საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-76-73-2016 4 თებერვალი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ლ. მ-ე, ნ. მ-ე, ჟ. ვ-ე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ფ- ი’’ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააღსრულებლო ფურცლის მოქმედების შეჩერება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ფ- ის’’ სარჩელი მოპასუხეების ლ. მ-ისა და ნ. მ-ის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ფ- მა’’, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,ფ- ის’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ლ. მ-ემ და ნ. მ-ემ და მოითხოვეს მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 3 ივლისის განჩინებით ლ. მ-ისა და ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2015 წლის 2 დეკემბერს განცხადებით მიმართა ლ. მ-ის, ნ. მ-ისა და ჟ. ვ-ის წარმომადგენელმა ი-მა და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებლო ფურცლის მოქმედების შეჩერება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 დეკემბრის განჩინებით ლ. მ-ის, ნ. მ-ისა და ჟ. ვ-ის 2015 წლის 2 დეკემბრის განცხადება არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ლ. მ-ის, ნ. მ-ისა და ჟ. ვ-ის წარმომადგენელმა, მოითხოვა მისი გაუქმება და განცხადებაში აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. მ-ის, ნ. მ-ისა და ჟ. ვ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კერძო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 დეკემბრის განჩინების ასლი 2015 წლის 31 დეკემბერს ჩაჰბარდა კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენელ ი-ს, რაც დასტურდება ამ უკანასკნელის ხელმოწერით უკუგზავნილზე (ტ. 4, ს.ფ. 32). შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანის 12 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 1 იანვრიდან და ამოიწურა ამავე წლის 12 იანვარს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კერძო საჩივარი შეტანილია 2016 წლის 18 იანვარს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით (იხ. საფოსტო კონვერტი, ტ.4, ს.ფ. 35).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორებმა დაკარგეს საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინეს კერძო საჩივარი, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 401-ე, 416-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. მ-ის, ნ. მ-ისა და ჟ. ვ-ის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 დეკემბრის განჩინებაზე, განუხილველად იქნეს დატოვებული;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი