საქმე №ას-49-48-2016 12 თებერვალი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ-ები“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ (შემდგომში _ მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჯ-ების“ (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ 2 645,34 ლარის დაკისრების მოთხოვნით. სარჩელის თანახმად, ადმინისტრაციაში ჩატარებული 2011-2013 წლების ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის დასკვნით 2004 წლიდან მოპასუხეს ერიცხება დავალიანება მოსარჩელის მიმართ. ამ გარემოების თაობაზე წერილობით ეცნობა მოპასუხეს, თუმცა, იგი უარს აცხადებს ვალდებულების შესრულებაზე.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დავალიანების არსებობა არ დასტურდება, ამასთან, მოთხოვნა საფუძვლიანიც რომ იყოს, იგი ხანდაზმულია.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
5.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
5.1.1. სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში მოსარჩელე უთითებდა, რომ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარდა 2011-2012-2013 წლების ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი და გამოვლინდა, რომ მის ბალანსზე ბოლო წლების განმავლობაში უცვლელად ირიცხებოდა 2004 წელს წარმოქმნილი მოპასუხის დებიტორული დავალიანება 2 645.34 ლარი. ამ ფაქტის დასადასტურებლად მოსარჩელემ წარადგინა ინფორმაცია ორგანიზაციის ანგარიშებზე რიცხული დებიტორულ დავალიანებათა შესახებ.
5.1.2. პალატის განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 317-ე მუხლების პირველი ნაწილები მხარეებს ანიჭებთ ნების თავისუფალი გამოვლენის უფლებამოსილებას, რაც იმაში მდგომარეობს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობათა წარმოშობა მათსავე ნებაზეა დამოკიდებული და ამ ურთიერთობის შინაარსი განსაზღვრავს გარიგების მიზანს ანუ, იმ სამართლებრივ შედეგს, რომლის მიღწევაც სურთ ნების გამომვლენ მხარეებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს, სასამართლო კი, ამ მტკიცებულებებს აფასებს ამავე კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით.
5.1.3. მოსარჩელის მიერ არ იყო წარმოდგენილი მოპასუხესთან გაფორმებული ხელშეკრულება. მისი მტკიცება, შპს „ჯ-ებთან“ სახელშეკრულებო ურთიერთობისა და 2004 წლის დავალიანების არსებობის შესახებ, შემოიფარგლა მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით. სიტყვიერი განმარტებანი კი, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, სადავო გარემოებაზე სათანადო მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული. შესაბამისად, პალატამ ჩათვალა, რომ მხარეები 2004 წელს სახელშეკრულებო ურთიერთობაში არ იმყოფებოდნენ, ამასთან, არც სხვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა, რომლის ძალითაც მოპასუხე ვალდებული იქნებოდა, გადაეხადა თანხა.
5.1.4. გაზიარებულ იქნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. პალატის განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაში პირს, ვისი უფლებაც დაირღვა, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლით იფარება (ისპობა) სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა და ვალდებული პირი უფლებამოსილია, უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ხანდაზმულობის ვადის არსებობა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს აიძულებთ, დროულად მიმართონ თავიანთი დარღვეული უფლებების აღსადგენ საშუალებებს. ამავე კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. 129-ე მუხლის თანახმად კი, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა განსაზღვრულია სამი წლით. სასამართლოს განმარტებით, ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. ამასთან, ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორციელებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ. თუ ვალდებულება გულისხმობდა გარკვეული მოქმედების შესრულებას გარკვეულ დროს, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება სწორედ ამ დროიდან, რადგანაც კრედიტორი სწორედ ამ დროს იგებს თავისი უფლების დარღვევის შესახებ.
5.1.5. მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ დებიტორული დავალიანება მოპასუხეს წარმოეშვა 2004 წელს, შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნის არსებობის შესახებ, მოსარჩელისათვის იმთავითვე ცნობილი უნდა ყოფილიყო, თუმცა, როგორც ირკვევა, მოსარჩელემ დებიტორული დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს სარჩელით მიმართა 2015 წლის 27 მაისს, კანონით განსაზღვრული სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით მოსარჩელეს არ წარუდგენია სამოქალაქო კოდექსის 138-ე-140-ე მუხლებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამდენად, პალატის დასკვნით, მოსარჩელის მოთხოვნა დავალიანების ანაზღაურების თაობაზე ხანდაზმული იყო.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
6.1. საკასაციო საჩივრის საფუძლები:
6.1.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ადმინისტრაციაში ჩაატარა 2011-2013 წლების ფინანსური და და შესაბამისობის აუდიტი და წარადგინა შესაბამისი ანგარიში, რომლის თანახმადაც, მოსარჩელის ბალანსზე ბოლო წლების განმავლობაში უცვლელად ირიცხება 2004 წელს წარმოქმნილი მოპასუხის დავალიანება. მიუხედავად წერილობითი მოთხოვნისა, მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა.
6.1.2. სააპელაციო პალატამ გაიზიარა რა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, არ გაითვალისწინა ის, რომ დავალიანების არსებობა მოსარჩელის მიერ გამოვლინდა მხოლოდ 2014 წელს, აუდიტორული დასკვნის საფუძველზე. გასათვალისწინებელია, რომ სარჩელს ერთვის დავალიანების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად ეფუძნება იმ დასკვნებს, რომ ვალდებულების არსებობის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება ვერ იქნა წარმოდგენილი მოსარჩელის მიერ, ის მოპასუხესთან სახელშეკრულებო ურთიერობის არსებობას მხოლოდ საკუთარი განმარტებით ასაბუთებს, რასაც არ ეთანხმება მოპასუხე, ამასთანავე, სარჩელი ხანდაზმული იყო, რადგანაც, მოსარჩელის მტკიცებით, დავალიანება 2004 წელს წარმოიშვა, ხოლო სარჩელი სასამართლოში 2015 წლის 27 მაისს იქნა წარდგენილი, მოსარჩელეს არ წარუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც, სამოქალაქო კოდექსის 138-ე-140-ე მუხლების შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას დაადასტურებდნენ.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულების არსებობის მტკიცების ტვირთი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკისრება მხარეს, რომელიც მოთხოვნის საფუძვლად ვალდებულების არსებობას უთითებს. კასატორი აღნიშნავს, რომ სარჩელს ერთვის ადმინისტრაციის ბალანსის ამონაწერი, რომელიც დავალიანების არსებობის ფაქტს ადასტურებს, თუმცა მას არ მიუთითებია იმგვარ მტკიცებულებაზე, რომლითაც მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა დადგინდებოდა. გარდა აღნიშნულისა, პალატა განმარტავს შემდეგს: სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შემოღებით კანონმდებელმა განსაზღვრა სამოქალაქო უფლების დაცვის გარკვეული ვადებით შეზღუდვის აუცილებლობა, რომელიც მყარ სამოქალაქო ბრუნვაზეა ორიენტირებული და მოთხოვნის ხანდაზმულობის ამა თუ იმ ვადის გასვლით მხარე კარგავს იმ სამართლებრივ ბერკეტებს, რომელთა საშუალებითაც მას შესაძლებლობა ჰქონდა, მოეხდინა მისი მოთხოვნის იძულებით აღსრულება. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის აღწერილობითი ნაწილის მითითება - როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო, არ შეიძლება გაგებულ იქნა იმგვარად, რომ გარემოების შეტყობა რაიმე განსაკუთრებულ ფაქტს ან მოვლენას უნდა უკავშირდებოდეს, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი, პრაქტიკულად, ერთმანეთის თანმხვედრია და ორიენტირებულია კრედიტორის ობიექტურ აღქმაზე ვალდებულების დარღვევის მიმართ. ამასთანავე, სუბიექტურ ფაქტორზე - უნდა შეეტყო, მხოლოდ მაშინ შეიძლება დაყრდნობა, თუ სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია ობიექტური ფაქტორის განსაზღვრა. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, რაც, მოცემულ შემთხვევაში, უდავოდაა დადგენილი, რომ მხარეს არ დაუცავს, რაც შეეხება კასატორის მტკიცებას, რომ დავალიანების არსებობის შესახებ მისთვის აუდიტორული დასკვნის საფუძველზე გახდა ცნობილი, იგი ვერ იქნება გაზიარებული პალატის მიერ, რადგანაც თავად მოსარჩელე მოთხოვნას სახელშეკრულებო ვალდებულებას უკავშირებს, ხოლო ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლების დარღვევის შესახებ მხარისათვის ცნობილია იმ მომენტიდან, რა მომენტიდანაც დაირღვევა ვალდებულება (სასამართლო პრაქტიკის თვალსაზრისით იხ: სუსგ №ას-547-515-2012, 11 ივნისი, 2012 წელი).
1.5. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური