Facebook Twitter

საქმე № 330210014562252

საქმე №ას-78-75-2016 23 თებერვალი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. მ.-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. მ.-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლ. მ.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. მ.-ი მიმართ დავალიანების – 4000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის (ძირითადი თანხა – 2000 აშშ დოლარი, პროცენტი – 2000 აშშ დოლარი), მიუღებელი შემოსავლის სახით 2013 წლის დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ზიანის – 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდისა და ქ.-ში, ქ.-ის შესახვევის №..ე კორპუსის №.. ბინის მესაკუთრედ (საკადასტრო კოდი №..) 44.00/6703.00 წილობრივი მონაცემით ნ. მ.-ის ცნობის თაობაზე.

2. მოსარჩელის განმარტებით, 2010 წლის 11 დეკემბერს ნ. მ.-ს ასესხა 2000 აშშ დოლარი ყოველთვიური 10%-ის სარგებლის დარცხვით, რაზეც მოგვიანებით გაფორმდა ხელწერილი და აღინიშნა, რომ ხელწერილის შედგენის დროისათვის, ანუ 2011 წლის 11 აგვისტოსათვის მოპასუხეს დასაბრუნებელი ჰქონდა სესხის ძირითადი თანხა – 2000 აშშ დოლარი და მასზე დარიცხული პროცენტი – 800 აშშ დოლარი.

3. მხარის მითითებით, მოპასუხემ დაფარა მხოლოდ 4 თვის სარგებელი.

4. 2013 წლის 24 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა სანოტარო წესით დამოწმებული მორიგების ხელშეკრულება, სადაც აღნიშნულია, რომ მოპასუხემ გადაიხადა მხოლოდ 4 თვის პროცენტი 2012 წლის აპრილის ჩათვლით, შემდეგ კი გადახდა შეწყვიტა. ამ დროისათვის პროცენტის სახით დაგროვილი იყო გადაუხდელი 6000 აშშ დოლარი, თუმცა მოსარჩელეს სამკურნალოდ ესაჭიროებოდა თანხა და მხარეები შეთანხმდნენ პროცენტის შემცირებაზე. 2013 წლის 25 დეკემბრამდე მოპასუხეს დაევალა ძირი თანხის – 2000 აშშ დოლარისა და პროცენტის – 2000 აშშ დოლარის გადახდა.

5. მოსარჩელემ განმარტა, რომ მოპასუხეს ფულადი ვალდებულება არ შეუსრულებია.

6. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ, სესხის ძირითადი თანხის – 2000 აშშ დოლარის ნაწილში ცნო და მიუთითა, რომ სარგებლის ოდენობა გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ პროცენტთან, რაც წელიწადში – 28%, ხოლო თვეში 2.3%-ია. მიუღებელი შემოსავლის განსაზღვრისას ეროვნული ბანკის მიერ დადგენილია წელიწადში 12%, თვეში კი – 1%. მოპასუხემ გადაიხადა 3 წლისა და 6 თვის სარგებელი და მიუღებელი შემოსავლის თანხა, რაც სარგებლის სახით შეადგენს 1932 აშშ დოლარს, მიუღებელი შემოსავალი – 840 აშშ დოლარს, ძირი თანხა კი – 2000 აშშ დოლარს.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების – 4000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 2000 აშშ დოლარი, პროცენტი – 2000 აშშ დოლარი, მასვე დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის (ზიანის) სახით ყოველთვიურად დავალიანების ძირითადი თანხის – 2000 აშშ დოლარის 4%-ის – 80 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა 2013 წლის დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ნ. მ.-ი ცნობილ იქნა ქ.-ში, ქ.–ის შესახვევის №.. კორპუსში მდებარე №.. ბინის მესაკუთრედ 1/3 ნაწილზე (საკადასტრო კოდი №..).

8. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2015 წლის 4 ივნისის განჩინებით ნ. მ.-ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში. საქმის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 3 დეკემბერს, რის შესახებაც აპელანტს ეცნობა კანონით დადგენილი წესით.

11. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით, 216-ე მუხლის პირველი ნაწილით, 102-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაადგინა, რომ 2015 წლის 3 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ ნ. მ.-ი და მისი წარმომადგენელი. გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დასადასტურებლად მათ რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა საქმის სხვა დროისათვის გადადების შესახებ.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და 229-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის პირობებში უნდა დაკმაყოფილდეს მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ნ. მ.-მა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

14. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ 2015 წლის 2 დეკემბერს, სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ სხდომამდე მიმართა პალატას შუამდგომლობით, სხვა დროისათვის გადაედო საქმის განხილვა, რადგან აპელანტის წარმომადგენელი ნ. მ.-ი, ოჯახური მდგომარეობის გამო, იძულებული გახდა გამგზავრებულიყო დასავლეთ საქართველოში და 3 დეკემბერს სასამართლოში გამოცხადებას ვერ მოახერხებდა. თავად აპელანტი ვერ შეძლებდა საკუთარი ინტერესების დაცვას ადვოკატის გარეშე, შესაბამისად, საქმის განხილვას მხარეც ვერ დაესწრებოდა.

15. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელ ნ.მურადაშილის განმარტებით, მას დაეღუპა ოჯახის ახლო მეგობარი, რომლის დაკრძალვა დაემთხვა 2015 წლის 3 დეკემბრის 13:00 საათს. მართალია, სასამართლოსათვის მითითებული გარემოებები უნდა დადასტურდეს წერილობითი მტკიცებულებებით, მაგრამ წარმომადგენელი ვერ შეძლებდა მეგობრის გარდაცვალების ფაქტის დოკუმენტალურად დადასტურებას. მისი გარდაცვალების მოწმობის წარდგენის შემთხვევაშიც, ვერ დადასტურდებოდა მეგობრული კავშირის არსებობა. კანონი კი, საპატიოდ მიიჩნევს მხოლოდ ახლო ნათესავის გარდაცვალებას. ასეთ დროს მოსამართლეს თავისი შინაგან რწმენით უნდა გაეთვალისწინებინა ნ. მ.-ის, როგორც ადვოკატის რეპუტაცია. იგი არ იყო შემჩნეული საქმის გაჭიანურების მცდელობაში და გაეზიარებინა მისი თხოვნა საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადების შესახებ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მხარემ წინასწარ აცნობა სასამართლოს თავისი გამოუცხადებლობის შესახებ, რაც აღარ იძლეოდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს და ადასტურებდა მხარის ინტერესს დავისადმი. ნიშანდობლივია, რომ მოცემული საქმის განხილვა მანამდე არ გადადებულა და პირველად ჩაინიშნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

16. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

18. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.

19. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არეგულირებს საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ, 229-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.

20. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.

21. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა, სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე იშუამდგომლებს ან თანხმობას გამოთქვამს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით.

22. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოში ნ. მ.-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 3 დეკემბერს, 11.00 საათზე.

23. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და კერძო საჩივრის ავტორი ადასტურებს, რომ საქმის განხილვის თარიღისა და ადგილის შესახებ აპელანტისა და მისი წარმომადგენლისათვის ცნობილი იყო.

24. აღნიშნულის მიუხედავად, არც თავად მხარე და არც მისი წარმომადგენელი ნ. მ.-ი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

25. 2015 წლის 2 დეკემბერს აპელანტ ნ. მ.-ის წარმომადგენელმა ნ. მ.-მა განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას და მოითხოვა საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადება იმ საფუძვლით, რომ 3 დეკემბერს, ოჯახური მდგომარეობის გამო, უხდება დასავლეთ საქართველოში გამგზავრება და ვერ დაესწრებოდა სასამართლო სხდომას. თავად აპელანტი კი, არ გამოცხადდებოდა საქმის განხილვაზე, რადგან დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა საკუთარი ინტერესების დაცვას.

26. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ აპელანტმა მხარემ საქმის განხილვაზე თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა ვერ დაადასტურა.

27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მხარისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.

28. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრით მხარემ ვერ დაასაბუთა, რომ არსებობდა მითითებული ნორმით გათვალისწინებული ობიექტური გარემოება, რომელმაც ხელი შეუშალა აპელანტს, გამოცხადებულიყო სასამართლოში.

29. დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის არგუმენტი, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენის საფუძველზე უნდა ერწმუნა აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობაში მითითებული „ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე“ ისეთი გარემოების წარმოშობის ფაქტი, რომელიც აძლევდა მხარის წარმომადგენელს სამართლებრივ საფუძველს, საპატიოდ არ გამოცხადებულიყო საქმის განხილვაზე.

30. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

31. ამდენად, სასამართლოს შინაგანი რწმენა არ უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ მოსამართლის სუბიექტურ შეხედულებას და გამყარებული უნდა იყოს სათანადო მტკიცებულებებით.

32. მოცემულ შემთხვევაში ნ. მ.-ს არა თუ არ წარმოუდგენია თავისი შუამდგომლობის დასასაბუთებლად რაიმე მტკიცებულება, არამედ 2015 წლის 2 დეკემბრის განცხადებაში არ მიუთითებია მისი გამოუცხადებლობის იმ მიზეზზე, რომელზეც ამჯერად კერძო საჩივარში აპელირებს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შესაძლებლობა არ მიეცა, რეალურად შეეფასებინა რამდენად საპატიო იყო წარმომადგენლის გამოუცხადებლობის მიზეზი.

33. ამასთან, იმ შემთხვევაშიც, თუ გავითვალისწინებთ ადვოკატის მიერ სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლოსათვის წინასწარ შეტყობინებისა და კერძო საჩივარში მის მიერ დასახელებულ მიზეზს, საკასაციო სასამართლო საპატიოდ ვერ მიიჩნევს თავად აპელანტის გამოუცხადებლობას.

34. 2015 წლის 2 დეკემბრის განცხადებიდან ირკვევა, რომ აპელანტ ნ. მ.-ს არ გააჩნდა არანაირი დამაბრკოლებელი გარემოება, რაც ხელს შეუშლიდა, პირადად გამოცხადებულიყო სააპელაციო სასამართლოში და მოეთხოვა პროცესის გადადება მისი კანონიერი ინტერესების დამცველის გამოცხადებამდე, რაც გამორიცხავდა მისი მხრიდან დავის მიმართ ინტერესის დაკარგვის ვარაუდს.

35. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

36. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. მ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე