საქმე №ას-1275-1196-2015 5 თებერვალი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „M.“ (შეგებებული სარჩელის ავტორი)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. გ-ი (მოსარჩელე)
თავდაპირველი თანამოპასუხე ძირითად სარჩელზე _ შ. ლ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო/შეგებებული სარჩელის მოთხოვნა:
1.1. თ. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შ. ლ-ისა და შპს „M-ის“ მიმართ მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილის დაზიანების გამო 4 800 ლარის სოლიდარულად ანაზღაურების მოთხოვნით.
1.2. შპს „M-მა“ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს თ. გ-ის მიმართ ავტოსაგზაო შემთხვევისას მოსარჩელის ბრალეული ქმედებით მიყენებული ზიანის _ 2 000 ლარის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხეებმა ძირითადი სარჩელი არ ცნეს.
2.2. თავდაპირველმა მოსარჩელემ ასევე არ ცნო შეგებებული სარჩელის მოთხოვნა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებულ სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „M-მა“, მისი გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, ასევე თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შპს „M-ის“ სააპელაციო საჩივარზე შეწყდა წარმოება, აპელანტს დაუბრუნდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი.
5.1. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება:
5.1.1. სასამართლოს განმარტებით, 2015 წლის 10 სექტემბრის განჩინებით შპს „M-ის“ სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და 2015 წლის 5 ნოემბერს, 11:00 საათზე, დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა.
5.1.2. 2015 წლის 28 ოქტომბერს სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა, მიუთითა, რომ შპს „M-მა“ ინტერესი დაკარგა განსახილველი დავის მიმართ, იხმობს სააპელაციო საჩივარს და ითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება. 2015 წლის 29 სექტემბერს სასამართლოს განცხადებით კვლავ მომართა აპელანტის წარმომადგენელმა, დააზუსტა მოთხოვნა და, საქმისადმი ინტერესის დაკარგვის გამო, უარი თქვა სააპელაციო საჩივარზე, მოითხოვა სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტა.
5.1.3. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე უფლებამოსილია სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე უარი თქვას სააპელაციო საჩივარზე, რაც ამავე სააპელაციო საჩივარზე წარმოების შეწყვეტის საფუძველია შესაბამისი სამართლებრივი შედეგებით.
5.1.4. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით, 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 მუხლით და განმარტა, რომ შპს „M-ის“ უფლებამოსილმა წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარზე უარის თქმით მოახდინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე მხარის ნების გამოვლენა, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 384-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პალატამ დაადგინა, რომ აპელანტს უნდა დაბრუნებოდა სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს „M-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.
6.1. კერძო საჩივრის საფუძვლები:
მართალია, 2015 წლის 28 ოქტომბერს შპს „M-მა“ მიმართა სააპელაციო სასამართლოს და უარი განაცხადა სააპელაციო საჩივარზე, თუმცა მას უფლება ჰქონდა, მისი სააპელაციო საჩივრის გამო დანიშნულ სხდომაზე უარი განეცხადებინა ამ განცხადებაზე, უკან გამოეთხოვა იგი, რის შედეგადაც არსებითად იქნებოდა განხილული სააპელაციო საჩივარი. ამგვარი უფლება უკანონოდ ჩამოართვა მხარეს სააპელაციო სასამართლომ, აპელანტს არ მიეცა საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ შპს „M-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. პალატა ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:
1.2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 10 სექტემბრის განჩინებით შპს „M-ის“ სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად, სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 2015 წლის 5 ნოემბერს, 11:00 საათზე, რის შესახებაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ეცნობათ მხარეებს.
1.2.2. 2015 წლის 28 ოქტომბერს შპს „M-ის“ დირექტორმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს. განცხადების თანახმად, აპელანტმა დავის მიმართ დაკარგა ინტერესი და ითხოვა მისი განუხილველად დატოვება, ასევე, გადახდილი ბაჟის დაბრუნება იმ მოტივით, რომ მან უარი სააპელაციო საჩივარზე სასამართლო სხდომამდე განაცხადა;
1.2.3. 2015 წლის 29 ოქტომბერს აპელანტი საზოგადოების დირექტორმა კვლავ განცხადებით მიმართა სასამართლოს და კვლავ დაადასტურა, რომ ინტერესი დაკარგა სააპელაციო საჩივრის მიმართ, უარს აცხადებდა მასზე და ითხოვდა სასამართლოს შპს „M-ის“ 22.07.2015წ. სააპელაციო საჩივრის განხილვის გარეშე შეეწყვიტა საქმის წარმოება და დაბრუნებოდა სახელმწიფო ბაჟი, კანონით გათვალისწინებული ოდენობით.
1.3. სააპელაციო პალატამ შეისწავლა რა განცხადებების შინაარსი, მიიჩნია, რომ არსებობდა მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
1.4. კერძო საჩივრის ავტორი განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით მოითხოვს, რომ სასამართლოს მისი განცხადებები დანიშნულ სხდომაზე მხარეთა დასწრებით უნდა განეხილა, ასეთ შემთხვევაში, მას შეეძლო უარი ეთქვა უკვე წარდგენილ განცხადებებზე, რის შედეგადაც მისი სააპელაციო საჩივარი განიხილებოდა.
1.5. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ამ მოსაზრებებს და განმარტავს, რომ წერილობითი განცხადებებით, რომლებიც მხარემ სასამართლოს სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე წარუდგინა, უტყუარად ირკვეოდა აპელანტის ნება იმის შესახებ, რომ მას არ სურდა სააპელაციო საჩივრის განხილვა და მის მიმართ აღარ ჰქონდა ინტერესი, ამასთან, მხარეს არ მოუთხოვია განცხადების ზეპირი მოსმენით განხილვა.
1.6. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და მითითებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლზე, 378-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე და მიიჩნევს, რომ სასამართლოს შეეძლო, განცხადების შინაარსის გათვალისწინებით, მხარეთა დაუსწრებლად განეხილა სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხი.
1.7. რაც შეეხება კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ მხარეს სასამართლო სხდომაზე შეეძლო მხარი აღარ დაეჭირა საკუთარი განცხადებებისათვის (შუამდგომლობისათვის), ამ გარემოებას პალატა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად ვერ მიიჩნევს იმ პირობებში, როდესაც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია თუ რა ისეთი ფაქტობრივი/სამართლებრივი გარემოება წარმოიშვა, რაც მას შეაცვლევინებდა მოსაზრებას საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, ამასთანავე, გაურკვეველია, თუ რამ დააბრკოლა კერძო საჩივრის ავტორი ასევე წერილობით მიემართა სასამართლოსათვის და დაესაბუთებინა განცხადებაზე უარის თქმის კანონიერება.
1.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია იმგვარი შედავება, რაც ამ განჩინების გაუქმებას გამოიწვევდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „M-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური