Facebook Twitter

საქმე № 330210015761618

საქმე №ას-70-67-2016 23 თებერვალი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – რ. ვ.-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ.-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საბანკო კრედიტის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „ლ.-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში რ.- ვ.-ას, პ. ს.-ას, ნ. ბ.-ისა და მ. ქ.-ის მიმართ საბანკო კრედიტის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ.

2. მოსარჩელემ განმარტა, რომ მოპასუხეებს გააჩნიათ მის მიმართ, 2011 წლის 3 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანება – 4890,46 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა შეადგენს 2566,76 ლარს, სარგებელი – 422,75 ლარს, ხოლო პირგასამტეხლო – 1900,95 ლარს. მითითებული თანხა მოპასუხეებს უნდა გადახდეთ სოლიდარულად.

3. მოპასუხე ნ. ბ.-მა სარჩელი არ ცნო, ხოლო რ.- ვ.-ამ, პ. ს.-ამ და მ. ქ.-მა სასარჩელო მოთხოვნა ცნეს ნაწილობრივ, მხოლოდ საბანკო კრედიტის ძირითადი თანხის – 2566,76 ლარის დაკისრების ნაწილში.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რ.- ვ.-ას, პ. ს.-ას, ნ. ბ.-სა და მ. ქ.-ს სს „ლ.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრათ 3179,6 ლარის გადახდა, რაც რ.- ვ.-ამ სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით და მიუთითა, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება 1000 ლარზე ნაკლებია, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხეებს სს „ლ.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრათ 3179,6 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 2566,76 ლარი, სარგებელი – 422,75 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო – 190,09 ლარი. აპელანტმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, რაც ჯამში 612,84 ლარს შეადგენს.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე რ. ვ.-ამ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

8. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ რ. ვ.-ამ ცნო სარჩელი ძირი თანხის ნაწილში, შესაბამისად, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება მის მიერ გასაჩივრდა სარგებლისა და პირგასამტეხლოს ნაწილში, თუმცა, ვინაიდან რ.ვ.-ას მოთხოვნას პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოადგენდა სარგებლისა და პირგასამტეხლოს მთლიანად გაუქმება, რაც დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სააპელაციო პალატას სააპელაციო საჩივარი უნდა განეხილა ერთობლიობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ.- ვ.-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

11. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 1000 ლარს სცილდება. 1000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი, არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.

12. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ასევე ადგენს დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის წესს, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-41 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება – გადასახდელი თანხით.

13. ამდენად, სააპელაციო სასამართლო, ამავე კოდექსის 372-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულების განსაზღვრისას ხელმძღვანელობს რა პირველი ინსტანციისათვის დადგენილი ნორმებით, თანხის გადახდევინების თაობაზე მიმდინარე დავების დროს სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულებას ადგენს გადასახდელი თანხის ოდენობის შესაბამისად (სუსგ 6.02.2015წ. საქმე №ას-1260-1200-2014).

14. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და კერძო საჩივრის ავტორმაც დაადასტურა, რომ რ.- ვ.-ამ სააპელაციო საჩივარი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც მას დაეკისრა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო – 190,09 ლარი და სარგებელი – 422,75 ლარი.

15. ამდენად, სააპელაციო პალატამ სრულიად მართებულად მიიჩნია, რომ აპელანტი სადავოდ ხდის 612,84 ლარის მისთვის დაკისრებას. მითითებული თანხა კი, ზემოთ დასახელებული ნორმით დადგენილ ოდენობაზე – 1000 ლარზე ნაკლებია.

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ვ.-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე