საქმე №ას-1262-1184-2015 12 თებერვალი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ს-ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ბ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება კასატორის სასარგებლოდ
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ნ. ბ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, კასატორი) მიმართ სახელფასო დავალიანების _ 1 620 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მას არავითარი დავალიანება არ გააჩნია. მოსარჩელე გათავისუფლდა კანონით დადგენილი წესის სრული დაცვით და 2012 წლის 1 დეკემბერს განხორციელდა საბოლოო ანგარიშსწორება, ამავე წელს აუნაზღაურდა მას 2011 წლის სახელფასო დავალიანებაც და მოპასუხეს არავითარი ვალდებულება არ ერიცხება.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ასპინძის მაგისტრატი სასამართლოს 2015 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 1 602 ლარის ანაზღაურება.
4. აპელანტის მოთხოვნა:
მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მისი გაუქმება მოითხოვა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
5.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
5.1.1. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1994 წლიდან 2011 წლის ოქტომბრამდე მოსარჩელე მუშაობდა სს „ს-აში“.
5.1.2. მოსარჩელე მოითხოვდა სახელფასო დავალიანებას, კერძოდ: 2000 წლისთვის - 107,77 ლარს, 2002 წლისათვის - 257,77 ლარს, 2003 წლისათვის - 262,27 ლარს, 2004 წლისათვის - 305,17 ლარს, 2006 წლისათვის - 669,60 ლარს, სულ 2000-2006 წლის დავალიანება შეადგენდა 1602,38 ლარს. საქმის მასალების თანახმად, სადავო პერიოდში მოსარჩელე მუშაობდა სს „ს-აში“ ასპინძის ფილიალში ბუღალტრის, მთავარი ბუღალტრისა და ოპერატორის თანამდებობებზე.
5.1.3. მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნია სახელფასო 1 602.38 ლარის დავალიანება. სს „ს-ის“ ასპინძის ფილიალის თანამშრომლების მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ცნობის თანახმად, მოპასუხე ორგანიზაციის მიერ მოსარჩელე ნ. ბ-ის მიმართ გასაცემი (ხელზე ასაღები) ხელფასის ოდენობა, 2010 წლის მდგომარეობით, 1 943.30 ლარს შეადგენდა. მოპასუხის განმარტებით, 2012 წელს ნ. ბ-ისათვის გადახდილ იქნა 2011 წლის სახელფასო დავალიანება _ 225.15 ლარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილისა და 102-ე მუხლის თანახმად, პალატამ აღნიშნა, რომ იმ ვითარებაში, როდესაც სადავო პერიოდში მოსარჩელე მუშაობდა მოპასუხე ორგანიზაციაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების სტანდარტის შესაბამისად, შესაგებელში მითითებული (სახელფასო დავალიანების არარსებობის შესახებ) გარემოების მტკიცების ტვირთი მოპასუხე ორგანიზაციას აკისრია. ფულადი ვალდებულების სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი შესრულება უნდა დასტურდებოდეს ისეთი მტკიცებულებებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს თანხის გადახდის ფაქტზე. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ, ვერ უზრუნველყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და იმ გარემოების დადასტურება, რომ შესრულებული სამუშაოს შესაბამისი ანაზღაურება მიღებული აქვს მოსარჩელეს. მოსარჩელე იმყოფებოდა სახელშეკრულებო ურთიერთობაში მოპასუხესთან და მას არ მიუღია შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება _ 1 602.38 ლარი.
5.1.4. არ იქნა გაზიარებული აპელანტის პოზიცია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. ამ თვალსაზრისით სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. ამავე კოდექსის 130-ე მუხლი განსაზღვრავს ხანდაზმულობის ვადის ათვლის წერტილს, ამ ვადის გასვლა კი არ აქარწყლებს მოთხოვნას, არამედ მას განუხორციელებლად აქცევს. ამ გარემოების გათვალისწინებით, სასამართლოს ხანდაზმულობის საკითხის გამოკვლევა შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას სადავოდ ხდის მხარე. სასარჩელო ხანდაზმულობის შესახებ კანონმდებლობა ადგენს საშუალებას და არა უფლებას, ამასთან ხანდაზმულობას არ აქვს ეფექტი, მხარის მითითების გარეშე. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ხანდაზმულობა განიხილება, როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოება. მხარე კი, საპროცესო კანონმდებლობით შეზღუდულია, მიუთითოს ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების შესახებ ზემდგომ ინსტანციებში, ამდენად, მიჩნეულია, რომ ხანდაზმულობის საკითხის დაყენება შესაძლებელია მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში. მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ მითითება პირველად სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციაში ისევე დაუშვებელია, როგორც ახალ ფაქტებსა და გარემოებებზე მითითება. პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლისა და 215-ე მუხლის მე-2 ნაწილის დისპოზიციაზე, რომელთა შინაარსი მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დაწყების შემდეგ, ე.ი მთავარ სხდომაზე დაუშვებელია ისეთი შუამდგომლობებისა თუ განცხადებების აღძვრა, რომლებიც არ ყოფილა დაყენებული მოსამზადებელ სტადიაზე არასაპატიო მიზეზით. განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ შესაგებელი მოპასუხეს არ წარუდგენია პირველი ინსტანციის სასამართლოში. აღნიშნული გარემოების მოცემულ ეტაპზე შეფასება ხორციელდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის ნორმათა დაცვით. აპელანტმა ვერ დაასაბუთა პირველი ინსტანციის სასამართლოში ახალ გარემოებაზე მიუთითებლობის საპატიო მიზეზი. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელზედაც დამყარებულია გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და მათი სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასების სისწორე (სსსკ-ის 377.1 მუხლი), ამდენად, პალატამ აღნშნა, რომ ვერ იმსჯელებდა ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებზეც პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელეს არ მიუთითებია.
5.1.5. დადგენილი გარემოებების შეფასების მიზნით სასამართლომ იხელმძღვანელა „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით, ამავე პაქტის მე-7 მუხლით, „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-4 მუხლით, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტით, შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, 34-ე მუხლით და უსაფუძვლოდ მიიჩნია სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები, ამასთან, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა სარჩელი.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება კასატორის სასარგებლოდ.
6.1. საკასაციო საჩივრის საფუძლები:
6.1.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად დაუსაუთებელია, რადგანაც იგი ემყარება სამართლის ზოგად პრინციპებს და არა სამოქალაქო კოდექსის სპეციალურ ნორმებს.
6.1.2. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა აპელანტის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მიღებული განჩინება ემყარება მხოლოდ მცდარ ვარაუდს, ამასთანავე, სასამართლომ არ გაითვალისწინა კერძო საწარმოს კანონიერი ინტერესი თავისუფალი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების თაობაზე. მნიშვნელოვანია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, კოლიზიაში მოდის ადამიანის შრომის კონსტიტუციური უფლება და დამსაქმებლის ინტერესი, განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა კვალიფიციური კადრების დახმარებით.
6.1.3. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომლებიც მოსარჩელის მიერაა ხელმოწერილი, ამასთან, არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ მოპასუხე ორგანიზაციაში არ ამოიპოვება დავალიანების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
6.1.4. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იყო ხანდაზმული, სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის საპირისპიროდ, სარჩელი სასამართლოში პირის გათავისუფლებიდან 3 წლისა და 1 თვის შემდეგაა აღძრული. ამავე კოდექსის 144-ე მუხლის პირველი თანახმად, მოპასუხეს შეუძლია ხანდაზმულობაზე მითითებით, უარი განაცხადოს წარდგენილ მოთხოვნაზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ხანგრძლივი დროის გასვლის შემდგომ გართულებული და რიგ შემთხვევაში, შეუძლებელია მტკიცებულებების მოპოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად ეფუძნება იმ დასკვნებს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნდა სახელფასო დავალიანება, რომლის ანაზღაურების დამადასტურებელი მტკიცებულებებიც მის მიერ ვერ იქნა წარდგენილი, ამასთანავე, ვინაიდან საქმის მომზადების ეტაპზე მოპასუხეს არ განუცხადებია სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ, ამ ფაქტის, როგორც ახალი ფაქტობრივი გარემოების გაზიარების წინაპირობები არ არსებობდა. პალატის დასკვნით, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა ხანდაზმული იყო, შედავების არარსებობის პირობებში არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პრეტენზიებთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ, როგორც საპროცესო (სსკ-ის 102-ე მუხლი), ისე მატერიალური სამართლის ნორმის თანახმად (სკ-ის 429-ე მუხლი), შესრულების გზით ვალდებულების შეწყვეტის მტკიცების ტვირთი მოვალეს ეკისრება, რომელიც მან სათანადო მტკიცებულებით უნდა დაადასტუროს. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი პრეტენზიას გამოთქვამს სასამართლოს მხრიდან მოსარჩელის მიერ ხელმოწერილი მტკიცებულებების გაზიარებისა და მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების არასწორი შეფასების თაობაზე, თუმცა მას არ მიუთითებია, თუ რომელი დოკუმენტით დასტურდებოდა დამსაქმებლის მიერ ხელფასის ანაზღაურება, გადრა აღნიშნულისა, საქმის მასალებით დადგენილია შრომის კოდექსის 34-ე მუხლის შემადგენლობა, რაც სარჩელის საფუძვლიანობაზე მიუთითებს და გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების თვალსაზრისით გამორიცხავს კასატორის მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობას. პალატა შეახსენებს კასატორს იმასაც, რომ დავის საგანი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაა და ამ მიზეზით გაურკვეველია მისი პრეტენზია, რომელიც შრომის კონსტიტუციური უფლებისა და დამსაქმებლის მხრიდან კვალიფიციური კადრების დახმარებით მეწარმეობის განხორციელებას შეეხება.
1.5. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოპასუხეს საქმის მომზადების ეტაპზე სარჩელისაგან თავდაცვისათვის ხანდაზმულობის ინსტიტუტზე არ მიუთითებია. ამ კუთხით საკასაციო საჩივარი არავითარ პრეტენზიას არ შეიცავს. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი სასამართლოს მითითებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე, 219-ე მუხლებზე, 215-ე მუხლის მე-3 ნაწილსა და 380-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სავსებით მართებულად არ მიიღო მოპასუხის მიერ მითითებული ახალი ფაქტი, რომლის მითითებაც მას საქმის მომზადების ეტაპზე თავისუფლად შეეძლო. ამ ვითარებაში, სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის დათქმა მოვალის უფლებადმცავ დანაწესად ვეღარ იქნება გამოყენებული, ხოლო სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლა არ აქარწყლებს მოთხოვნას, გამომდინარეობს ხანდაზმულობის ინსტიტუტის მარეგულირებელი ნორმების სწორი განმარტებიდან.
1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 11.01.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „ს-ას“ (ს/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 11.01.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური