Facebook Twitter

საქმე №ას-1229-1152-2015 5 თებერვალი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ბ-ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ. წ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

შპს „ბ-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. წ-ის (შემდგომში _ მოპასუხე) მიმართ სესხის ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო 1 968 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით, საიდანაც სესხის ძირი 708 აშშ დოლარი, სარგებელი _ 180 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო _ 1 078 აშშ დოლარია.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ _ ძირი თანხისა და სარგებლის ნაწილში ცნო, ხოლო პირგასამტეხლოს მოთხოვნას არ დაეთანხმა და მიუთითა მის შეუსაბამოდ დიდ ოდენობაზე, შესაბამისად, ითხოვა გონივრულ ფარგლებში შემცირება.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სულ 997 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა, საიდანაც ძირი თანხის დავალიანება იყო 708 აშშ დოლარი, გადაუხდელი სარგებელი _ 182 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო _ 107 აშშ დოლარი.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი ნაწილობრივ გაუქმება და პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

5.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

5.1.1. პალატის დასკვნით, აპელანტი გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა მხოლოდ პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში, სხვა ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. პირგასამტეხლო, რომ გადასახდელია მხარეები ამაზე არ დავობენ, სადავოა მისი ოდენობა. აპელანტი აცხადებს, რომ პირგასამტეხლო მოპასუხეს უნდა დაეკისროს სრულად, რასაც არ ეთანხმება პალატა.

5.1.2. სააპელაციო პალატის შეფასებით, საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რადგანაც, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, ეს თანხა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული უნდა იყოს. სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე პირგასამტეხლოს გონივრული და სამართლიანი ოდენობის განსაზღვრის კუთხით (საქმე №ას-1113-1060-2014, 23 თებერვალი, 2015 წელი).

5.1.3. მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ გონივრულად და სამართლიანად მიიჩნია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირება 10-ჯერ და, ნაცვლად 1 078 აშშ დოლარისა, მართებულად დააკისრა მხარეს პირგასამტეხლოს სახით 107 აშშ დოლარი.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

6.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

6.1.1. ქვემდგომმა სასამართლოებმა არასწორად განმარტეს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, რადგანაც არ დაუსაბუთებიათ, თუ რატომ იყო პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი, ასევე, არასწორად განიმარტა სამოქალაქო კოდექსის 418-ე და 419-ე მუხლები. კასატორმა მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს #ას-167-157-2014 (08.05.2014წ.) განჩინებაზე და აღნიშნა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომ სასამართლოებს უნდა გაერკვიათ ის ზიანი, რაც კრედიტორს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შედეგად მიადგა. ასევე უნდა გაეთვალისწინებინათ ის გარემოებაც, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პირგასამტეხლო შეიძლება აღემატებოდეს კიდევაც მიყენებულ ზიანს.

6.1.2. სასამართლომ ჩათვალა, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლო იყო შეუსაბამოდ მაღალია და ის 10-ჯერ უნდა შემცირებულიყო, მიუხედავად იმისა, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ნარჩენი თანხის 0,2%-ის გადახდა, რომელიც თვეში 6%-ია, ხოლო სესხის სარგებელი 4%-ს შეადგენდა. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ 2013 წლიდან მოყოლებული რეფინანსირების განაკვეთი 4,5%-იდან 7,5%-მდე გაიზარდა, ასევე ის, რომ სესხის პროცენტი მოთხოვნილ იქნა მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, მოპასუხე დღემდე სარგებლობს თანხით და არ დაუბრუნებია იგი. მოსარჩელეს სრული უფლება ჰქონდა, სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლზე დაყრდნობით ერთდროულად მოეთხოვა ზიანის სახით პროცენტის გადახდა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება. ქვემდგომმა სასამართლოებმა არასწორად არ იხელმძღვანელეს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლით, ხოლო მიღებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ დაუსაბუთებიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ ძირი თანხისა და გადაუხდელი სარგებლის ოდენობის ნაწილში გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და მხარეებს იგი სადავოდ არ გაუხდიათ, შესაბამისად, უდავოა, რომ 2013 წლის 3 იანვრის სესხის ხელშეკრულების ვადა შეადგენდა 12 თვეს, სესხის ძირი იყო 708 აშშ დოლარი, სარგებელი თვეში 4%, პირგასამტეხლო _ სესხის ნარჩენი ოდენობის 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ქვემდგომი სასამართლოების დასკვნით პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობა არაგონივრული იყო და ის 10-ჯერ უნდა შემცირებულიყო.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ პირგასამტეხლოს ოდენობას შეეხება და მხარე, ერთი მხრივ, მიუთითებს, რომ სასამართლოს არ დაუდგენია ვალდებულების დარღვევით რა ზიანი მიადგა მოსარჩელეს, ხოლო, მეორე მხრივ, არ გაუთვალისწინებია ის გარემოება, რომ მას შეეძლო ზიანის სახით პროცენტის მოთხოვნა და არ მოუთხოვია, ამასთან, კანონის თანახმად, პირგასამტეხლო შეიძლება აღემატებოდეს ზიანს, რასაც მხარე სახელშეკრულებო სარგებლისა და პირგასამტეხლოს ოდენობის თანაფარდობის საკითხს უპირისპირებს. საკასაციო პალატა განუმარტავს კასატორს, რომ, კანონის თანახმად (სკ-ის 418.1 მუხლი), მართალია, პირგასამტეხლო შესაძლოა აღემატებოდეს ზიანზს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულების ამგვარი დათქმა, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, ბათილად ჩაითვლებოდა, თუმცა, იმისათვის, რათა დაცული იყოს მხარეთა თანასწორობის საყოველთაო უფლება, კანონმდებელი ითვალისწინებს პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების შესაძლებლობას. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს, რომლის მიხედვითაც მის სამართლებრივ მდგომაროებას აუმჯობესებდა ის, რომ სარჩელით მოთხოვნილი იყო სარგებლის დაკისრება ხელშეკრულების ფარგლებში და მას ზიანის ანაზღაურების მიზნით არ მოუთხოვის შემდგომი პერიოდისათვია პროცენტის დაკისრება. პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ პროცენტზე შეთანხმების ფაქტი ქვემდგომ სასამართლებს არ დაუდგენიათ და ასეთზე არც კასატორი მიუთითებს, ეს გარემოება კი, სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის თანახმად, საფუძველს აცლის კასატორის არგუმენტს (პრაქტიკის თვალსაზრისით იხ: სუსგ #ას-1701-1685-2011, 22 ოქტომბერი, 2012 წელი).

1.5. რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების საკითხს, პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე, რომლის თანახმადაც, „სამოქალაქო კოდექსი იცნობს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით საშუალებებს, რომელთაგან პირველს გირავნობა (სკ-ის 254-ე მუხლი) და იპოთეკა (სკ-ის 286-ე მუხლი), ხოლო მეორეს _ პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია (სკ-ის 416-ე მუხლი) განეკუთვნება. მითითებულთაგან ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ საშუალებას სწორედ პირგასამტეხლო წარმოადგენს და იგი მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის (სკ-ის 417-ე მუხლი). სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დანიშნულება ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში ამ თანხის ჩათვლაა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად მიღებული ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის სავალდებულოა მხარეთა მიერ შესაბამისი ფორმით შეთანხმების მიღწევა, რაც რეგულირებულია სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილით. განსხვავებით ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან, რომელიც, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არ საჭიროებს მხარეთა წინასწარი შეთანხმების არსებობას, პირგასამტეხლო ყოველთვის სახელშეკრულებო პირობად გვევლინება. ზიანის ანაზღაურების სახელშეკრულებო პირობის ერთადერთი გამონაკლისია ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისას პროცენტზე შეთანხმება (სკ-ის 403-ე მუხლი), თუმცა, ეს შემთხვევა სახეზე არ გვაქვს. მართალია, სამოქალაქო კანონმდებლობა პირგასამტეხლოს ნამდვილობას მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეულ შეთანხმებას უკავშირებს, თუმცა, იგი არ წარმოადგენს აბსოლუტურ დათქმას და მოვალის შესაგებლის არსებობის პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობის თანხის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომაროება, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა (იხ. სუსგ №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი). საკასაციო სასამართლო ძირითადი ვალდებულებისა და დაკისრებული სარგებლის გათვალისწინებით, შემცირებულ პირგასამტეხლოს გონივრულად მიიჩნევს. რაც შეეხება კასატორის მტკიცებას ზიანის თაობაზე, იგი წინამდებარე დავის ფარგლებს ცდება და პალატის მსჯელობის საგანი ვერ გახდება.

1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 27.11.2015წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ბ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „ბ-ს“ (ს/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 27.11.2015წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური