Facebook Twitter

საქმე №ას-96-92-2016 10 მარტი, 2016 წელი ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ა. და რ. ბ-ეების საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 დეკემბრის განჩინებაზე, საქმეზე – აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელის გამო, ა. და რ. ბ-ეების მიმართ, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. და რ. ბ-ეების საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 თებერვლის განჩინებით ა. და რ. ბ-ეების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების და მისი გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორებს დაევალათ 7 (შვიდი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 6000 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

2016 წლის 1 მარტს სასამართლოს განცხადებით მომართა ადვოკატმა ს. შ-ემ და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის 30%-მდე შემცირების და შემდგომ მისი გადაწილვადების (15%-მდე წინასწარ და დარჩენილი 15%-ის საქმის განხილვის შემდგომ გადახდის) თაობაზე. განმცხადებლის განმარტებით, მისი მარწმუნებლები იმყოფებიან არათანაბარ პირობებში ვინაიდან, მოსარჩელე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამასთან, სააპელაციო ინსტანციაში ა. და რ. ბ-ეებმა გადაიხადეს სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით, რის გამოც მოუხდათ ვალის აღება და ამ ეტაპზე აღარ აქვთ შესაძლებლობა გადაიხადონ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით განსაზღვრული 6000 ლარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.

ამდენად, სასამართლო ხარჯების ოდენობის შემცირებისა და გადახდის გადავადების შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას არ შეუძლია კონკრეტული დროისათვის ან გარკვეული ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა მხარემ ზემოხსენებული წესის შესაბამისად, ვერ წარადგინა უტყუარი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მას სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობა ობიექტურად არ გააჩნია. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს რომ, შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს რომ, მხარეთა მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დასადასტურებლად საქმეში (სააპელაციო ინსტანციაში) წარმოდგენილია მხოლოდ საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც რ. ბ-ეს გააჩნდა ფულადი ვალდებულება სს „საქართველოს ბანკის“ მიმართ. პალატა მიიჩნევს რომ, არსებული ხელშეკრულება უტყუარად არ ადასტურებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას, აღნიშნული მტკიცებულება მით უფრო ვერ იქნება გაზიარებილი სასამართლოს მიერ, იმის გათვალისწინებით რომ, გადახდის გრაფიკისა და თვითონ საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოიწურა 2015 წლის დეკემბერში. შესაბამისად, რ.ბ-ეს ბანკის მიმართ ფულადი ვალდებულება საკასაციო საჩივრის შეტანის დროისათვის აღარ გააჩნია.

რაც შეეხება შუამდგომლობას სახელმწიფო ბაჟის გადაწილვადების თაობაზე, პალატა აღნიშნავს რომ, აღნიშნულის შესაძლებლობას არ იძლევა საპროცესო კანონმდებლობა. მხარის შუამდგომლობა შესაძლებელია განვიხილოთ სახელმწიფო ბაჟის გადავადებად რომელზეც სასამართლომ უკვე იმსჯელა 2016 წლის 2 თებერვლის განჩინებით და არ დააკმაყოფილა ის უსაფუძვლობის გამო, შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე სასამართლო განმეორებით ვერ იმსჯელებს.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხარის არგუმენტზე იმასთან დაკავშირებით რომ, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და ამის გამო ისინი იმყოფებიან არათანაბარ პირობებში და ამის საპირისპიროდ მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მესამე ნაწილზე, რომლის თანახმადაც, ერთი მხარის განთავისუფლება სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მეორე მხარის სასამართლო ხარჯების გადახდის ვალდებულებებზე გავლენას არ ახდენს.

გარდა ზემოაღნიშნულისა, გასათვალისიწნებელია ის გარემოება რომ სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ადვოკატმა ს. შ-ემ, რომელიც წარმოადგენს მხოლოდ რ. ბ-ეს (იხ.რწმუნებულება ს.ფ. 124), ხოლო ა. ბ-ის მიერ ს.შანთიძის სახელზე გაცემული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი მინდობილობა საქმეში არ მოიპოვება. გამომდინარე აქედან, უნდა მივიჩნიოთ რომ, 2016 წლის 1 მარტის შუამდგომლობით სასამართლოს მომართა მხოლოდ რ. ბ-ემ. ა. ბ-ეს სასამართლოსათვის არ მოუმართავს დადგენილ ვადაში და შესაბამისად არც ხარვეზი გამოუსწორებია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისიწნებით, საკასაცაიო პალატა მიიჩნევს რომ, რ. ბ-ის წარმომადგენელ ს. ს-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის შემცირებისა და მისი გადაწილვადების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ა. ბ-ისა და რ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. და რ. ბ-ეების საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე