106). საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 76-ე მუხლზე მითითებით, აღნიშნავს, რომ მოპასუხეს სასამართლოსთვის არ უცნობებია საქმის წარმოების განმავლობაში მისამართის შეცვლის თაობაზე, რაც, მხარის ვალდებულებას წარმოადგენს, აქედან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები.

23. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი უსაფუძვლო, რაც გამორიცხავს მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ნ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ოქტომბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ოქტომბრის განჩინება;

3. ი. ნ-ს (პ/ნ ...) დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 25 დეკემბრის განჩინებით (საქმე № ას-1154-1085-2015) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

4. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე