საქმე №ას-40-40-2016 12 თებერვალი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „ს-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
შპს „გ-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს-ის“ (უფლებამონაცვლე სს „ს-ი, შემდგომში _ მოპასუხე, კასატორი) მიმართ 7 000 ლარის დაკისრების მოთხოვნით. სარჩელის თანახმად, მოსარჩელემ სამედიცინო მომსახურება გაუწია მოპასუხე საზოგადოებაში დაზღვეულ ორ პირს, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობა მზღვეველს. მოპასუხის მიერ შეჩერდა მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება მზღვეველთა ბრალეულობის დადგენამდე, თუმცა ის დღემდე არ ანაზღაურებს გაწეული მომსახურების ღირებულებას.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის #218 დადგენილების 3.2. მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სადაზღვევო ვაუჩერით ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა შემთხვევა, თუ სამედიცინო საჭიროება დადგა ტერორისტულ ან კრიმინალურ აქტში მონაწილეობით. მზღვეველთა მიმართ კვლავ მიმდინარეობდა გამოძიება და მოსარჩელესთან შეთანხმებით ანაზღაურება შეჩერდა ამ პირთა ბრალეულობის დადგენამდე.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 7 000 ლარის გადახდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
5.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
5.1.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. კ-ე და მ. ყ-ი დაზღვეული იყვნენ შპს „ს-ში“ და სარგებლობდნენ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჯანმრთელობის დაზღვევით.
5.1.2. შპს „გ-ში“ 2013 წლის 14 მარტს მოთავსდა გ. კ-ე დიაგნოზით: ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მარცხენა ბარძაყის არეში, ბარძაყის არტერიის და ვენის დაზიანებით, ჰიპოვოლემიური შოკი. ჩატარებულმა სამკურნალო პროცედურების ხარჯმა შეადგინა 4 500 ლარი.
5.1.3. შპს „გ-ში“ 2013 წლის 8 აპრილს მოთავსდა მ. ყ-ი დიაგნოზით: ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მარცხენა დუნდულოს არეში დუნდულოს ქვემო არტერიის, საჯდომი ნერვის ეპინევრიუმისა და დუნდულოს კუნთების დაზიანებით. სამედიცინო მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 2 500 ლარი.
5.1.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქარელის რაიონულ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე №... მ. ყ-ის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე. აღნიშნულ საქმეზე ჩატარებულ იქნა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, სისხლის სამართლის საქმე არსებული მდგომარეობით გაუხსნელია და მიმდინარეობს გამოძიება. მ. ყ-ის მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადგენილი არ არის. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაშურის რაიონული სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე №... გ. კ-ის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე. ამ დრომდე დადგენილი არ არის, როგორც გ. კ-ისათვის ჯანმრთელობის დაზიანების მიმყენებლის ვინაობა, ასევე, თავად გ. კ-ის ბრალეულობა მომხდარი ჩხუბის დროს. საქმე გაუხსნელია და მიმდინარეობს გამოძიება.
5.1.5. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გ. კ-ისა და მ. ყ-ის მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება შეჩერდა საპატრულო პოლიციიდან ბრალეულობის ცნობის წარმოდგენამდე.
5.1.6. პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 799-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტზე და არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ ამ ეტაპზე დაუდგენელი იყო, ექვემდებარებოდა თუ არა კონკრეტული შემთხვევით გამოწვეული ზიანი საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილების პირობების შესაბამისად ანაზღაურებას. სასამართლოს განმარტებით, დაზღვევის ხელშეკრულების პირობების რეგულაცია ხდება საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამედიცინო დაზღვევის პირობების შესაბამისად სადაზღვევო ვაუჩერით არ ანაზღაურდება სამედიცინო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯები თუ სამედიცინო მომსახურების საჭიროება დადგა ტერორისტულ ან კრიმინალურ აქტებში მონაწილეობის, ან არალეგალურად მოხმარებული ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად. გაზიარებულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილების მე-3 მუხლის მეორე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შინაარსი არ შეიძლებოდა გაგებული ყოფილიყო ზოგადად და არ უნდა გამოყენებულიყო ისეთ შეთხვევებზე, როდესაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება ხდება კრიმინალური აქტის შედეგად, არამედ დადგენილება გულისხმობდა შემთხვევას, როდესაც პირი თავად ჩაიდენდა დანაშაულს, ასეთ ფაქტს, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკისრა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაზღვეული პირების მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
6.1. საკასაციო საჩივრის საფუძლები:
6.1.1. გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლომ იმსჯელა ცალმხრივად და კანონი განმარტა მხოლოდ მოწმიააღმდეგე მხარის სასარგებლოდ, იმგვარად, რომ არ გაუთვალისწინებია მხარეთა შორის ურთიერთობის მარეგულირებელი სპეციალური ნორმების _ საქართველოს მთავრობის 177-ე დადგენილების შესაბამისი დათქმა, რომელიც ანგარიშსწორების წესებს განსაზღვრავს.
6.1.2. კასატორმა მიუთითა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის #177 დადგენილების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის დისპოზიციაზე, პირველი თავის მე-2 მუხლის „უ“ ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ გაწეული მომსახურების ანგარიშსწორების საფუძველს „ურთიერთშედარების აქტი“ წარმოადგენს, რომელიც ზუსტად ადგენს მზღვეველის მიერ სამედიცინო მომსახურებისათვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას, ასევე, ამ თანხის ანაზღაურების ვადებს. განსახილველ შემთხვევასთან დაკავშირებით, კასატორი, როგორც მზღვეველი, საგამოძიებო დოკუმენტაციის წარდგენამდე არ იღებდა პასუხისმგებლობას გასაწევი მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე, კასატორთან არ არის წარმოდგენილი სადავო შემთხვევის სადაზღვევო შემთხვევად აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტები, შესაბამისად, დაუდგენელია, კონკრეტული შემთხვევით გამოწვეული ზიანი ექვემდებარება თუ არა ანაზღაურებას საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის 218-ე დადგენილების შესაბამისად. ამ გარემოების თაობაზე არაერთხელ განაცხადა კასატორმა, უფრო მეტიც, ურთიერთშედარების აქტეზე ხელის მოწერით მოსარჩელე დაეთანხმა ამ ორი პაციენტის მომსახურების ხარჯის ანაზღაურების შეჩერებას გამოძიების მიერ დოკუმენტების წარდგენამდე, მიუხედავად აღნიშნულისა, მოსარჩელემ გაურკვეველი საფუძვლით ჩათვალა, რომ არსებობდა დავის საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად ეფუძნება იმ დასკვნებს, რომ, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გამო, მოპასუხეს სამედიცინო მომსახურების გამწევის მიმართ წარმოეშვა ვალდებულება, ამასთანავე, რადგანაც ამ ვალდებულების შესრულების შემაფერხებელი ნორმით გათვალისწინებული წინაპირობები არ დასტურდებოდა, სასამართლომ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების მზღვეველისათვის დაკისრების შესახებ სარჩელი საფუძვლიანად მიიჩნია.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პრეტენზიებთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ არ ხდის, როგორც დაზარალებულ პირთა დაზღვევის, ისე, მოსარჩელის მიერ სამედიცინო მომსახურების გაწევისა და ამ მომსახურების ღირებულების შესახებ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომ სასამართლოთა შეფასებას საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის #-77 დადგენილების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის, ასევე, 2009 წლის 9 დეკემბრის #218 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თაობაზე და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის ავტორმა ვერ მიუთითა იმგვარ გარემოებებზე, რომლებიც შეაფერხებდა/გამორიცხავდა სასარჩელო მოთხოვნის საფძველიანობას.
1.5. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 06.01.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 350 ლარის 70% _ 245 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ სს „ს-ს“ (ს/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 06.01.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 350 ლარის 70% _ 245 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური