Facebook Twitter

საქმე №ას-1258-1180-2015 5 თებერვალი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – გ. კ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ქ-ი (მოსარჩელე)

მესამე პირი _ ხ. ხ-ი

დაინტერესებული პირი _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის რაიონის სოციალური მომსახურების ცენტრი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – მამობის დადგენა, არასრულწლოვანი ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილებების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ნ. ქ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. კ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, კასატორი) მიმართ არასრულწლოვანი ა. კ-ის მამად მოსარჩელის აღიარებისა და ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში მამის გრაფაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარი იმ საფუძვლით მოითხოვა, რომ თავად არის არასრულწლოვანი ბავშვის ბიოლოგიური მამა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ცნობილ იქნა 2005 წლის 19 აპრილს დაბადებული ა. კ-ის მამად, შესაბამისად, ცვლილება შევიდა ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში და ბავშვის მამის გრაფაში, ნაცვლად მოპასუხისა, მიეთითა მოსარჩელე. დანარჩენ ნაწილში სააქტო ჩანაწერი დარჩა უცვლელად.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

5.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

5.1.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. კ-ი და ხ. ხ-ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1999 წლის 24 აპრილიდან 2010 წლის 18 ნოემბრამდე. ქორწინების პერიოდში, 2005 წლის წლის 19 აპრილს, დაიბადა ა. კ-ი, რომლის ბიოლოგიურ მამად აღიარებასაც მოითხოვს მოსარჩელე. ბავშვის დაბადების მოწმობაში მამის გრაფაში მითითებულია 1977 წლის 27 აგვისტოს დაბადებული გ. კ-ი, ხოლო დედის გრაფაში - ხ. ხ-ი.

5.1.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 27 მაისის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №... დასკვნის თანახმად, გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ნ. ქ-ი (პ/ნ ..., დაბადებული 12.08.1982) არის ა. კ-ის (პ/ნ ..., დაბადებული 19.04.2005) ბიოლოგიური მამა.

5.1.3. აპელანტი სააპელაციო საჩივარს ძირითადად აფუძნებდა იმ გარემოებაზე, რომ სასამართლომ საქმის განხილვისას არ დააკმაყოფილა მოპასუხის შუამდგომლობა სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოდან მოქალაქე ნ. ქ-ის მიერ, 2003 წლის 1 ივნისიდან 2005 წლის 1 იანვრამდე საქართველოს საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, აღნიშნულ პერიოდში ხ. ხ-ი ცხოვრობდა მოპასუხის ბინაში, ხოლო ნ. ქ-ი, სავარაუდოდ, არ იმყოფებოდა საქართველოში. პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე მითითებით, არ გაიზიარა აპელანტის მითითებული მსჯელობა და განმარტა, რომ ის ინფორმაცია, რომლის გამოთხოვასაც მოითხოვდა მოპასუხე, ვერ დაადასტურებდა ბიოლოგიური მამობის დადგენის ფაქტთან დაკავშირებით სადავო გარემოებებს, შესაბამისად, გაზიარებულ იქნა საქალაქო სასამართლოს 22.05.2015წ. საოქმო განჩინების სისწორე. რაც შეეხებოდა აპელანტის მითითებას, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე იყო არასრულწლოვანი ბავშვის მამა, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა. პალატის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი იყო, რომ ნ. ქ-ი იყო ა. კ-ის ბიოლოგიური მამა და ამ ექსპერტიზის დასკვნაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობდა. იმ სახის მტკიცებულება, რომელიც იქნებოდა საპირწონე ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნისა, მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არსებული შპს „გ-ის“ შტუტგარდის ლაბორატორიის (ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში) ცნობით დგინდებოდა, რომ გ. კ-მა და ა. კ-მა შპს „გ-ის“ შტუტგარდის ლაბორატორიაში 2015 წლის 12 მარტს ჩაიტარეს ლაბორატორიული კვლევა მამობის ტესტზე, რომლის პასუხი იქნება არა უგვიანეს 30 მარტისა, თუმცა, საქმეში არ იყო წარმოდგენილი შესაბამისი დასკვნა, მხოლოდ მიმართვა ზემოაღნიშნული ლაბორატორიისადმი არ იყო საკმარისი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გასაბათილებლად.

5.1.4. ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის მიერ 2013 წლის 30 აგვისტოს გაცემული დასკვნის თანახმად, ხ. ხ-ის დედის _ ლ. ხ-ის გადმოცემით „არასრულწლოვანი ბავშვი, ა. კ-ი ორი წლის ასაკიდან ცხოვრობს ნ. ქ-ის დედასთან - დ. ნ-ესთან, თავს გრძნობს ბედნიერად და იცის, რომ მისი ბიოლოგიური მამა ნ. ქ-ია“. სოციალური მუშაკის განმარტებით, „ა. კ-ი იცნობს ყველა ნათესავს ნ. ქ-ის მხრიდან, დასასვენებლად დადის მათთან“. ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის 2014 წლის 4 დეკემბრის დასკვნის თანახმად, „ნ. ქ-ის საცხოვრებელ ბინაში არის კარგი საყოფაცხოვრებო პირობები. ბავშვს _ ა. კ-ს აქვს გამოყოფილი საკუთარი ოთახი, სადაც მას შექმინილი აქვს ყველა პირობა, რათა განმარტოვდეს და იყოს მშვიდად“. სოციალური მუშაკის განმარტებით, „შეფასების საფუძველზე იკვეთება ოჯახში არსებული სტაბილური გარემო და ოჯახის ყველა წევრის აქტიური ჩართულობა ა. კ-ას სოციალიზაციის საკითებში. ა.ს ჰყავს ფართო თანადგომის ქსელი ოჯახის წევრების, კლასელების, მეგობრებისა და ნათესავების სახით. ა.ს თავად ძალიან უყვარს მშობლები (იგულისხმება ხ. ხ-ი და ნ. ქ-ი) და ოჯახის სხვა წევრებიც“.

5.1.5. სააპელაციო პალატის განმარტებით, ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1187-ე, 1190-ე მუხლებით და განმარტა, რომ სასამართლო პირს ბავშვის მამად აღიარებს ან პირიქით მის მამობას უარყოფს მხოლოდ დნმ-ტესტის, ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგებზე დაყრდნობით (სსსკ-ის 102-ე მუხლი). საქმეში წარმოდგენილი, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 27 მაისის №... ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით, უტყუარად დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე ა. კ-ის ბიოლოგიური მამაა.ამასთან, როგორც აღინიშნა, არ არსებობდა აღნიშნულ დასკვნაში ეჭვის შეტანის საფუძველი.

5.1.6. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ ასევე მართებული იყო გასაჩივრებული გადაწყვეტილება რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის თაობაზე.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6.1. საკასაციო საჩივრის საფუძლები:

6.1.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა დავის ფაქტობრივი გარემოებები, არასწორად გამოიყენა სამართლის ნორმები, რასაც შედეგად არასწორი გადაწყვეტილება მოჰყვა, კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ ა. კ-ი დაიბადა მოპასუხისა და ხ. ხ-ის რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში. ამ პერიოდში ერთად ცხოვრობდნენ კასატორი და ბავშვის დედა. სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლი, თუმცა, მითითებული ნორმა მხოლოდ დაუქორწინებელი მშობლების შვილის წარმოშობის დადგენის საკითხს განსაზღვრავს.

6.1.2. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ არასრულწლოვანზე ზრუნავდა და ზრდიდა კასატორი, ასევე, მხედველობაში არ იქნა მიღებული ბავშვის ნამდვილი ინტერესი.

6.1.3. სასამართლომ არასწორად არ დააკმაყოფილა მოპასუხის შუამდგომლობა შსს მომსახურების სააგენტოდან მოსარჩელის მიერ 2003 წლის 1 ივნისიდან 2015 წლის 1 იანვრამდე საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გამოთხოვის თაობაზე. ამ პერიოდში არასრულწლოვნის დედა ცხოვრობდა კასატორთან და ეს უკანასკნელი გამოთქვამს ეჭვს იმის შესახებ, რომ მოსარჩელე არ იმყოფებოდა საქართველოში, ხოლო ბავშვის მამა თავადაა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმე მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით განიხილა, რასაც, შესაძლოა, ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად ეფუძნება იმ დასკვნებს, რომ მოსარჩელე არასრულწლოვანი ა. კ-ის ბიოლოგიური მამაა, რის გამოც სარჩელი მამობის დადგენისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტაის თაობაზე საფუძვლიანი იყო.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლით, რადგანაც სწორედ მითითებული ნორმა წარმოადგენს წინამდებარე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, კერძოდ, მოსარჩელე მოითხოვდა მას და მესამე პირს შორის არარეგისტრირებული ქორწინების ფარგლებში დაბადებული ბავშვის მომობის დადგენას. სასამართლოს შეფასებები და დასკვნები კი, ემყარება სადავო გარემოებათა, როგორც ანთროპოლოგიური (სოციალური მომსახურების სააგენტოს შეფასებები და დასკვნები), ისე გენეტიკური (ექსპერტიზის დასკვნა) შეფასების მეთოდს. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, საქმის მასალებით მოსარჩელისა და არასრულწლოვანი ბავშვის ბიოლოგიური კავშირი დადგენილია, აღნიშნულის გამაბათილებელი მტკიცებულება კი, მოპასუხეს საქმეში არ წარმოუდგენია, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი სწორედ მოპასუხე მხარეს ეკისრებოდა (სსსკ-ის მე-4 მუხლი). საკასაციო საჩივრით ირკვევა ის, რომ მხარე ცდილობს საკუთარი არგუმენტები მას და არასრულწლოვნის დედას შორის რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში ბავშვის დაბადების ფაქტს და ამ ფაქტიდან გამომდინარე პრეზუმფციას დაამყაროს, თუმცა მას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგანაც ვარაუდი იმისა, რომ არასრულწლოვნის ბიოლოგიური მამა კასატორია, გაქარწყლებულია ექსპერტიზის დასკვნით. რაც შეეხება კასატორის მსჯელობას, რომ სასამართლოს უნდა გამოეთხოვა მოსარჩელის მხრიდან საქართველოს საზღვრის კვეთის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, საკასაციო პალატის შეფასებით, უსაფუძვლოა, რადგანაც იგი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებით, სადავო გარემოების დადგენისათვის არარელევანტური მტკიცებულება იქნებოდა და სასამართლო გადაწყვეტილება მას ვერ დაემყარებოდა.

1.5. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით აღიარებულია ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება, რომელიც ვრცელდება კონვენციის ყველა სუბიექტზე. ოჯახურის ცხოვრების პატივისცემის უფლება მოიცავს ასევე ბიოლოგიური მშობლის უფლებას, შვილის დაბადების სააქტო ჩანაწერში რეგისტრირებული იყოს მშობლად და განახორციელოს ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება-მოვალეობები (სკ-ის 1187-ე მუხლი). თავის მხრივ, „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ პრეამბულით აღიარებულია არასრულწლოვნის უფლება, იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ სოციალური მუშაკის დასკვნებზე დაყრდნობით დაადგინა და კასატორს არ გაუხდია სადავოდ არასრულწლოვნის ინტეგრაცია მოსარჩელის ოჯახურ სივრცეში, რაც ბავშვის საუკეთესო ინტერესად განიხილება და არც ამ საფუძვლით არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური