Facebook Twitter

№ას-104-100-2016 10 მარტი, 2016წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „პ-ა“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ. მ-ი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 დეკემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს გადახდა, ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს „პ-ამ“ შპს „თ. მ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისთვის:

1.2 შპს „პ-ა-ს” სასარგებლოდ 62 400.60 ლარის დაკისრება.

1.3 პირგასამტეხლოს სახით – 300 000 ლარისა და

1.4 2013 წლის 20 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1 500 ლარის გადახდის დავალება.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა:

2.1 შპს „პ-ასათვის” შპს „თ. მ-ის” სასარგებლოდ 33 112.36 ლარის დაკისრება.

2.2 შპს „პ-ასათვის” შპს „თ. მ-ის” სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 33987.36 ლარისა და 2012 წლის 23 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1 500 ლარის გადახდის დავალება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით:

3.1 შპს „პ-ას" სარჩელი შპს „თ. მ-ის" მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

3.2 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე, შპს „თ. მ-ის" წარმომადგენელმა თ. ხ-მა სარჩელი ცნო ძირითადი დავალიანების – 62 400.60 ლარის ნაწილში და შპს „თ. მ-ს" შპს „პ-ას" სასარგებლოდ დაეკისრა 62 400.60 თეთრის გადახდა;

– შპს „თ. მ-ს" შპს „პ-ას" სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 300 000 ლარის გადახდა.

– შპს „თ. მ-ს" შპს „პ-ას" სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 2013 წლის 20 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1 500 ლარის გადახდა;

– შპს „პ-ას" მოთხოვნა იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

3.3 შპს „თ. მ-ის" შეგებებული სარჩელი შპს „პ-ას" მიმართ დაკმაყოფილდა.

– შპს „პ-ას" შპს „თ. მ-ის" სასარგებლოდ დაეკისრა 33 112 ლარისა და 28 თეთრის გადახდა;

– შპს „პ-ას" შპს „თ. მ-ის" სასარგებლოდ დაეკისრა, პირგასამტეხლოს სახით 33 987.36 ლარის გადახდა.

– შპს „პ-ას" შპს „თ. მ-ის" სასარგებლოდ დაეკისრა, პირგასამტეხლოს სახით 2012 წლის 23 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად 1 500 ლარის გადახდა;

3.3 საბოლოოდ, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის საფუძველზე, შპს „თ. მ-ს“ შპს „პ-ას“ სასარგებლოდ დაეკისრა 2012 წლის 20 მარტის ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მხოლოდ ძირითადი დავალიანების – 29 288.22 ლარის გადახდა.

4. ზემომითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „პ-ამ“, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ურთიერთმოხოვნათა გაქვითვის ნაწილში იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე (2 500 ლარი) უარის თქმის ნაწილში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით:

5.1 შპს „პ-ას“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

5.2. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება;

5.3 შპს „თ. მ-ს“ შპს „პ-ას“ სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 1171.53 ლარის ოდენობით.

5.4 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „პ-ამ“, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

7. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „პ-ას“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

9. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 თებერვლის განჩინებით კასატორს – შპს „პ-ას“ დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის – 8 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, აგრეთვე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების დაცვით შედგენილი საკასაციო საჩივარი. ამავდროულად, განჩინებით კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

10. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული განჩინება 2016 წლის 17 თებერვალს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კასატორის წარმომადგენელ ნ. კ-ას (წარმომადგენლობა წესრიგშია, იხ. ტომი 1, ს.ფ. 54), რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მიიჩნევა სასამართლო შეტყობინების კასატორისათვის ჩაბარებად.

11. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 7-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 18 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 24 თებერვალს, რომელიც იყო სამუშაო დღე – ოთხშაბათი. შესაბამისად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2016 წლის 24 თებერვლის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

13. კანონის ზემომითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

14. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „პ-ას“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე პაატა ქათამაძე