საქმე № 330210114596367
საქმე №ას-48-47-2016 10 თებერვალი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.-ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ.-ას“ მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს – 4 273,95 ლარის ანაზღაურების შესახებ.
2. მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 11 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა №.. ხელშეკრულება, რომლით გათვალისწინებული პირობებისა და №1 დანართის შესაბამისად, მოპასუხემ ვალდებულება იკისრა, მიაწოდოს შემსყიდველს საქონელი არაუგვიანეს 2014 წლის 15 იანვრისა. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი არ მიაწოდა.
3. 2014 წლის 2 ივლისის №..-1 აქტით მოპასუხეს დაეკისრა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისთვის პირგასამტეხლოს – 4273,95 ლარის გადახდა. მოპასუხეს გაეგზავნა მოთხოვნა დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნით, მაგრამ თანხა არ გადაუხდია.
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2013 წლის 11 დეკემბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და 5 დასახელების საქონელი მოსარჩელეს მიაწოდა.
5. შპს „ა.-ის“ დასკვნის თანახმად, №9 საპოხი პროდუქციის მაჩვენებელი გარეგანი სახით არ შეესაბამებოდა 38.38,001116-73 ტექნიკური პირობის ნორმებს, ასევე, ВНИИНП-254 საპოხი „ა.-ას“ პროდუქციის მაჩვენებელი გარეგანი სახით არ შეესაბამებოდა 38.1011048-85 ტექნიკური პირობის ნორმებს.
6. მოპასუხის მითითებით, 2014 წლის 15 იანვარს წერილით მიმართა თავდაცვის სამინისტროს, გადაეცათ 2013 წლის 11 დეკემბრის №8-- ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული პროდუქციის ექსპერტიზის დასკვნის მასალები, რათა მწარმოებელ ორგანიზაციას მოეხდინა რეაგირება, გადაემოწმებინა საქონლის ხარისხი და შეეცვალა იგი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის 2014 წლის 4 თებერვლის №MOD 514 00064727 T წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ თავდაცვის სამინისტროსთან ექსპერტიზის ჩატარების დოკუმენტაცია შედგენილია და საიდუმლო გრიფი მინიჭებული აქვს შპს „ა.-ის“ მიერ, რის გამოც ვერ მოახერხა მიმწოდებლისათვის პრეტენზიის წაყენება და პროდუქციის შეცვლა.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1 068,48 ლარის გადახდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 11 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „მ.-ას„ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №.. ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ხელშეკრულების №1 დანართის შესაბამისად, მიეწოდებინა საქონელი შემსყიდველისათვის. ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის საერთო ღირებულება შეადგენდა 48 567,60 ლარს.
10. ხელშეკრულების 12.1. პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმწოდებელს, წინასწარი შეტყობინების გარეშე, დაეკისრება შემსყიდველისათვის პირგასამტეხლოს გადახდა შემდეგი ოდენობით: საქონლის მიუწოდებლობისათვის (მათ შორის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, უხარისხო, არასრული მოცულობით, საჭირო დოკუმენტაციის გარეშე), გარდა 7.4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხელშეკრულების ღირებულების 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
11. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, საქონლის ტექნიკური და ხარისხობრივი პარამეტრები განისაზღვრა №1 დანართით და/ან წარმოდგენილი ნიმუშით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), 4.2. პუნქტით კი დადგინდა, რომ საქონლის ან ყოველი პარტიის ტექნიკური მახასიათებლები და ხარისხი ერთდროულად უნდა შეესაბამებოდეს ამ ხელშეკრულებისა და შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებს და/ან წარმოდგენილ ნიმუშს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
12. შპს „მ.-ას“ მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მიწოდებული 9-120 კგ საპოხი, 110,5 კგ ВНИИНП-254 „ა.-ა“ და 800 კგ საპოხი ლიტოლ-24-12 არ აკმაყოფილებდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ სტანდარტებს.
13. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 2014 წლის 6 იანვარს შედგა №1 აქტი, რომლის თანახმად 2013 წლის 31 დეკემბერს შპს „მ.-ის“ მიერ თბილისის საწვავ-საპოხი მასალების ბაზაში შეტანილ იქნა 0,850 კგ-იანი თუნუქის ქილებით 110,5 კგ საპოხი „ა.-ა“ ВНИИНП-254. ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ პროდუქციას ქილებზე მითითებული მარკირების ტექნიკური მახასიათებლები არ შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტექნიკურ მახასიათებლებს.
14. 2014 წლის 14 იანვარს ასევე შედგა №10 აქტი, რომლის თანახმად, პროდუქციის ვარგისიანობის დადგენის მიზნით, შპს „ა.-ის“ ნავთობპროდუქტების ტესტირების ლაბორატორიაში ჩაუტარდა შემოწმება. შპს „ა.-ის“ დასკვნის საფუძველზე დადგინდა, რომ განსაზღვრული პროდუქციის მაჩვენებელი გარეგანი სახით არ შეესაბამება 38.101/048-85 ტექნიკური პირობის ნორმებს.
15. სააპელაციო პალატის მითითებით, 2014 წლის 12 მარტს მხარეთა შორის გაფორმდა უკან დაბრუნების აქტი, რომლის თანახმად სინჯის აღების შემდეგ აღმოჩნდა, რომ საპოხი მასალა არ შეესაბამებოდა სტანდარტებს, რის გამოც უკან დაბრუნდა: 1. საპოხი 9-120 კგ; 2. ВНИИНП-254 „ა.-ა“ 110,5 კგ; 3. საპოხი „ლიტოლ“-24-12 800კგ. უკან დაბრუნების აქტი ხელმოწერილ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საწვავ-საპოხი ბაზის საწყობის უფროსისა და შპს „მ.-ის“ დირექტორ მერაბ კილაძის მიერ.
16. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსმა 2014 წლის 2 ივლისს წერილით მიმართა შპს „მ.-ას“, გაუგზავნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „მ.-ას“ შორის 2013 წლის 11 დეკემბერს დადებული №.. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მიმწოდებლის მიერ დარღვევის შესახებ №..-1 02.07.2014 წ შემოწმების აქტი და განუსაზღვრა 10-დღიანი ვადა პირგასამტეხლოს გადასახდელად. უდავოა, რომ მოპასუხეს პირგასამტეხლო არ გადაუხდია.
17. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სარჩელით ითხოვდა, შპს „მ.-ას“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს – 4 273,95 ლარის გადახდას.
18. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეამცირა ოთხმაგ ოდენობამდე და განსაზღვრა 1 068,48 ლარით, რასაც აპელანტი არ დაეთანხმა.
19. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით, 418-ე მუხლის პირველი ნაწილით, 420-ე მუხლით და განმარტა, რომ ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის – პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად.
20. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სასამართლო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად თანხასთან მიმართებით. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი და სხვა.
21. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო – 4 273,95 ლარი, ვალდებულების დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე, მართებულად შეაფასა შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და სწორად შეამცირა იგი 1 068,48 ლარამდე. პირგასამტეხლოს სახით გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული თანხა პირგასამტეხლოს გონივრულ და სამართლიან ოდენობას წარმოადგენს და სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მისი გაზრდის საფუძველი არ არსებობს.
22. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა სადავო პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით და დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მხარეთა უფლება, თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა.
23. მხარის მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე მითითებით პირგასამტეხლოს შემცირებისას სააპელაციო პალატას სრულყოფილად არ გამოუკვლევია, არსებობდა თუ არა საქმის გარემოებები, რომელთა საფუძველზე შესაძლებელი გახდებოდა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება.
24. კასატორის განმარტებით, პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს: პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტიტუტის ფუნქცია, თავიდან აიცილოს ვალდებულების დამრღვევი დამატებითი მოქმედებები; დარღვევის სიმძიმის, მოცულობისა და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხი; როგორია ვალდებულებისა და მისი შესრულების ღირებულება, შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა; მოვალის ქონებრივი მდგომარება; რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას, ჰყავდა თუ არა ადვოკატი, არის თუ არა მხარე გამოცდილი სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტი, რადგან ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც შეუსაბამოდ მაღალი, გამოხატავს მხარეთა ნებას და არ უნდა შემცირდეს.
25. ამავდროულად, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, რომ პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობის მტკიცების ტვირთი ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს მის შემცირებას. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული კუთხით გასაჩივრებული განჩინება საკმარის დასაბუთებას არ შეიცავს.
26. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია მოსარჩელის ინტერესები, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვაში მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის პრინციპს. ამგვარი ტენდენციის დამკვიდრება კი, მომავალში წაახალისებს ვალდებულ პირებს, რომელთანაც თავდაცვის სამინისტროს სახელშეკრულებო ურთიერთობა აქვს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
28. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
29. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 11 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „მ.-ას„ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №.. ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ხელშეკრულების №1 დანართის შესაბამისად, მიეწოდებინა საქონელი შემსყიდველისათვის. ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის საერთო ღირებულება შეადგენდა 48 567,60 ლარს.
30. ხელშეკრულების 12.1. პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმწოდებელს, წინასწარი შეტყობინების გარეშე, დაეკისრება შემსყიდველისათვის პირგასამტეხლოს გადახდა შემდეგი ოდენობით: საქონლის მიუწოდებლობისათვის (მათ შორის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, უხარისხო, არასრული მოცულობით, საჭირო დოკუმენტაციის გარეშე), გარდა 7.4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხელშეკრულების ღირებულების 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
31. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, საქონლის ტექნიკური და ხარისხობრივი პარამეტრები განისაზღვრა №1 დანართით და/ან წარმოდგენილი ნიმუშით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), 4.2. პუნქტით კი დადგინდა, რომ საქონლის ან ყოველი პარტიის ტექნიკური მახასიათებლები და ხარისხი ერთდროულად უნდა შეესაბამებოდეს ამ ხელშეკრულებისა და შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებს და/ან წარმოდგენილ ნიმუშს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
32. შპს „მ.-ას“ მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მიწოდებული 9-120 კგ საპოხი, 110,5 კგ ВНИИНП-254 „ა.-ა“ და 800 კგ საპოხი ლიტოლ-24-12 არ აკმაყოფილებდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ სტანდარტებს.
33. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 2014 წლის 6 იანვარს შედგა №1 აქტი, რომლის თანახმად 2013 წლის 31 დეკემბერს შპს „მ.-ის“ მიერ თბილისის საწვავ-საპოხი მასალების ბაზაში შეტანილ იქნა 0,850 კგ-იანი თუნუქის ქილებით 110,5 კგ საპოხი „ა.-ა“ ВНИИНП-254. ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ პროდუქციას ქილებზე მითითებული მარკირების ტექნიკური მახასიათებლები არ შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტექნიკურ მახასიათებლებს.
34. 2014 წლის 14 იანვარს ასევე შედგა №10 აქტი, რომლის თანახმად, პროდუქციის ვარგისიანობის დადგენის მიზნით, შპს „ა.-ის“ ნავთობპროდუქტების ტესტირების ლაბორატორიაში ჩაუტარდა შემოწმება. შპს „ა.-ის“ დასკვნის საფუძველზე დადგინდა, რომ განსაზღვრული პროდუქციის მაჩვენებელი გარეგანი სახით არ შეესაბამება 38.101/048-85 ტექნიკური პირობის ნორმებს.
35. სააპელაციო პალატის მითითებით, 2014 წლის 12 მარტს მხარეთა შორის გაფორმდა უკან დაბრუნების აქტი, რომლის თანახმად სინჯის აღების შემდეგ აღმოჩნდა, რომ საპოხი მასალა არ შეესაბამებოდა სტანდარტებს, რის გამოც უკან დაბრუნდა: 1. საპოხი 9-120 კგ; 2. ВНИИНП-254 „ა.-ა“ 110,5 კგ; 3. საპოხი „ლიტოლ“-24-12 800კგ. უკან დაბრუნების აქტი ხელმოწერილ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საწვავ-საპოხი ბაზის საწყობის უფროსისა და შპს „მ.-ის“ დირექტორ მერაბ კილაძის მიერ.
36. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსმა 2014 წლის 2 ივლისს წერილით მიმართა შპს „მ.-ას“, გაუგზავნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „მ.-ას“ შორის 2013 წლის 11 დეკემბერს დადებული №.. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მიმწოდებლის მიერ დარღვევის შესახებ №..-1 02.07.2014 წ შემოწმების აქტი და განუსაზღვრა 10-დღიანი ვადა პირგასამტეხლოს გადასახდელად. უდავოა, რომ მოპასუხეს პირგასამტეხლო არ გადაუხდია.
37. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე არ დაეთანხმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ სადავო პირგასამტეხლოს შემცირებას 4273,95 ლარიდან 1068,48 ლარამდე.
38. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
39. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
40. საკასაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევის სამართლებრივ წინაპირობას არ ქმნის კასატორის არგუმენტი, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც შეუსაბამოდ მაღალი, გამოხატავს მხარეთა ნებას და მისი შემცირდება დაუშვებელია.
41. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
42. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
43. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
44. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
45. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014).
46. ამდენად, მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.
47. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე.
48. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად გამოიყენა ზემოაღნიშნული შესაძლებლობა და სადავო პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება კანონიერად ჩათვალა.
49. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
50. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (სუს 2015 წლის 6 მარტის №ას-1342-1380-2014 განჩინება, სუს 2014 წლის 10 აპრილის №ას-23-23-2014 განჩინება, 2014 წლის 16 მაისის №ას-1200-1145-2013 განჩინება, სუს 2015 წლის 19 მარტის №ას-48-43-2015 განჩინება, სუს 2012 წლის 28 დეკემბრის №ას-1560-1463-2012 განჩინება).
51. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური