საქმე №ას-24-24-2016 5 თებერვალი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – თ. მ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. მ-ი (შეგებებული სარჩელის ავტორი)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების, ასევე მტკიცებულებების მიღებაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – ძირითად სარჩელში _ თანხის დაკისრება, შეგებებულ სარჩელში _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის/შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა:
1.1. თ. მ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. მ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი) მიმართ ქობულეთის რაიონის დაბა ჩაქვში, ჯ-ის ქ#...-ში (3ა) მდებარე უძრავი ქონების განვითარებისა და კარ-მიდამოს მოწყობისათვის გაწეული ხარჯის _ 30 000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. ვ. მ-მა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს თ. მ-ის მიმართ, ქობულეთის რაიონის დაბა ჩაქვში, ჯ-ის ქ#...-ში (3ა) მდებარე უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და შეგებებული სარჩელის ავტორისათვის გადაცემის მოთხოვნით.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოთხოვნის განხორციელების შემფერხებელი შესაგებლით მოპასუხემ თავდაპირველი სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო ქონებას მოსარჩელე უკანონოდ ფლობდა, ასევე, უკანონო იყო საჯარო რეესტრში არსებული მონაცემი, რაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურდა, რაც შეეხება ხარჯს, საქმეში არ არის მტკიცებულება, რაც მის რეალურად გაწევას დაადასტურებდა.
2.2. თავდაპირველმა მოსარჩელემ ასევე არ ცნო შეგებებული სარჩელი და განმარტა, რომ ხის ძველი ფიცრულის ნაცვლად არსებული საცხოვრებელი სახლი მისი აშენებულია. შეგებებული სარჩელის ავტორი 20 წელია საქართველოში არ ყოფილა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, ქობულეთის დაბა ჩაქვში ჯ-ის ქ#...-ში (3ა) მდებარე ვ.მ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა თ.მ-ის უკანონო მფლობელობიდან და გადაეცა შეგებებული სარჩელის ავტორს.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
5.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
5.1.1. პალატამ დადგენილად ცნო, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2012 წლის 27 ივლისის №... ოქმის №... გადაწყვეტილებით თ. მ-ეს საკუთრებაში გადაეცა ქობულეთში, დაბა ჩაქვში, ჯ-ის ქ. №...-ში მდებარე უძრავი ქონება (927 კვ.მ მიწის ნაკვეთი. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი №.... საერთო ფართით 61.7 კვ.მ). აღნიშნული ქონება, 2014 წლის 2 მაისამდე საჯარო რეესტრში ირიცხებოდა თ. მ-ის საკუთრების უფლებით.
5.1.2. 2014 წლის 7 მაისიდან, ქობულეთში, დაბა ჩაქვში, ჯ-ის ქ. №... (3ა)-ში მდებარე უძრავი ქონება (1302.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი №..., საერთო ფართი 63.95 კვ.მ) საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო ვ. მ-ის საკუთრების უფლებით. მითითებული უძრავი ქონება საქმის განხილვის დროს იყო თ. მ-ის მფლობელობაში.
5.1.3. მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაუმჯობესებისათვის აპელანტის მიერ 30 000 აშშ დოლარის გაწევის ფაქტი საქმის მასალებით არ დადგენილა, იგი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში არ არის რეგისტრირებული.
5.1.4. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 976-ე, 991-ე მუხლებით და მიუთითა აპელანტის მოსაზრებაზე, რომლის თანახმადაც, მოწინააღმდეგე მხარემ უნდა დაუბრუნოს 30 000 აშშ დოლარი, ვინაიდან მას გადაეცა ამ ოდენობის თანხით გაუმჯობესებული უძრავი ქონება. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება. პალატამ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებზე და არ გაიზიარა აპელანტის მითითება მოპასუხის უძრავ ქონებაზე 30 000 აშშ დოლარის ხარჯის გაწევის თაობაზე.
5.1.5. „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არ იქნა გაზიარებული აპელანტის მითითება იმის შესახებ, რომ მოსარჩელისათვის სასამართლოს უნდა დაენიშნა ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე. პალატის განმარტებით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 ივნისის №424 დადგენილება განსაზღვრავდა პირის გადახდისუუნარობის დადასტურების წესს. აღნიშნული დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: პირი გადახდისუუნაროდ ითვლება და სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება ენიჭება, თუ იგი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე. აპელანტი მითითებულ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებდა, რაც სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებას გამორიცხავდა.
5.1.6. პალატის დასკვნით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ასევე არ არსებობდა გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რადგანაც, სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოიშობა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. რეგისტრირებული უფლება ითვლება ნამდვილად მანამ, სანამ არ დადგინდება მისი უზუსტობა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი იყო, რომ სადავო უძრავი ქონება წარმოადგენდა შეგებებული სარჩელის ავტორის საკუთრებას და ამ ქონებას მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ ფლობდა თავდაპირველი მოსარჩელე. ამდენად, მესაკუთრეს ჰქონდა საკუთარი ნივთის თავისუფალი ფლობისა და სარგებლობის უფლება, მათ შორის უფლება, სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოეთხოვა უკანონო მფლობელობიდან მისი გამოთხოვა. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდებოდა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ყველა წინაპირობა, რაც ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე მიუთითებდა.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თავდაპირველმა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი, ასევე მტკიცებულებების მიღებაზე უარის თქმის შესახებ ადგილზე თათბირით მიღებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
6.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
6.1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მართალია, აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, თუმცა, იგი შეიცავს საკმარის ბერკეტებს, რათა დაცული იყოს სამართლიანი სასამართლოს უფლება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოდგენილი იყო პირით, რომელიც არ არის ადვოკატი. ეს გარემოება ირკვევა თვით სარჩელის შეტანის მომენტით, იგი არ შეიცავს მითითებას მტკიცებულებებზე, რომელიც ამართლებს მოთხოვნას, სარჩელი არ პასუხობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტს, ხოლო სასამართლოს, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის შესაბამისად, არ ჰქონდა უფლება, მიეღო სარჩელი. სარჩელს ერთვოდა მეზობლების ხელმოწერები, ხოლო მხარეს არ უშუამდგომლია მოწმეთა დაკითხვის თაობაზე, რომლებიც ქონების გაუმჯობესებაზე ხარჯების გაწევის ფაქტს დაადასტურებდნენ. სასამართლომ ფოტომასალის მიღებაზე უარი იმ საფუძვლით განაცხადა, რომ სათანადო წესით არ იყო წარდგენილი. ეს გარემოება მოწმობს იმას, რომ მოსარჩელის წარმომადგენელს არ გააჩნდა საკმარისი უნარი, დაეცვა პირის ინტერესები, ხოლო მოსარჩელისათვის უცნობი იყო, რომ შეეძლო ექსპერტიზის ჩატარება, ასევე ის, რომ მტკიცების ტვირთი მას ეკისრებოდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 97-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს უფლება ჰქონდა, არ დაეშვა წარმომადგენლად პირი, რომელიც მოსარჩელის ინტერესებს იცავდა და არ იყო ადვოკატი. ეს ნორმა, მართალია, მიუთითებს სასამართლოს უფლებაზე, თუმცა ორიენტირებულია მხარის უფლებების დაცვაზე. ეს ნორმა მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ მოსარჩელე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 97-ე მუხლი.
6.1.2. სასამართლომ არ დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, რამდენი წელი ფლობდა მოსარჩელე უძრავ ნივთს; როგორ აღმოჩნდა მის მფლობელობაში ქონება; რეალურად განახორციელა თუ არა მოსარჩელემ ძველი, ამორტიზებული სახლის რეკონსტრუქცია; მიაშენა თუ არა ახალი ოთახები; გადახურა თუ არა სახლი; სად იმყოფებოდა მოპასუხე და ჰქონდა თუ არა რაიმე კავშირი უძრავ ქონებასთან და სხვა. ამასთან, კითხვას წარმოშობს სასამართლოს უფლება, დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები იმ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული და არ აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს კვალიფიციური იურიდიული კონსულტაციით.
6.1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 203-ე, 120-ე, 123-ე, 162-ე, 128-ე და 222-ე მუხლების შესაბამისად, საქმის მომზადების მიზნით მოსამართლეს უნდა დაედგინა ადგილზე დათვალიერება, სპეციალისტის მოწვევა, საკუთარი ინიციატივით დაენიშნა ექსპერტიზა, შეკითხვები დაესვა მხარისათვის, რაც, მოცემულ შემთხვევაში, არ განხორციელდა. ამ საპროცესო დარღვევებმა საქმეზე არასწრი გადაწყვეტილების გამოტანა განაპირობა.
6.1.4. სააპელაციო სასამართლოს არ უნდა ეთქვა უარი აპელანტისათვის ახალი მტკიცებულებების მიღებაზე, რადგანაც საპატიო მიზეზი მათი წარუდგენლობისა, სწორედ ზემოხსენებული საპროცესო დარღვეები იყო. კასატორს წაგებული აქვს ადმინისტრაციული დავაც, რომელიც ასევე განპირობებული იყო იმ მიზეზით, რომ მხარეს არ ჰქონდა მატერიალური შესაძლებლობა, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში წარმოდგენილი ყოფილიყო ადვოკატით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად ეფუძნება იმ დასკვნებს, რომ აპელანტმა ვერ დაამტკიცა სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების კანონიერად მოპოვება, ასევე, ნივთის გაუმჯობესებაზე ხარჯების გაწევის ფაქტი, როს გამოც არ დგინდებოდა კონდიქციური სარჩელის (სკ-ის 976-ე მუხლი) დაკმაყოფილების წინაპირობები, ამასთანავე, რადგანაც შეგებებული სარჩელი პასუხობდა ნივთის ვინდიკაციისათვის დადგენილ წინაპირობებს (სკ-ის 172-ე მუხლი), ამ ნაწილში მიღებული გადაწყვეტილება მიჩნეულ იქნა კანონშესაბამისად.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. კასატორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას საპროცესო ნორმების დარღვევის მოტივით ცდილობს და უმთავრესად მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მის წარმომადგენლად არ უნდა დაეშვა პირი, რომელიც არ იყო ადვოკატი, ამასთან, რადგანაც მხარე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონეა და გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს ბიუჯეტის ხარჯზე უნდა დაენიშნა ადვოკატი, გარდა აღნიშნულისა, კასატორი პრეტენზიას გამოთქვამს ხარვეზიანი სარჩელის წარმოებაში არასწორად მიღებაზე და მიიჩნევს, რომ სასამართლოს საკუთარი ინიციატივით უნდა განეკარგა ყველა ის საპროცესო საშუალება, რაც მოსარჩელის ინტერესების დაცვას ემსახურებოდა (ადგილზე დათვალიერება, ექსპერტიზის დანიშვნა, მტკიცებულებათა გამოთხოვა, სადავო გარემოებათა სასამართლოს ინიციატივით გამოთხოვა და სხვა). საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტებს და აღნიშნულის საწინააღმდეგ, მიიჩნევს, რომ „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წინაპირობების არარსებობის გამო, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მისი განმარტება ადვოკატის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მოწვევის შესახებ, რაც შეეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 97-ე მუხლზე მითითებას, პალატა განმარტავს, რომ ნორმაში გადმოცემული მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებები, მოცემულ შემთხვევაში, მხარეს არ მიუთითებია, მხოლოდ ის, რომ კასატორი არ მიიჩნევდა წარმომადგენლის კვალიფიკაციას საკმარისად მისი უფლებების ეფექტური დაცვისათვის, არ ქმნის პირის წარმომადგენლად დაშვებაზე უარის თქმის საფუძველს, ამასთანავე, არ დასტურდება ის დარღვევები, რასაც კასატორი მიუთითებს, კერძოდ, თ.მ-ის სარჩელს ერთვის მასში მითითებული მტკიცებულებები და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტისა და 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის წინაპირობა არ არსებობდა, ამასთანავე, საქმის მასალებით არ დასტურდება არც სხვა საპროცესო დარღვევები (სსსკ-ის 120-ე, 123-ე, 128-ე, 162-ე, 203-ე, 222-ე მუხლების დარღვევა). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის წარმოება სასამართლოში მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე მიმდინარეობს (სსსკ-ის მე-4 და მე-5 მუხლები) და სასამართლო არ არის უფლებამოსილი ერთ-ერთი პირის სასარგებლოდ განკარგოს საპროცესო წესები, რათა უზრუნველყოფილ იქნას ამ პირის სამართლებრივი დახმარება, მოსამართლე ნეიტრალური არბიტრია და ხელმძღვანელობს მხარეთა შეჯიბრებითობას, აღნიშნულის შედეგად კი, მატერიალური და საპროცესო წესების ერთობლივი გამოყენებით, წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ადგენს სადავო ფაქტებს და გამოაქვს დასკვნა მოთხოვნის საფუძვლიანობის თაობაზე. ყველა ის საგამონაკლისო ნორმა, რომელთა გამოუყენებლობასაც სადავოდ ხდის კასატორი, შეიძლება მხოლოდ შესაბამისი (ნორმით პირდაპირ გათვალისწინებული წინაპირობებისას) გარემოებების არსებობისას. ამგვარი გარემოებები საქმის მასალებით არ არის დადგენილი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის ფარგლებში კასატორისათვის უზრუნველყოფილი იყო საქმის მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ განხილვის უფლება, რომელიც მხარეთა თანასწორობის პრინციპს ემყარებოდა და სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე იყო დაუშვებელი სასამართლოს მხრიდან პირის მიმართ გარკვეული, კანონით გაუთვალისწინებელი გამონაკლისის დაშვება. სწორედ მითითებული გარემოებები ქმნიდა სააპელაციო პალატის მხრიდან ახალი მტკიცებულებების მიღებაზე უარის თქმის საფუძველს, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. თავის მხრივ, საპატიო მიზეზის ცნებას იძლევა ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, თუმცა, ნორმაში მითითებულ არც ერთ გარემოებას არ შეესაბამება კასატორის მტკიცება.
1.5. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური