საქმე №ას-16-16-2016 5 თებერვალი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – შპს „მ-ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)
განმცხადებლის მოთხოვნა – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლა
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ-ას“ მიმართ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, ამასთანავე, მოსარჩელემ მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 აპრილის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო მოპასუხის საბანკო ანგარიშებსა და სატრანსპორტო საშუალებებს (4 ერთეული), მოგვიანებით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე, ამავე სასამართლოს 2014 წლის 5 მაისის განჩინებით შეიცვალა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის _ 74 060 ლარის განთავსებით.
3. საქმეთა ერთ წარმოებად გაერთიანებამდე, მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 მარტის განჩინებით ასევე გამოყენებულ იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა დაედო მოპასუხე შპს „მ-ას“ სახელზე რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს: მოდელი - H-A (სედანი), ტექ.პასპორტი - T., გაცემული - 11.07.2011 წელი, ვინი - K., სახელმწიფო ნომერი - Z..., წელი - 2011, ფერი - თეთრი; მოდელი - H-N (მაღალი გამავლობის), ტექ.პასპორტი - A., გაცემული - 15.08.2011 წელი, ვინი - K., სახელმწიფო ნომერი - C..., წელი - 2008, ფერი - რუხი 6/8; მოდელი - F-T (სატვირთო სამგზავრო), ტექ.პასპორტი - A., გაცემული - 20.06.2013 წელი, ვინი - W., სახელმწიფო ნომერი M..., წელი - 1998, ფერი - თეთრი; მოდელი - H-5 (მაღალი გამავლობის), ტექ.პასპორტი -T., გაცემული - 12.08.2013 წელი, ვინი - K., სახელმწიფო ნომერი B..., წელი - 2012, ფერი - რუხი 5/8.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 52 524,50 ლარის გადახდა.
5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, მოსარჩელემ მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო, მოპასუხემ _ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შპს „მ-ას“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5 000 ლარის გადახდა.
7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
8. საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „მ-ას“ წარმომადგენილმა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მოითხოვა გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლა. განმცხადებლის განმარტებით, ... უძრავი ქონება ეკუთვნის შპს „მ-ას“ რომელიც დატვირთულია იპოთეკით, რაც, მისი მაღალი საბაზრო ფასისა და საბანკო პროდუქტით სარგებლობის გამო, მეტ ნდობას იმსახურებს სამოქალაქო ბრუნვაში, გასათვალისწინებელია, რომ კომპანიას არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება და მისი საქმიანი რეპუტაციის გათვალისწინებით, მითითებული უზრუნველყოფის საგანი მოსარჩელის წინაშე არსებული ვალდებულებისათვის საკმარისი უნდა აღმოჩნდეს, თუკი სასამართლო განმცხადებელს აუკრძალავს ამ ქონების გაყიდვასა და იპოთეკით დატვირთვას. თუკი სასამართლო მითითებულ ქონებას არასათანადოდ ჩათვლის, ასეთ შემთხვევაში განმცხადებელმა წარმოადგინა კომპანიის დირექტორის დედის თანხმობა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთოს მისი კუთვნილი #... უძრავი ქონება, რომლის ღირებულებაც 339 500 ლარია და მნიშვნელოვნად აღემატება სარჩელით მოთხოვნილ თანხას. განმცხადებელმა წარმოადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერები, სანოტარო წესით დამოწმებული ლ. ქ-ას თანხმობა, აუდიტორული დასკვნა ქონების საბაზრო ღირებულის თაობაზე, შემოსავლების სამსახურისა და სს „ს-ის“ მიერ გაცემული ცნობები, ასევე, სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა შპს „მ-ას“ განცხადების საფუძვლიანობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლის თაობაზე და მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებულია შემდეგი ღონისძიებები: მოპასუხეს დაევალა საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის _ 74 060 ლარის განთავსება, ასევე, ყადაღა დაედო შპს „მ-ას“ სახელზე რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს: მოდელი - H-A (სედანი), ტექ.პასპორტი - T., გაცემული - 11.07.2011 წელი, ვინი - K., სახელმწიფო ნომერი - Z..., წელი - 2011, ფერი - თეთრი; მოდელი - H-N (მაღალი გამავლობის), ტექ.პასპორტი - A., გაცემული - 15.08.2011 წელი, ვინი - K., სახელმწიფო ნომერი - C..., წელი - 2008, ფერი - რუხი 6/8; მოდელი - F-T (სატვირთო სამგზავრო), ტექ.პასპორტი - A., გაცემული - 20.06.2013 წელი, ვინი - W., სახელმწიფო ნომერი M..., წელი - 1998, ფერი - თეთრი; მოდელი - H-5 (მაღალი გამავლობის), ტექ.პასპორტი -T., გაცემული - 12.08.2013 წელი, ვინი - K., სახელმწიფო ნომერი B..., წელი - 2012, ფერი - რუხი 5/8.
2. განმცხადებელი მოითხოვს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების სხვა ღინისძიებით შეცვლას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლი ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლის შესაძლებლობას, რომელიც, საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე დაიშვება მხარის შუამდგომლობის საფძველზე, თუმცა ეს არ არის მხარის აბსოლუტური უფლება და იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას კანონით გათვალისწინებული შესაბამისი წინაპირობების არსებობისას. მითითებული ნორმის მე-3 ნაწილით განსაზღვრულია, რომ ფულადი თანხების გადახდევინების შესახებ სარჩელის უზრუნველყოფისას მოპასუხეს შეუძლია მიღებულ უზრუნველყოფის ღონისძიებათა ნაცვლად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა შეიტანოს სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე.
3. მოცემულ შემთხვევაში, დავა სწორედ ფულადი ვალდებულებიდან გამომდინარეობს და კანონით დასაშვები უზრუნველყოფის ღონისძიების ზომად თანხის დეპოზიტზე განთავსება მიიჩნევა, რაც, მოცემულ შემთხვევაში, ერთ-ერთი ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ოდენობით ისედაც განთავსებულია სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე. ამდენად, განცხადება უსაფუძვლოა. გარდა აღნიშნულისა, თუკი სასამართლო მივიდოდა დასკვნამდე, რომ უზრუნველყოფის შემოთავაზებული საგანი ხელს შეუწყობდა მისი გამოყენების მიზანს, შესაძლოა, შუამდგომლობა დაკმაყოფილებულიყო, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები დასაშვებად მიიჩნევს უზრუნველყოფის ღონისძიების საგნად გამოყენებულ იქნას ნივთი, რომელიც ეკუთვნის მოპასუხეს და არის მასთან ან სხვა პირთან. თავად განცხადებითა და მასზე დართული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სოფელ წავკისში მდებარე ქონება, რომელის ღირებულებაც მნიშვნელოვნად აღემატება სარჩელით მოთხოვნილი თანხის ოდენობას ეკუთვნის არა მოპასუხეს, არამედ მისი დირექტორის დედას და, მიუხედავად მესაკუთრის სანოტარო თანხმობისა, ქონება აღსრულების ჯეროვან საგნად ვერ იქნება განხილული, რაც შეეხება შპს „მ-ას“ კუთვნილ #.... უძრავ ქონებას, იგი ბანკის სასარგებლოდაა დატვირთული იპოთეკით და გაურკვეველია უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა, შესაბამისად, სავსებით დაუსაბუთებელია მხარის განმარტება იმის შესახებ, რომ ბანკის მიმართ არსებული მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნად ქონების გამოყენება მეტ სანდოობას ქმნის ამ ქონების სამოქალაქო ბრუნვის თვალსაზრისით.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს „მ-ას“ განცხადება უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „მ-ას“ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური