Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე№ას-1206-1133-2015 19 თებერვალი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ნ. მ-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს "ს-ი" (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – თანხის დაკისრება, დაგირავებული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს "ს-ის" სარჩელი ნ. მ-ასა და მ. გ-ას მიმართ თანხის დაკისრებისა და დაგირავებული ქონების რეალიზაციის თაობაზე დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ნ. მ-ამ, მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 ნოემბრის განჩინებით ნ. მ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-ამ, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმისწარმოების განახლება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით ნ. მ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-ამ. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის დაბრუნებას ხელახლა განსახილველად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 დეკემბრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 20 (ოცი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 1 479.77 (ათას ოთხას სამოცდაცხრამეტი აშშ დოლარის და სამოცდაჩვიდმეტი ცენტის) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება 2015 წლის 22 დეკემბერს ჩაჰბარდა ნ. მ–ას მეუღლეს, ბ. მ-ას.

კასატორმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა 2016 წლის 20 იანვარს და წარმოადგინა 100 (ასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ-ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 დეკემბრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 1 479.77 (ათას ოთხას სამოცდაცხრამეტი აშშ დოლარის და სამოცდაჩვიდმეტი ცენტის) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2015 წლის 22 დეკემბერს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ჩაბარდა ნ. მ-ას მეუღლეს, ბ. მ-ას (პ/ნ ...), რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ითვლება სასამართლო შეტყობინების კასატორისათვის ჩაბარებად.

დადგენილია, რომ კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 20-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 23 დეკემბერს და ამოიწურა 2016 წლის 11 იანვარს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2016 წლის 11 იანვრის ჩათვლით. შესაბამისად, საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი უნდა შევსებულიყო 2016 წლის 11 იანვრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორმა განცხადება ბაჟის ქვითართან ერთად ფოსტას ჩააბარა 2016 წლის 20 იანვარს (იხ. საფოსტო კონვერტი) ანუ სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის დარღვევით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.

2016 წლის 20 იანვარს, ფოსტის მეშვეობით, ნ. მ-ამ უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარი, გადახდილია 2016 წლის 20 იანვარს, მაშინ როცა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა უკვე გასული იყო, ამასთან სახელმწიფო ბაჟი გადახდილია არასრულად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. მ-ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო. ამასთან, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. მ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. ნ. მ-ას (პ/ნ ...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი (გადახდის ქვითარი 9110804, გადახდის თარიღი 2016 წლის 20 იანვარი);

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი