Facebook Twitter

საქმე № 190210015717265

საქმე №ას-11-11-2016 10 თებერვალი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – დ. თ.-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „თ.-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. თ.-ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ.

2. მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის 11 ნოემბერს სს „თ.-სა“ და დ. თ.-ეს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი ... ქარდი 1500-ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. კრედიტის ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო – ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, რასაც ემატებოდა 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

3. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 10%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს ოდენობით.

4. მოსარჩელის მითითებით, 2012 წლის 3 თებერვალს დაირღვა ხელშეკრულება და 2015 წლის 29 იანვრის მდგომარეობით დ. თ.-ეს ... ქარდზე რიცხული დავალიანება შეადგენს 5820.36 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 1424.32 ლარი, პროცენტი – 828.23 ლარი, ხოლო ჯარიმა – 3567.81 ლარი.

5. 2011 წლის 16 დეკემბერს მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი ... ქარდი 1000-ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. კრედიტის ერთი წლის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო – ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

6. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 10%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს ოდენობით.

7. 2012 წლის 4 თებერვალს მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და 2015 წლის 29 იანვრის მდგომარეობით დ. თ.-ეს ...- ქარდზე ერიცხება დავალიანება 4028.40 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 998.56 ლარი, პროცენტი – 547.49 ლარი და ჯარიმა – 2482.35 ლარი.

8. მოსარჩელის განმარტებით, ორივე ზემოაღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დ. თ.-ეს სს „თ.-ის“ მიმართ ერიცხება დავალიანება 9848.76 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 2422.88 ლარი, პროცენტი – 1375.72 ლარი, ხოლო ჯარიმა – 6050.16 ლარი.

9. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან, საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულების თანახმად, კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო მსესხებლის მიერ გატანილი თანხის დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს. ერთ შემთხვევაში ხანდაზმულობის დენა დაიწყო 2011 წლის 6 დეკემბერს, მეორე შემთხვევაში – 2012 წლის 10 იანვრიდან. ასევე, ხანდაზმულია დამატებითი მოთხოვნები, ვინაიდან მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნისათვის მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა.

10. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით სს „თ.-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დ. თ.-ეს სს „თ.-ის“ სასარგებლოდ, 2011 წლის 11 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრა ძირითადი თანხის გადახდა 1424.32 ლარის ოდენობით, პროცენტი სახით – 828. 23 ლარის, პირგასამტეხლოს – 500 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის – 1000 ლარის ოდენობით, ხოლო 2011 წლის 16 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაევალა ძირითადი თანხის – 998.56 ლარის, პროცენტის – 547.49 ლარის, პირგასამტეხლო – 300 ლარი, მიუღებელი შემოსავლის – 500 ლარის ანაზღაურება.

11. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დ. თ.-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 მაისის გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა დ. თ.-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი დ. მ.-ე, რომელსაც გააჩნდა მარწმუნებლის სახელით სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება.

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შესაბამისად, არც დ. თ.-ე და არც მისი წარმომადგენელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეებში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში არ გამოცხადებულან და გადაწყვეტილების ასლი არ ჩაუბარებიათ.

15. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 19 ივნისს და ამოიწურა 2 ივლისს, ხოლო სააპელაციო საჩივარი მხარემ შეიტანა 2015 წლის 16 სექტემბერს.

16. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით და ჩათვალა, რომ აპელანტმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით არ გაასაჩივრა და სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე დ. თ.-ემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლებით:

18. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ მის მიერ სააპელაციო საჩივრის დაგვიანებით შეტანა განაპირობა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებული ვარიანტის დროულად მოუმზადებლობამ. აპელანტის წარმომადგენელმა რამდენჯერმე უშედეგოდ მიაკითხა მოსამართლის თანაშემწეს გადაწყვეტილების მისაღებად, რისი შემოწმება შესაძლებელია სასამართლოს მონიტორინგის სამსახურში მისი ზარების გადამოწმების გზით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

19. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. თ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

20. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს დ. თ.-ის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დაცვის საკითხი.

21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

22. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, რათა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი.

23. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამდენად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“.

24. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე დღეა თუ არა აღნიშნული) მომდევნო დღიდან, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სუს 2015 წლის 12 იანვრის №ას-843-807-2014 განჩინება).

25. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა დ. თ.-ის წარმომადგენელი დ. მ.-ე, რომლის შესაბამისი უფლებამოსილება დადასტურებულია საქმის მასალებში წარმოდგენილი მინდობილობით (ს.ფ. 62).

26. საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ დ. თ.-ის წარმომადგენელი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეებში გამოცხადდა პირველი ინსტანციის სასამართლოში და მოითხოვა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება. აღნიშნული ფაქტის დადასტურება კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, აპელანტი მხარის მოვალეობას წარმოადგენდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მხარის არგუმენტს, რომ აპელანტმა კანონით დადგენილ დროს სასამართლოში გამოცხადების ვალდებულება შეასრულა. მხოლოდ მხარის განმარტება და მითითება სატელეფონო საუბრის გადამოწმებასთან დაკავშირებით საკმარის მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან მოპასუხეს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსათვის წერილობით არ მიუმართავს.

27. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე, 2591 მუხლების შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო მისი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო დღეს, 2015 წლის 19 ივნისს და ამოიწურა 2015 წლის 2 ივლისს, მხარემ კი სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2015 წლის 16 სექტემბერს, კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს განჩინებით მართებულად დარჩა განუხილველად და კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. თ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე