საქმე №ას-1241-1164-2015 5 თებერვალი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „M-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – აღნაგობის საზღაურისა და პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდგომში _ მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „M-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე) მიმართ აღნაგობის საზღაურის _ 24 384 ლარისა და პირგასამტეხლოს _ 29 620 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხე არ დაეთანხმა წარდგენილ მოთხოვნას და განმარტა, რომ სარჩელი იყო ხანდაზმული.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
5.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
5.1.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წლის 30 ივლისს მხარეთა შორის დაიდო „თვითმმართველ ქ.ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ“ ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეს სარგებლობაში გადაეცა ქ.ბათუმში, ზ-ში მდებარე 1251 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით. მოპასუხეს ქ.ბათუმის მერიასათვის ყოველწლიურად, 1 ივნისიდან 1 დეკემბრამდე უნდა გადაეხადა აღნაგობის საზღაური 20 000 ლარი.
5.1.2. 30.07.2009წ. ხელშეკრულების მე-8 მუხლით განისაზღვრა სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს განსაზღვრის წესი და ოდენობა.
5.1.3. ქ.ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს - საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 18 ოქტომბრის #... ბრძანებით, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება შეწყდა. ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი გახდა მოპასუხის მიერ 2010 წლის და 2011 წლის აღნაგობის საფასურის გადაუხდელობა, ასევე, ხელშეკრულების 4.4.7. პუნქტის მოთხოვნების დაუცველობა (ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა.)
5.1.4. შპს „M-ს“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაური სრულად არ გადაუხდია, გადასახდელი დარჩა 24 386 ლარი.
5.1.5. პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება და მიუთითა ხელშეკრულების 3.2. და 3.3. მუხლებზე, რომელთა შესაბამისად, აღნაგობის საზღაური შეადგენდა 20 000 ლარს წელიწადში და აღნაგობის უფლების მქონეს იგი უნდა გადაეხადა თანაბარწილად, კალენდარული წლის 1 ივნისამდე და 1 დეკემბრამდე. ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ბოლო სახელშეკრულებო წლის საზღაური სრულად უნდა ყოფილიყო გადახდილი. ამის შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვალდებულება უფლების მქონე პირს უნდა შეესრულებინა პერიოდულად. ხელშეკრულების 4.4.7. პუნქტის მიხედვითაც, მეაღნაგე ვალდებული იყო, სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია აპელანტისათვის პერიოდულად, ექვს თვეში ერთხელ მიეწოდებინა. ამ ნაწილში, აპელანტის მოთხოვნა გამომდინარეობდა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, რომლის ხანდაზმულობაც, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამი წელი იყო. ამავე კოდექსის 145-ე მუხლის მიხედვით კი, მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც.
5.1.6. აპელანტმა მეაღნაგესთან ხელშეკრულება შეწყვიტა 2011 წლის 18 ოქტომბერს. ბოლო (ე.ი 2011 სახელშეკრულებო წლის საზღაური) უფლების მქონე პირს აპელანტისათვის უნდა გადაეხადა 2011 წლის 18 ოქტომბრამდე მაინც. ეს ვალდებულება მოპასუხეს არ შეუსრულებია, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 130-ე და 131-ე მუხლების საფუძველზე, აპელანტს დარღვეული უფლებების დასაცავად სარჩელი უნდა აღეძრა, არა უგვიანეს 2014 წლის 18 ოქტომბრისა, მან კი სარჩელით სასამართლოს მიმართა 2015 წლის 9 თებერვალს.
5.1.7. სამოქალაქო კოდექსის 145-ე მუხლის მიხედვით, ვინაიდან ხანდაზმული იყო ძირითადი მოთხოვნა, პალატამ ჩათვალა, რომ ხანდაზმული იყო აპელანტის მოთხოვნა პირგასამტეხლოს, ასევე, ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, 20 000 ლარის დაკისრების თაობაზე. ხელშეკრულების 8.3. მუხლის მიხედვით, ეს ვალდებულებაც მეაღნაგეს 2011 წლის 18 ოქტომბერს წარმოეშვა და სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ ვალდებულების შესრულება აპელანტს მოწინააღმდეგე მხარისთვის 2014 წლის 18 ოქტომბრამდე უნდა მოეთხოვა.
5.1.8. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმის თაობაზე, რომ დავის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა ყოფილიყო უძრავ ნივთებთან დაკავშირებით დადებული გარიგებების მიმართ მოქმედი ხანდაზმულობის ვადები. აპელანტის მოთხოვნა, ძირითადად, გამომდინარეობდა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან. ამ შემთხვევაში კი, მოქმედებდა ხანდაზმულობის სპეციალური, სამწლიანი ვადა. გარდა ამისა, პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 2009 წლის 30 ივლისს მხარეთა შორის დაიდო აღნაგობის ხელშეკრულება, რომლის წარმოშობისა და შეძენის მიმართ, სამოქალაქო კოდექსის 234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამოიყენება უძრავი ნივთის შეძენის წესები (სკ-ის 183-ე მუხლი). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრში აღნაგობის უფლების რეგისტრაციის ფაქტი უნდა დადასტურდეს საჯარო რეესტრის მონაცემებით. მიუხედავად სააპელაციო სასამართლოს შეთავაზებისა, მხარეებმა სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ამონაწერის წარმოდგენაზე უარი განაცხადეს. განმარტეს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული აღნაგობის უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არასდროს ყოფილა, ამდენად, მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგები არ წარმოშობილა და ვალდებულების შესრულების მოთხოვნა უსაფუძვლოა.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
6.1. საკასაციო საჩივრის საფუძლები:
6.1.1. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, მხარეთა შორის დადებული აღნაგობის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა უძრავი ნივთი და მოთხოვნაც (აღნაგობის საზღაურისა და პირგასამტეხლოს გადახდის შესახებ) უძრავ ნივთთან იყო დაკავშირებული, სასამართლოს ხანდაზმულობის საკითხთან მიმართებით უნდა გამოეყენებინა, სწორედ, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 6-წლიანი ვადა. სასამართლომ კი იმსჯელა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებაზე.
6.1.2. უსაფუძვლოა სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ მხარეთა შორის არ წარმოშობილა ვალდებულება, რადგანაც, სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე და 327-ე მუხლების შესაბამისად, აღნაგობის ხელშეკრულება 2009 წლის 30 ივლისს გაფორმდა. სამოქალაქო კოდექსის 234-ე და 183-ე მუხლებიდან გამომდინარე კი, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ დაცულია ამავე კოდექსის 327-ე მუხლის მოთხოვნები. საჯარო რეესტრში რეგისტრაცია არ განიხილება ხელშეკრულების ფორმად და თავად ხელშეკრულების გაფორმება მოსარჩელის მოთხოვნის უფლებას წარმოშობდა.
6.1.3. სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი, რადგანაც მოპასუხეს, საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისას, აღნაგობის უფლების წარმოშობა სადავო არ გაუხდია. შესაბამისად, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, ემსჯელა ამ საკითხზე.
6.1.4. აღნაგობის საზღაურის გადახდა სასამართლომ არასწორად შეაფასა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებად, ასევე, არასწორად ჩათვალა, რომ ხანდაზმული იყო პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად ეფუძნება იმ დასკვნებს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული სასყიდლიანი აღნაგობის ხელშეკრულება საფასურის გადახდას ითვალისწინებდა პერიოდულად. მეაღნაგის მხრიდან ვალდებულების დარღვევის გამო, საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 18 ოქტომბრის ბრძანებით ცალმხრივად შეწყდა აღნაგობა. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო სარჩელი მოაღნაგეს უნდა აღეძრა არა უგვიანეს 2014 წლის 18 ოქტომბრისა, მან კი სასამართლოს 2015 წლის 9 თებერვალს მიმართა. გარდა აღნიშნულისა, მხარეთა შორის გაფორმებული აღნაგობა არ წარმოშობდა სამართლებრივ შედეგებს, რადგანაც იგი საჯარო რეესტრში არ ყოფილა რეგისტრირებული.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩვრებული განჩინების შეფასებას მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ სასამართლომ მართებულად იხელძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 130-ე და 145-ე მუხლებით და სავსებით სწორად ჩათვალა, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. რაც შეეხება კასატორის არგუმენტს სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლების დარღვევის თაობაზე, პალატა მას ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევიდან გამომდინარე სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმებისას, უპირველესად, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოთხოვნის წარმოშობის წინაპირობები, კერძოდ, თუ სახეზე გვაქვს სახელშეკრულებო მოთხოვნა, ასეთ შემთხვევაში, უპირობოდ უნდა დადგინდეს თავად ხელშეკრულების ნამდვილობის საკითხი. განსახილველ შემთხვევაში, სადავო არაა ის გარემოება, რომ მხარეთა შორის დაიდო სანივთო გარიგება (აღნაგობა). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სანივთო გარიგება, განსხვავებით სახელშეკრულებო სამართლის ნორმებით გათვალისწინებული ცალკეული ხელშეკრულებებისა, მეტი იმპერატიულობით ხასითდება და არსებით პირობათა ჩამონათვალს პირდაპირ სთავაზობს კონტრაჰენტებს კანონი. მართალია, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ საჯარო რეესტრი გარიგების ფორმას არ წარმოადგენს, თუმცა სამოქალაქო კოდექსის 234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 183-ე მუხლების ერთობლივი ანალიზი იძლევა იმ ცალსახა დასკვნის საფუძველს, რომ აღნაგობის უფლების წარმოშობისათვის, ისევე როგორც უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია, გარიგებით განსაზღვრული უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. იმ ვითარებაში, როდესაც უდავოდაა დადგენილი, რომ მხარეებს აღნაგობის უფლება არ დაურეგისტრირებიათ საჯარო რეესტრში, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ამ მოტივით სავსებით მართლებულად იქნა მიჩნეული ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი უსაფუძვლოდ.
1.5. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური