Facebook Twitter

საქმე №ას-16-16-2016 5 თებერვალი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ-ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (შემდგომში _ მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ-ს“ (შემდგომში _ მოპასუხე) მიმართ 2013 წლის 16 აგვისტოს #... ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო პირგასამტეხლოს _ 76 046,10 ლარის, ხოლო 2013 წლის 6 სექტემბრის #... ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო _ 74 060 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მისაწოდებელი საქონლის რაოდენობის გათვალისწინებით, შეთანხმებულ ვადაში ვალდებულების შესრულება შეუძლებელი იყო, რის თაობაზეც არაერთხელ ეცნობა მოსარჩელეს და ეთხოვა ვადის გაგრძელება, ამასთანავე, შემკვეთმა, ხელშეკრულების პირობების საწინააღმდეგოდ, დროულად არ მიაწოდა მოპასუხეს დასამზადებელი ნივთის ზომები, რაც, ბუნებრივია, ხელშეკრულების ვადაზე გავლენას იქონიებდა, გარდა აღნიშნულისა, საქონლის დროულ მიწოდებას ხელი შეუშალა ფორსმაჟორულმა გარემოებებმაც, რის შესახებაც ხელშეკრულებით დადგენილი წესით ეცნობა მოსარჩელეს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 52 524,50 ლარის გადახდა.

4. აპელანტების მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, მოსარჩელემ მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო, მოპასუხემ _ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შპს „მ-ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5 000 ლარის გადახდა.

5.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

5.1.1. ვალდებულების შეუსრულებლობა, უმეტესწილად, განპირობებულია მოსარჩელის ბრალით, თუმცა, ამავდროულად, მოპასუხის ბრალეულობა საერთოდ გამორიცხული არ არის, ამდენად, სახეზე იყო შერეული ბრალი, რაშიც მოსარჩელის ბრალი უპირატესი იყო, შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო მენარდის ბრალის ხარისხის გათვალისწინებით ვალდებულების დარღვევაში. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის #... ხელშეკრულება (სამუშაო ტანსაცმლის, სპეცტანსაცმლისა და აქსესუარების შესყიდვა) 2013 წლის 16 აგვისტოს დაიდო, ხოლო #... ხელშეკრულება - (გარედან ჩასაცმელი ტანსაცმლის შესყიდვა) - 2013 წლის 6 სექტემბერს. მითითებული ხელშეკრულებები სხვადასხვა ტენდერების ფარგლებში გაფორმდა და გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების ვადის ათვლა სხვადასხვა დროს, კერძოდ, #... ხელშეკრულებიდან გამომდინარე _ 2013 წლის 16 აგვისტოდან, ხოლო #... ხელშეკრულებიდან გამომდინარე _ 6 სექტემბრიდან დაიწყო. ამავდროულად, სადავოს არ წარმოადგენდა ის, რომ ფაქტობრივად, #... ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულება 2013 წლის 20 დეკემბერს განხორციელდა, ხოლო #... ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულება - 2013 წლის 16 დეკემბერს. ორივე შემთხვევაში საქონლის მიწოდება 2013 წლის პირველ ნოემბრამდე უნდა განხორციელებულიყო, შესაბამისად, #... ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება 49 დღის დაგვიანებით შესრულდა, ხოლო #... ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება - 45 დღის დაგვიანებით.

5.1.2. ვადაგადაცილება განპირობებული იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით: მან მოპასუხეს ხელშეკრულების გაფორმების დროს არ მიაწოდა შეკვეთილი ტანსაცმლის ტექნიკური პარამეტრები, ისინი მენარდეს 2013 წლის 20 სექტემბერს მიეწოდა, ანუ #... ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყო რა 2013 წლის 16 აგვისტოს, შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მასზე დაკისრებული ვალდებულება 34 დღის დაგვიანებით (16 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე პერიოდი) შეასრულა. ამასთანავე, ფოთის პორტში, ფორსმაჟორულ გარემოებათა გამო, გემების ოპერირება 2013 წლის 3 დეკემბრიდან 13 დეკემბრამდე შეფერხებული იყო, ასეთ შემთხვევაში მენარდეს 10-დღიანი ვადაგადაცილებაც ბრალად ვერ შეერაცხება, შესაბამისად, მენარდემ ვალდებულება, მართალია, 49 დღის დაგვიანებით შეასრულა, თუმცა, აქედან, მისი ბრალით განპირობებული ვადაგადაცილება მხოლოდ 5 დღე (49 – (34+10)=5) იყო და #... ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო მხოლოდ 5 დღისათვის უნდა დაკისრებოდა. რაც შეეხებოდა #... ხელშეკრულებას, მითითებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა 6 სექტემბერს დაიწყო. ტექნიკური პარამეტრები 20 სექტემბერს (14 დღის დაგვიანებით) მიეწოდა მოპასუხეს. მენარდემ პროდუქცია შემკვეთს პირველი ნოემბრის ნაცვლად 16 დეკემბერს მიაწოდა, ანუ ვალდებულება 45 დღის დაგვიანებით შეასრულა. თუმცა, მთელი აღნიშნული პერიოდი მოპასუხეს ბრალად ვერ შეერაცხებოდა შემკვეთის მხრიდან 14-დღიანი ვადაგადაცილებისა და ფოთის პორტში არსებული 10 დღიანი ფორსმაჟორის გათვალისწინებით. ბრალეული ვადაგადაცილება მხოლოდ 21 დღის განმავლობაში (45- (20 +14)=21) დასტურდებოდა.

5.1.3. არც მოსარჩელეს და არც მოპასუხეს პირგასამტეხლოს დაანგარიშების წესი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული დღიური ოდენობა სადავო არ გაუხდიათ. სადავო იყო მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მოქმედების ფარგლები. გაზიარებულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს დადგენილი დღიური ოდენობა (#... ხელშეკრულების ღირებულებიდან (1 058 000 ლარი) გამომდინარე, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0,2% - ის გაანგარიშებით 2 116 ლარია, ხოლო #... ხელშეკრულებიდან გამომდინარე (974 950) - 1 949,9 ლარი). #... ხელშეკრულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს საერთო რაოდენობა (2116*5) 10 580 ლარს, ხოლო #... ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 40 947,9 ლარს (1949,9*21), საერთო ჯამში, 51 527,9 ლარს შეადგენდა.

5.1.4. სააპელაციო პალატის დასკვნით, ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად დაანგარიშებული პირგასამტეხლო 5 000 ლარამდე უნდა შემცირებულიყო.

5.1.5. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 401-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მტკიცებულებათა ერთობლივი შეფასების შედეგად დადგინდა, თუ რამდენდღიანი ვადის გადაცილება შეიძლებოდა მოპასუხეს ბრალად შერაცხვოდა, შესაბამისად, პირგასამტეხლო სწორედ მისი ბრალით გამოწვეული ვადადარღვეული დღეების გათვალისწინებით 51 527,9 ლარს შეადგენდა. პირგასამტეხლოს მოთხოვნის აუცილებელი წინაპირობა მხოლოდ ვალდებულების დარღვევაა, რომელიც „მნიშვნელოვანი“ თუ „უმნიშვნელოა“ შეფასებითი კატეგორიებია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი შეფასება სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა, რომელიც ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება, არამედ, მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება შემცირებას. შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, იგი უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს შემცირების მიზნებისათვის სასამართლომ მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების დარღვევასა და შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკაზე (მიწოდებული ზომების შესაბამისად ტანსაცმლის შეკერვა) გაამახვილა ყურადღება, ასევე, აღნიშნა, რომ სატენდერო პროცედურები არაგონივრულად გაჭიანურდა, რასაც არც ერთი მხარე არ უარყოფდა (ტენდერი 12 ივნისს გამოცხადდა, №... ხელშეკრულება 16 აგვისტოს გაფორმდა, ხოლო №... ხელშეკრულება - 6 სექტემბერს), ამას ემატებოდა ისიც, რომ, მიუხედავად სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ფიქსირებული ვადისა (პირველი ნოემბერი), შემკვეთი ვალდებულების შესრულების ვადებს თავად არღვევდა, რითაც ფაქტობრივად, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან ვალდებულების დათქმულ დროს შესრულებას შეუძლებელს ხდიდა. სასამართლომ მხედველობაში მიიღო სახელმწიფო ორგანოს ქცევის კეთილსინდისიერება კონტრაჰენტთან _ მენარდის არაერთგზისი მცდელობა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად შესრულების ვადების გადავადების თაობაზე, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც ვალდებულების შესრულების დროში გაჭიანურება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან მასზე დაკისრებული ვალდებულების დათქმულ დროს შეუსრულებლობას უკავშირდებოდა. აღნიშნულ შესაძლებლობას მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების მე-14 მუხლიც ითვალისწინებდა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას აქვს კანონიერი ნდობა სახელმწიფო ორგანოს ქცევის კეთილსინდისიერების მიმართ, რაც იმაში გამოიხატება, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციის გამოყენებამ კომპანია გადახდისუუნარობის პირას არ უნდა მიიყვანოს. სანქციის სახით დაწესებული პირგასამტეხლო უნდა ატარებდეს იმ სამართლებრივ მიზანს, რაც მას სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი ანიჭებს, მით უფრო, მაშინ, როდესაც სახეზეა ისეთი პირობები, როდესაც ვალდებულების შესრულების გართულება თავად დამკვეთის ბრალითა და ფორსმაჟორული გარემოებებით არის განპირობებული, რაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხედველობაში უნდა მიეღო. სასამართლოს დასკვნით, დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა შემცირებულიყო, საშუალოდ, 10-ჯერ და მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა 5 000 ლარის ანაზღაურება.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

6.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

6.1.1. კასატორმა მიუთითა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების შეუსრულებლობის პირობებსა და პირგასამტეხლოს დაკისრების წესზე, ასევე ვალდებულების შესრულების ვადასა და მიღება-ჩაბარების აქტებზე და აღნიშნა, რომ სასამართლომ ფორსმაჟორული გარემოების არსებობა არასწორად მიიჩნია დადგენილად, რადგანაც ფოთის ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის წერილით დგინდებოდა ის გარემოება, რომ ზღვაზე შტორმი 2013 წლის 3, 8 და 15 დეკემბერს დაფიქსირდა, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით კი, ირკვევა, რომ ძლიერი შტორმი იყო 2013 წლის 3-4 დეკემბერს. ფაქტია, რომ ფორსმაჟორი წარმოიშვა ხელშეკრულებების 8.1. პუნქტებით გათვალისწინებული მიწოდების ვადის გასვლის შემდგომ და ამ თარიღამდე რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება, რაც ვალდებულების შესრულებას ხელს შეუშლიდა არ დასტურდება. კასატორს სრული უფლება ჰქონდა დაერიცხა პირგასამტეხლო მოწინააღმდეგე მხარისათვის, ხოლო სასამართლოს მსჯელობა, რომ ვადაგადაცილებულ დღეებს უნდა გამოკლებოდა 10 დღე უსაფუძვლოა.

6.1.2. უსაფუძვლოა სასამართლოს მტკიცება კასატორის ბრალეული ქმედების გამო ვალდებულების დარღვევის თაობაზე, რადგანაც საქმეში წარმოდგენილ ორივე ხელშეკრულებას აქვს დანართი #2, რომელშიც მოცემულია ხელშეკრულების ტექნიკური პირობები, ეს დანართები ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია. რაც შეეხება ელექტრონულად მიწოდებულ ზომებს, მასში საუბარია უკვე გადაცემული ზომების კორექტირებაზე და მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ ინფორმაციის მიწოდების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლო სხდომაზე ვერ წარადგინა, თავად ამ ელექტრონული წერილით დასტურდება, რომ ტექნიკური პირობები მენარდეს ჰქონდა, რადგანაც წერილით მას მხოლოდ კორექტირებული ზომები მიეწოდა.

6.1.3. ორივე ინსტანციის სასამართლომ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოპასუხემ დაარღვია ნაკისრი ვალდებულება, თუმცა სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, ხელშეკრულების დამრღვევს მიზერული ოდენობის პირგასამტეხლო ისე დააკისრა, არ გაითვალისწინა, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენით მიღწეული შეთანხმება იყო. მიწოდება, ერთ შემთხვევაში, 45 დღით, ხოლო, მეორე შემთხვევაში _ 49 დღით დაგვიანდა, რამაც პირადი შემადგენლობის დროულად აღუჭურველობის გამო გავლენა იქონია თავდაცვის უნარიანობაზე. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს არ ჰქონდა პირგასამტეხლოს შემცირებისათვის შესაბამისი წინაპირობები (მხარე იყო აღჭურვილი ადვოკატით, იგი მეწარმე სუბიექტია და სხვა). მიზანშეწონილია, სასამართლომ გაითვალისწინოს ის გარემოება, პირგასამტეხლოს შეუსაბამობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მხარეს, რომელიც ამ მოთხოვნას აყენებს. ამ კუთხით გასაჩვრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას, ამასთან, იგი ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვაში მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის პრინციპს და წაახალისებს იმ ვალდებულ პირებს, რომლებთანაც კასატორს მნიშვნელოვანი სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ მხარეთა შორის არსებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევა გამოწვეულია, როგორც კრედიტორის, ისე მოვალის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და შერეული ბრალისას ზიანი უმეტესად, სწორედ კრედიტორის ქმედების შედეგად დადგა. ამასთანავე, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ფოთის პორტში არსებული ფორსმაჟორული მდგომაროება, რაც კრედიტორის მიერ დარღვეული ვალდებულების გათვალისწინებით, არ შეიძლებოდა ბრალად შერაცხვოდა მოვალეს. საბოლოოდ, შესრულების ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით, პალატამ დაადგინა, რომ პირგასამტეხლო ჯამში 51 527,9 ლარს შეადგენდა, თუმცა მისი ფუნქციური დანიშნულების განმსაზღვრელი, დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და სამართლიანი იყო 5 000 ლარი.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სპეციალურ ნორმებთან ერთად სასამართლო ასევე ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობას, თუმცა მას პრეტენზია არ წარმოუდგენია იმ კუთხით, შესაგებლით მოითხოვდა თუ არა მხარე ამ ინსტიტუტის გამოყენებას, შესაბამისად, პალატა ამ საკითხზე ვერ იმსჯელებს. რაც შეეხება ფორსმაჟორისა და კრედიტორის მიერ ვალდებულების დარღვევის კუთხით წარმოდგენილ მტკიცებას, პალატა მას ვერ გაიზიარებს, რადგანაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები საქმეში არსებული მტკიცებულებების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ კვლევის სტანდარტს შეესაბამება. საკასაციო პალატა განუმარტავს კასატორს, რომ, კანონის თანახმად (სკ-ის 418.1 მუხლი), მართალია, პირგასამტეხლო შესაძლოა ზიანზე აღმატებული იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულების ამგვარი დათქმა მართლწესრიგის წინააღმდეგი იქნება და სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, იურიდიული ძალა არ ექნებოდა, თუმცა, იმისათვის, რათა დაცული იყო მხარეთა თანასწორობის საყოველთაო უფლება, კანონმდებელი ითვალისწინებს პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების შესაძლებლობას. რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების საკითხს, პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე, რომლის თანახმადაც, „სამოქალაქო კოდექსი იცნობს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით საშუალებებს, რომელთაგან პირველს გირავნობა (სკ-ის 254-ე მუხლი) და იპოთეკა (სკ-ის 286-ე მუხლი), ხოლო მეორეს _ პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია (სკ-ის 416-ე მუხლი) განეკუთვნება. მითითებულთაგან ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ საშუალებას სწორედ პირგასამტეხლო წარმოადგენს და იგი მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის (სკ-ის 417-ე მუხლი). სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დანიშნულება ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში ამ თანხის ჩათვლაა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად მიღებული ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის სავალდებულოა მხარეთა მიერ შესაბამისი ფორმით შეთანხმების მიღწევა, რაც რეგულირებულია სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილით. განსხვავებით ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან, რომელიც, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არ საჭიროებს მხარეთა წინასწარი შეთანხმების არსებობას, პირგასამტეხლო ყოველთვის სახელშეკრულებო პირობად გვევლინება. ზიანის ანაზღაურების სახელშეკრულებო პირობის ერთადერთი გამონაკლისია ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისას პროცენტზე შეთანხმება (სკ-ის 403-ე მუხლი), თუმცა, ეს შემთხვევა სახეზე არ გვაქვს. მართალია, სამოქალაქო კანონმდებლობა პირგასამტეხლოს ნამდვილობას მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწულ შეთანხმებას უკავშირებს, თუმცა, იგი არ წარმოადგენს აბსოლუტურ დათქმას და მოვალის შესაგებლის არსებობის პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობის თანხის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომაროება, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა (იხ. სუსგ №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი).

1.5. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური