საქმე №ას-1263-1185-2015 22 იანვარი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სს ბანკი „რ-ა“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ა-ე, გ. ა-ე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქალაქო სასამართლოს 18.12.2013 წ. და სააპელაციო სასამართლოს 2.7.2014 წ. გადაწყვეტილებების ძალაში დატოვება
დავის საგანი – საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება, ფულადი ვალდებულების შესრულება და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს ბანკი „რ-ას“ (შემდეგში ბანკი ან კრედიტორი) სარჩელი დაკმაყოფილდა და მ. ა-ესა და გ. ა-ეს (შემდეგში მსესხებლები) სოლიდარულად დაეკისრათ საკრედიტო დავალიანების ძირითადი თანხის 265 319.63 აშშ დოლარის, 157 321.59 აშშ დოლარისა და 145 025.06 აშშ დოლარის გადახდა. მითითებული დავალიანება, ბანკის წინაშე, მსესხებლებს წარმოეშვათ 2008 წლის 1 აპრილს გაფორმებული „კრედიტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ“ გენერალური ხელშეკრულებისა და 2008 წლის 4 აპრილს დადებული # 58990 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 867-ე, 863-ე, 464-ე მუხლები).
2. საქალაქო სასამართლოს იმავე გადაწყვეტილებით დადგინდა კრედიტორის წინაშე არსებული დავალიანების თანხის ამოღება, იპოთეკით დატვირთული, მამუკა აბესაძის კუთვნილი შემდეგი უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით: ქ. თ-ში, ალ. ყ-ის გამზირი 16, სართული 3, ბინა 6, ფართი 250.40 კვმ საკადასტრო კოდი: # …; მ-ის რაიონში, სოფელ ს-ოში მდებარე ფართი 5790 კვ.მ., საკადასტრო კოდი: # …; მ-ის რაიონში, სოფელ ს-ოში მდებარე ფართი 4000 კვ.მ., საკადასტრო კოდი: # …. მსესხებლებს, ბანკის სასარგებლოდ, ასევე, დაეკისრათ 5000 ლარის გადახდა, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
3. წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ა-ემ (შემდეგში მოვალე), მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ბანკის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით მოვალის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
4.1.შეიცვალა საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 დეკემბრის გასაჩივრებული გადაწყვეტილება მსესხებლებისათვის, სოლიდარულად, 145 025.06 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და, ამ ნაწილში, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ბანკის სარჩელი მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
4.2. მსესხებლებს სოლიდარულად დაეკისრათ, მიუღებელი შემოსავლის სახით, ზიანის ანაზღაურება კრედიტის ძირითადი თანხის 265 319.63 აშშ დოლარის წლიური 14,5% ოდენობით 2013 წლის 01 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსულებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2020 წლის 4 აპრილისა;
4.3. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მეორე პუნქტი სახელმწიფო ბაჟის განაწილების შესახებ.
4.4. მსესხებლებს, ბანკის სასარგებლოდ, დაეკისრათ 4200 ლარის გადახდა, სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში.
4.5. ბანკს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 800 ლარის გადახდა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 მარტის განჩინებით მოვალის საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.
6. 2015 წლის 28 აპრილს მოვალემ მიმართა სააპელაციო სასამართლოს განცხადებით (ტ.3., ს.ფ.156) და მოსთხოვა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადება, აღსრულების წესის განსაზღვრა. გადაწყვეტილების ფაქტობრივ საფუძვლად მოვალემ მიუთითა საკუთარ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე, ასევე, წარადგინა მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდებოდა, რომ მას, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით, შეფარდებული ჰქონდა პატიმრობა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ნოემბრის განაჩენით, მსესხებელს, დამატებითი სასჯელის სახით, დაეკისრა 50 000 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამ განაჩენის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დააყადაღა მისი უძრავ-მოძრავი ქონება, იგი რეგისტრირებული იყო მოვალეთა რეესტრში.
7. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოვალის განცხადება, კერძოდ:
7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით მსესხებლებისათვის სოლიდარულად დაკისრებული თანხები - 265 319.63 აშშ დოლარი, 157 321.59 აშშ დოლარი და კრედიტის ძირითადი თანხის 265 319.63 აშშ დოლარის წლიური 14,5%, 2013 წლის 1 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - განაწილვადდა ერთი წლის ვადით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან, 11 თვის განმავლობაში გადასახდელი თანხა განისაზღვრა 300 აშშ დოლარით, ხოლო დარჩენილი თანხის სრულად დაფარვა განისაზღვრა მე-12 თვეს.
7.2. იმავე განჩინებით იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე აღსრულების მიქცევის შემდეგი წესი დადგინდა:
რეალიზაცია განხორციელდეს თითოეულ უძრავ ქონებაზე ცალ-ცალკე, დამოუკიდებლად, შემდეგი თანმიმდევრობით:
- მიწის ნაკვეთი, მდებარე მ-ის რაიონში, სოფელ ს-ოში, ფართი 4000 კვ.მ, საკადასტრო კოდი: # …;
- მიწის ნაკვეთი, მდებარე მ-ის რაიონში, სოფელ ს-ოში, ფართი 5790 კვ.მ, საკადასტრო კოდი: # …;
- საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. თ-ში, ალ. ყ-ის გამზირი 16, სართული 3, ბინა 6, საკადასტრო კოდი: # ...
8. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბრის განჩინებაზე, 2015 წლის 23 ოქტომბერს კერძო საჩივარი წარადგინა ბანკმა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 დეკემბრისა და სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებების ძალაში დატოვება (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი, მეორე, მეოთხე პუნქტები).
9. კერძო საჩივრის ავტორმა მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ მხარეთა შორის 2009 წლიდან მიმდინარეობს დავა, კრედიტორის სასარგებლოდ, დავალიანების დაკისრების მოთხოვნით და, ამ ხნის მანძილზე, მოვალეს არ გამოუხატავს ნება ვალდებულების შესრულებაზე. კრედიტორმა არაერთხელ შესთავაზა მოვალეს მორიგება, გადასახდელი თანხის განაწილვადება შესაბამისი გრაფიკით, რაც უარჰყო მსესხებელმა. კრედიტორმა ისიც აღნიშნა, რომ მის ინტერესებს საფრთხე ექმნება, რადგან სასამართლომ არასწორად დაადგინა განაწილვადება (იხ. ამ განჩინების 7.1 ქვეპუნქტი), რაც პრაქტიკულად წარმოადგენს არა განაწილვადებას, არამედ გადახდის განვადებას ერთი წლით.
10. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული განჩინებით, სასამართლომ შეცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილშიც, რომელზეც მას არ უმსჯელია და რომელიც უცვლელად დატოვა სააპელაციო სასამართლომ 2014 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით. 2015 წლის 16 სექტემბრის განჩინებით, სასამართლოს მხოლოდ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ნაწილში შეეძლო დაედგინა განაწილვადება გონივრული ვადით და თანაბარი განაწილების პრინციპით, სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ მიუღებელი შემოსავლის ნაწილში მიიღო ახალი გადაწყვეტილება, სხვა ნაწილში კი უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
11. მითითებული არგუმენტების საფუძველზე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას (იხ. ამ განჩინების მე-8 პუნქტი).
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას კრედიტორის კერძო საჩივარი სამოქალაქო საქმესთან ერთად გადმოეგზავნა 2015 წლის 22 დეკემბერს. საკასაციო პალატის 2015 წლის 30 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების, საქმის მასალებისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
13. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სსსკ-ის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის დეფინიციაზე, რომლის შესაბამისად, „სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი“. მოხმობილი ნორმის მიზანია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა, რა დროსაც მნიშვნელოვანია, თანაბრად იქნეს დაცული კრედიტორისა და მოვალის ინტერესები.
14. განსახილველ შემთხვევაში, მოვალემ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და წარუდგინა საკუთარი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილი იყო, ემსჯელა მოვალის მოთხოვნაზე, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადებისა და აღსრულების წესის განსაზღვრის თაობაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული 16.09.2015 წლის განჩინებით, სააპელაციო სასამართლო, რომელმაც 2014 წლის 2 ივლისს გამოიტანა გადაწყვეტილება და ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოვალის სააპელაციო საჩივარი (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტი), უფლებამოსილი იყო, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადება გამოეყენებინა და აღსრულების წესი დაედგინა გადაწყვეტილების მხოლოდ იმ ნაწილში, რომელშიც დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების ნაწილი შეცვალა. სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება სესხის ძირითადი თანხისა და ვადაგადაცილებული პროცენტის დაკისრების ნაწილში (იხ. სააპელაციო სასამართლოს 02.07.2014 გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება, 4.3. ქვეპუნქტი, ტ.3., ს.ფ. 86), შესაბამისად, სსსკ-ის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ამ ნაწილში სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადებისა და აღსრულების წესის განსაზღვრის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს (თბილისის საქალაქოს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას) და არა იმ სასამართლოს, რომელმაც უცვლელად დატოვა გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღებით არ შეუცვლია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღნიშნული ნაწილი.
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების გადავადება ან განაწილვადება, აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა, სასამართლომ უნდა განახორციელოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული მოთხოვნის აღსრულების შესაძლებლობის შეფასების შედეგად. განსახილველ შემთხვევაში, აღსრულებას ექვემდებარება ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მნიშვნელოვანია განისაზღვროს, თითოეულ ინსტანციაში დაკმაყოფილებული მოთხოვნის რა ნაწილია აღსასრულებელი. ამის შემდეგ, უნდა განისაზღვროს გადაწყვეტილების აღსრულების გადადების ან განაწილვადების, აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა როგორ უნდა დადგინდეს, რაშიც იგულისმება იმის გამოკვლევა, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მიერ დაკმაყოფილებულ მოთხოვნათა შორის ხომ არ არსებობს იმგვარი კავშირი, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში, გავლენას იქონიებს აღსასრულებელ გადაწყვეტილებაზე, რომელზეც გადაწყვეტილების მიმღებმა სასამართლომ, მის მიერ მიღებული შეცვლილი გადაწყვეტილების ნაწილში გამოიყენა სსსკ-ის 263-ე მუხლის პირველი ნაწილი.
16. მოცემულ შემთხვევაში, ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება განაწილვადებულია ერთი წლით, ამასთან, დადგენილია იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის წესი, უძრავი ქონების აუქციონზე გასაყიდად გატანის რიგითობა. სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს და შეაფასოს, მხოლოდ მის მიერ 2014 წლის 7 ივლისის მიღებული გადაწყვეტილების ნაწილში, აღსრულების განაწილვადება და მისი წესის შეცვლა, ხომ არ იქონიებს გავლენას საქალაქო სასამართლოს მიერ 2013 წლის 18 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილების იმ ნაწილის აღსრულებაზე, რომელიც უცვლელად დატოვა სააპელაციო სასამართლომ.
17. მე-15 და მე-16 პუნქტებში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, სსსკ-ის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ, შესაბამისად, მათი საქმისწარმოების ეტაპზე, მიღებული გადაწყვეტილებებით სასარჩელო მოთხოვნათა დაკმაყოფილებული ნაწილები რამდენად არის დაკავშირებული ერთმანეთთან და როგორ აღსრულდება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, განაწილვადებისა და აღსრულების შეცვლილი წესის პირობებში.
18. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ როდესაც გადაწყვეტილების მიმღები სასამართლო მსჯელობს აღსასრულებელი გადაწყვეტილების, სსსკ-ის 263-ე მუხლის პირველ ნაწილში დადგენილი წესით, გადავადების ან განაწილვადების, მისი აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლაზე, მნიშვნელოვანია გამოიკვლიოს, თუ რა რესურსი გააჩნია მოვალეს, კრედიტორის ინტერესის დასაკმაყოფილებლად. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ, გადაწყვეტილების მიღებისას, იხელმძღვანელა მოვალის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი იმ მტკიცებულებებით, რომლებზეც მითითებულია წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტში. სსსკ-ის 263-ე მუხლის მიზანი არის აღსრულების ხელშეწყობა და მოქნილი სამართლებრივი მექანიზმის ამოქმედება, რათა მხარეთა უფლებრივი წონასწორობის შენარჩუნებით, მიღწეულ იქნეს გადაწყვეტილების აღსრულება გონივრულ დროში და რეალური, შესრულებადი წესის განსაზღვრით, რაც შესაძლებლობას მისცემს კრედიტორს, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა, მოვალეს კი - შეასრულოს ვალდებულება. მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია აღნიშნოს, რომ გადაწყვეტილების გამომტანმა სასამართლომ, სსსკ-ის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებისას, ასევე უნდა იმსჯელოს, გადავადებული ან განაწილვადებული აღსრულების, ასევე, აღსრულების საშუალებისა და წესის სხვაგვარად დადგენის პირობებში, ე.წ. „შეცვლილი წესით“, მოვალის მიერ გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, როგორ უნდა მოხდეს კრედიტორის ინტერესების დაკმაყოფილება.
19. ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოვალის განცხადებაზე მსჯელობისას, მიზანშეწონილი იქნება, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინოს, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების იმ ნაწილის აღსრულების განაწილვადების და წესის შეცვლის შემთხვევაში, რა გავლენას მოახდენს მიღებული განჩინება გადაწყვეტილების საბოლოოდ აღსრულებაზე, საქალაქო სასამართლოს მიერ, 2013 წლის 18 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომელიც უცვლელად დატოვა ზემდგომმა სასამართლომ 2014 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით. მოვალე უფლებამოსილია, მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, ამავე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების (უცვლელად დატოვებულ ნაწილში) აღსრულების განაწილვადებისა და აღსრულების წესის განსაზღვრის მოთხოვნით.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მხოლოდ იმ ნაწილზე იმსჯელოს, რომელზეც თავად მიიღო გადაწყვეტილება და იმ ნაწილში დაადგინოს გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადება და განსაზღვროს აღსრულების წესი, რომელშიც შეცვალა ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილება. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების გადადების ან განაწილვადების, აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლის მიზანი, უნდა შეფასდეს იმ რეალური ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, რაც განსახილველ ვითარებაში არსებობს.
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, სასამართლოს მიერ მიღებული აღსრულების გადავადების, განაწილვადების, აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლის განჩინება, აღსასრულებელი გადაწყვეტილების განუყოფელი ნაწილია. წინამდებარე განჩინების 15-18 პუნქტებში განვითარებული მსჯელობა და დასკვნები, ემსახურება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას, კრედიტორისა და მოვალის ინტერესების დაცვას, სამართალწარმოების ეფექტიანობასა და საპროცესო ეკონომიურობის პრინციპის განხორციელებას.
22. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნაწილობრივ გასაზიარებელია კერძოს საჩივრის ავტორის პოზიცია, რის გამოც, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის იმავე შემადგენლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 284-ე, 285-ე, 399-ე, 419-ე, 412-ე, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს ბანკი „რ-ას“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 სექტემბრის განჩინება;
3. მ. ა-ის განცხადება ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის იმავე შემადგენლობას;
4. სს ბანკი „რ-ას“ (ს/კ …) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე, მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი (საკრედიტო საგადახდო დავალება N 2233799, გადახდის თარიღი 2015 წლის 20 ოქტომბერი);
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე