Facebook Twitter

საქმე № 330210014449230

საქმე №ას-19-19-2016 23 თებერვალი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – გ. გ.-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ბ.-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ. ბ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. გ.-ის მიმართ ქ.თ.-სში, თ.ის ქუჩის პირველი ჩიხის №..ში მდებარე შენობა-ნაგებობიდან (საკადასტრო კოდი №..) მოპასუხე გ. გ.-ის კუთვნილ ½ ნაწილში განთავსებულ 33 კვ.მ საცხოვრებელ სადგომზე მესაკუთრედ ცნობა.

2. მოსარჩელემ განმარტა, რომ 1989 წელს მამამისმა ს. ბ.-მა გ. გ.-ისაგან იყიდა ქ.თ.-ში, თ.-ის ქუჩის პირველი ჩიხის №..ში მდებარე 33 კვ.მ. მას შემდეგ ფართში რეგისტრირებულია და ცხოვრობს მოსარჩელე.

3. 2012 წლის 22 ივნისს მხარეთა შორის გაფორმებული სანოტარო შეთანხმებით მოპასუხემ აღიარა ზემოაღნიშნული ნასყიდობის ფაქტი და ვალდებულება იკისრა, მიეღო კუთვნილი სამკვიდრო, აღერიცხა იგი საჯარო რეესტრში და, დამატებით 5000 აშშ დოლარის მიღების სანაცვლოდ, გადაეფორმებინა ქონება ნ. ბ.-ისათვის.

4. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ თანხა გ. გ.-ეს 2012 წლის 15 ოქტომბრამდე გადაუხადა, თუმცა კუთვნილი უძრავი ნივთი არ გადაფორმებია.

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ს. ბ.-ი იყო მისი მეუღლე. მათ შორის არანაირი ნასყიდობა არ მომხდარა, შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა.

6. საქმეში მესამე პირად ჩაება ს. ბ.-ი.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლის ივნისში გ. გ.-ესა (მესაკუთრეს) და ნ. ბ.-ს (მოსარგებლეს) შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც ნ. ბ.-მა ვალდებულება იკისრა, დამატებით გადაეხადა გ. გ.-ისათვის 5000 აშშ დოლარი, ხოლო გ. გ.-ეს, სანაცვლოდ, უნდა მიეღო სამკვიდრო და ქონების საჯარო რეესტრში აღრიცხვის შემდეგ ქ.თ.-ში, თ.-ის ქუჩის პირველი ჩიხის №..ში მდებარე შენობა-ნაგებობიდან 33 კვ.მ საკუთრების უფლებით გადაეცა (გაეფორმებინა) ნ. ბ.-ისათვის.

10. ამავე შეთანხმებაში მითითებულია, რომ გასასხვისებელი ფართი ჯერ კიდევ 1989 წელს 14000 მანეთად შეიძინა ნ. ბ.-ის მამამ ს. ბ.-მა და მას შემდეგ ს. ბ.-ი ოჯახთან ერთად ცხოვრობს ამ ფართში. აღნიშნული შეთანხმებით მხარეებმა აღიარეს, რომ ს. ბ.-ი არის „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოსარგებლე. შეთანხმება დამოწმებულია სანოტარო წესით.

11. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერების ასლებით დადასტურებულია ნ. ბ.-ის მიერ 2012 წლის 22 ივნისს, 5 ივლისს, 4 აგვისტოსა და 13 ოქტომბერს გ. გ.-ისათვის საბანკო ანგარიშზე 1000, 2000, 1000 და 1000 აშშ დოლარის, სულ – 5000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი.

12. ნ. ბ.-ი არის მესამე პირის, ს. ბ.-ის შვილი.

13. გ. გ.-ის გვარი 1991 წლის 11 მაისამდე იყო ა.-ა, ხოლო მეუღლის გვარზე გადასვლის გამო, დღემდე ატარებს გ.-ის გვარს. ქორწინებისა და განქორწინების მოწმობებით დადასტურებულია, რომ გ. ა.-ა 1989 წლის 5 სექტემბრიდან 1991 წლის 27 თებერვლამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ს. ბ.-თან.

14. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა, რომ ქ.თ.-სში, თ.-ის ქუჩის პირველი ჩიხის №..ში მდებარე 306 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები (№1 შენობა საერთო ფართით 96,21 კვ.მ, №2 შენობა საერთო ფართით 10,92 კვ.მ, №- შენობა საერთო ფართით 62,03 კვ.მ და №4 შენობა საერთო ფართით 10,92 კვ.მ) 2013 წლის 15 თებერვალს ნოტარიუს დ.ო.-ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობების საფუძველზე რეგისტრირებულია გ. გ.-ისა და ა. მ.-ის თანასაკუთრებად.

15. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის, 11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის, 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში 2012 წლის 22 ივნისის შეთანხმებით მოპასუხე გ. გ.-ემ, 5000 აშშ დოლარის მიღების სანაცვლოდ, იკისრა ვალდებულება, საკუთრების უფლება გადაეცა მოსარჩელე ნ. ბ.-ისათვის იმ საცხოვრებელ სადგომზე, რომელიც, ჯერ კიდევ 1989 წლის შეთანხმების შესაბამისად, 14000 მანეთის გადახდის სანაცვლოდ, დაკავებული აქვს ს. ბ.-ს და მისი ოჯახის წევრებს, მათ შორის, მოსარჩელე ნ. ბ.-ს. იმავე ხელშეკრულებით მოპასუხე გ. გ.-ემ აღიარა ს. ბ.-თან იმგვარი ურთიერთობის არსებობას, რომელიც რეგულირდება „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით.

16. გ. გ.-ემ აღიარა, რომ სადავო საცხოვრებელ სადგომთან მიმართებით ს. ბ.-ი აღჭურვილია აღნიშნული კანონით გათვალისწინებული მოსარგებლის სტატუსით.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ნ. ბ.-სა და გ. გ.-ეს შორის დადებული ხელშეკრულება სადავოდ არ გამხდარა (მისი ბათილობა არავის მოუთხოვია), შესაბამისად, სასამართლოს უჩნდება რწმენა, 2012 წლის 22 ივნისის შეთანხმება მიიჩნიოს, შეთანხმებული კომპენსაციის სანაცვლოდ, მოსარგებლე ს. ბ.-ის ნების შესაბამისად, მისი შვილი ნ. ბ.-ისათვის საცხოვრებელი სადგომის საკუთრებაში გადაცემით „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებული ურთიერთობის მომწესრიგებელ გარიგებად. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოპასუხე გ. გ.-ეს მიღებული აქვს 2012 წლის 22 ივნისის შეთანხმებით განსაზღვრული თანხა – 5000 აშშ დოლარი.

18. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა ნ. ბ.-ის სარჩელი და ნ. ბ.-ი ცნო სადავო საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ.

19. სააპელაციო სასამართლოს განჩინება გ. გ.-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

20. კასატორმა მიიჩნია, რომ 1989 წლის ხელშეკრულება არ გაფორმებულა, რაც სასამართლომაც დაადასტურა გასაჩივრებული განჩინების მე-4 გვერდის 3.3 პუნქტით, კერძოდ, პალატამ მიუთითა, რომ: „სასამართლოს უჩნდება რწმენა 22.06.2012წ. შეთანხმება მიიჩნიოს კომპენსაციის სანაცვლოდ, მაშინ როდესაც 1989 წლის ხელშეკრულება რეალობაში არ არსებობს.“

21. მესამე პირი ს. ბ.-ი არ წარმოადგენს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მოსარგებლეს.

22. მხარის მოსაზრებით, სააპელაციო პალატის მსჯელობა წინააღმდეგობრივია. სასამართლოს მითითებით, ქორწინებისა და განქორწინების მოწმობებით დადასტურებულია, რომ გ. ა.-ა (დღეისათვის გვარად გ.-ე) 1989 წლის 5 სექტემბრიდან 1991 წლის 27 თებერვლამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ს. ბ.-თან. საქმეში არ მოიპოვება რწმუნებულება, რის საფუძველზეც ნ.- ბ.-მა ს. ბ.-ის სახელით მიიღო მონაწილეობა საქმის განხილვაში.

23. კასატორმა ჩათვალა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა გ.გ.-ის მიერ საბანკო ანგარიშზე შეტანილი თანხების დანიშნულება „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ შესაბამისად და არ გამოიკვლია, რეალურად რას ემსახურებოდა მათი გადახდა.

24. მხარემ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ვერ წარადგინა ვერანაირი მტკიცებულება იმის დამადასტურებლად, რომ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონით დადგენილი წესით ფლობდა სადავო ფართს.

25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 იანვრის განჩინებით გ. გ.-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

26. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა გ. გ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

27. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლის ივნისში გ. გ.-ესა (მესაკუთრეს) და ნ. ბ.-ს (მოსარგებლეს) შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც ნ. ბ.-მა იკისრა ვალდებულება, დამატებით გადაეხადა გ. გ.-ისათვის 5000 აშშ დოლარი, ხოლო გ. გ.-ეს, სანაცვლოდ, უნდა მიეღო სამკვიდრო და ქონების საჯარო რეესტრში აღრიცხვის შემდეგ ქ.თ.-სში, თ.ის ქუჩის პირველი ჩიხის №..ში მდებარე შენობა-ნაგებობიდან 33 კვ.მ საკუთრების უფლებით გადაეცა (გაეფორმებინა) ნ. ბ.-ისათვის.

28. ამავე შეთანხმებაში მითითებულია, რომ გასასხვისებელი ფართი ჯერ კიდევ 1989 წელს 14000 მანეთად შეიძინა ნ. ბ.-ის მამამ ს. ბ.-მა და მას შემდეგ ს. ბ.-ი ოჯახთან ერთად ცხოვრობს ამ ფართში. აღნიშნული შეთანხმებით მხარეებმა აღიარეს, რომ ს. ბ.-ი არის „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოსარგებლე. შეთანხმება დამოწმებულია სანოტარო წესით.

29. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერების ასლებით დადასტურებულია ნ. ბ.-ის მიერ 2012 წლის 22 ივნისს, 5 ივლისს, 4 აგვისტოსა და 13 ოქტომბერს გ. გ.-ისათვის საბანკო ანგარიშზე 1000, 2000, 1000 და 1000 აშშ დოლარის, სულ – 5000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი.

30. ნ. ბ.-ი არის ს. ბ.-ის შვილი.

31. გ. გ.-ის გვარი 1991 წლის 11 მაისამდე იყო ა.-ა, ხოლო მეუღლის გვარზე გადასვლის გამო, დღემდე ატარებს გ.-ის გვარს. ქორწინებისა და განქორწინების მოწმობებით დადასტურებულია, რომ გ. ა.-ა 1989 წლის 5 სექტემბრიდან 1991 წლის 27 თებერვლამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ს. ბ.-თან.

32. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა, რომ ქ.თ.-სში, თ.-ის ქუჩის პირველი ჩიხის №..ში მდებარე 306 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები (№1 შენობა საერთო ფართით 96,21 კვ.მ, №2 შენობა საერთო ფართით 10,92 კვ.მ, №- შენობა საერთო ფართით 62,03 კვ.მ და №4 შენობა საერთო ფართით 10,92 კვ.მ) 2013 წლის 15 თებერვალს ნოტარიუს დ.ო.-ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობების საფუძველზე რეგისტრირებულია გ. გ.-ისა და ა. მ.-ის თანასაკუთრებად.

33. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით გ. გ.-ე სადავოდ ხდის ნ. ბ.-ის, როგორც „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოსარგებლის სტატუსს.

34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

35. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

36. დაუსაბუთებელია კასატორის არგუმენტი, რომ მოსარჩელე ნ. ბ.-მა ვერ წარადგინა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ სადავო უძრავი ნივთის, „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოსარგებლის სახით ფლობის ფაქტს.

37. ამ კუთხით საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის განჩინების პოზიციას და მიუთითებს, რომ, ზემოაღნიშნული კანონის დანაწესიდან გამომდინარე, ნ. ბ.-ის საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლედ მიჩნევის ფაქტი დადასტურებულია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2012 წლის 22 ივნისს სანოტარო წესით გაფორმებული შეთანხმებით, რომელიც შეიცავს პირდაპირ აღიარებას საცხოვრებელ სადგომზე დადებული ნასყიდობის შესახებ. დასახელებული შეთანხმება ძალაშია და მისი ბათილად ცნობა მხარეებს არ მოუთხოვიათ. შესაბამისად, მის შინაარსში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია. ასევე, დადასტურებულია ნ. ბ.-ის მიერ თანხის გადახდის ფაქტიც, რის საწინააღმდეგოდაც დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია კასატორს არ წარმოუდგენია.

38. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას გასაჩივრებულ განჩინებაში წინააღმდეგობრივი დასაბუთების არსებობასთან დაკავშირებითაც. აღნიშნულის დასტურად საკასაციო საჩივარში მოყვანილია გასაჩივრებული განჩინების მე-4 გვერდზე ასახული 3.3 პუნქტი („სასამართლოს უჩნდება რწმენა 22.06.2012წ. შეთანხმება მიიჩნიოს კომპენსაციის სანაცვლოდ, მაშინ როდესაც 1989 წლის ხელშეკრულება რეალობაში არ არსებობს“). მხარის მიერ მითითებული პუნქტის ციტირება არასრულია, რადგან განჩინებაში იგი იწყება სიტყვებით „აპელანტის განმარტებით“.

39. ამდენად, ცხადია, რომ 3.3 პუნქტში დაფიქსირებულია არა სასამართლოს მსჯელობა, არამედ მითითება სააპელაციო საჩივრის საფუძვლებზე.

40. საფუძველს მოკლებულია გ. გ.-ის არგუმენტი, მხარის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ დაშვებული იმ საპროცესო დარღვევის მიმართაც, რომ საქმეში არ მოიპოვება რწმუნებულება, რის საფუძველზეც ნ.- ბ.-მა ს. ბ.-ის სახელით მიიღო მონაწილეობა საქმის განხილვაში.

41. საქმის მასალებში (ტომი 1, ს.ფ. 146) წარმოდგენილია ს. ბ.-ის მიერ ნ.- ბ.-ის სახელზე გაცემული მინდობილობა, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს სრული უფლება გააჩნია, განუსაზღვრელი ვადით დაიცვას მარწმუნებლის ინტერესები სასამართლოში.

42. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

43. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

44. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

45. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ გ. გ.-ეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მ. ჭ.-ის მიერ 2016 წლის 8 იანვარს №.. საგადახდო დავალებით გადახდილი 425 ლარის 70% – 297,5 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. გ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ გ. გ.-ეს (პირადი №..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მ. ჭ.-ის მიერ 2016 წლის 8 იანვარს №.. საგადახდო დავალებით გადახდილი 425 ლარის 70% – 297,5 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური