Facebook Twitter

საქმე № 330210114587065

საქმე №ას-1265-1187-2015 10 თებერვალი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – რ. ბ.-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. წ.-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. რ. ბ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. წ.-ის მიმართ და მოითხოვა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის იმგვარად შეცვლა, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო შემცირდეს 31 000 აშშ დოლარით და მისი ოდენობა განისაზღვროს 3992 აშშ დოლარით.

2. მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის 5 აგვისტოს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად რ. ბ.-მა მ. წ.-ისაგან ისესხა 12 000 აშშ დოლარი სამი თვის ვადით თვეში 5% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით შეთანხმებული იყო ასევე პირგასამტეხლო – ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,3 %.კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოვალის უძრავი ქონება.

3. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა და გადაიხადა მხოლოდ 3 თვის სარგებელი – 1800 აშშ დოლარი.

4. 2014 წლის 3 ივლისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი კრედიტორ მ. წ.-ის სასარგებლოდ მოვალე რ. ბ.-ის წინააღმდეგ, რომლის თანახმად სესხის ძირითადი თანხა განისაზღვრა 12 000 აშშ დოლარით, პირგასამტეხლო – 12 000 აშშ დოლარის 0,3%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2011 წლის 5 ნოემბრიდან აღსრულებამდე, აგრეთვე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი – 124.36 ლარი, სააღსრულებო ფურცლით დადგინდა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.

5. მოსარჩელის მოსაზრებით, მხარეთა შორის სადავოა პირგასამტეხლოს – 31 000 აშშ დოლარის ანაზღაურების საკითხი, რაც უნდა შემცირდეს 3992 აშშ დოლარამდე.

6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სააღსრულებო ფურცლის ამოწერის დროს მოსარჩელეს ისედაც შეუმცირდა პირგასამტეხლოს ოდენობა და 34992 აშშ დოლარის ნაცვლად, დაეკისრა 13992 აშშ დოლარი. დანარჩენი 21 000 აშშ დოლარი კი წარმოადგენს სარგებელს, რომელიც მხარეს 35 თვის განმავლობაში არ დაუფარავს.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით რ. ბ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნოტარიუს მ. გ.-ის მიერ 2014 წლის 3 ივლისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში შევიდა ცვლილება და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 2011 წლის 5 ნოემბრიდან 2015 წლის 5 მარტის მდგომარეობით 5000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო 2015 წლის 5 მარტიდან ვალდებულების შესრულებამდე – ძირითადი თანხის (12000 აშშ დოლარის გადახდამდე) 0,1%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

8. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. წ.-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით რ. ბ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ცვლილება შევიდა ნოტარიუს მ. გ.-ის მიერ 2014 წლის 3 ივლისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 2011 წლის 5 ნოემბრიდან აღსრულებამდე პერიოდისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დასაბრუნებელი თანხის 0,1%-ით შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მ. წ.-ის სააპელაციო საჩივარზე მოწინააღმდეგე მხარეს სააპელაციო შესაგებელი არ წარუდგენია.

11. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ რ. ბ.-ს მის მიერ სარჩელში მითითებულ მისამართზე სასამართლო გზავნილი (სააპელაციო საჩივარი) გაეგზავნა რამდენჯერმე.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების და 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივარი მოწინააღმდეგე მხარისათვის (მოსარჩელისათვის) ჩაბარებულად მიიჩნია. მოწინააღმდეგე მხარეს შესაგებელი არ წარუდგენია, თუმცა სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ გამოიტანა.

13. სააპელაციო პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება თავად სააპელაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე უნდა განხორციელდეს მხოლოდ სამართლებრივი და არა ფაქტობრივი უსწორობების თვალსაზრისით.

14. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებისა და სააპელაციო საჩივრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, რამდენადაც სააპელაციო საჩივარში დაყენებული პრეტენზია მოითხოვდა მხოლოდ სამართლებრივი შეფასების ჭრილში დასკვნების გაკეთებას.

15. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიზანშეწონილად ჩათვალა ზეპირი განხილვისას მხარეთა მხოლოდ სამართლებრივი მოსაზრებების მოსმენა სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით. 2015 წლის 15 ოქტომბერს გაიმართა სასამართლო სხდომა და მოსმენილ იქნა ორივე მხარის პოზიცია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლით დადგენილი წესით.

16. სააპელაციო პალატამ უდავოდ დაადგინა, რომ 2011 წლის 5 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით რ. ბ.-მა მ. წ.-ისაგან ისესხა 12 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულების თანახმად, სესხი გაიცა სამი თვის ვადით, 2011 წლის 5 აგვისტოდან 2011 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით. სესხის სარგებელი განისაზღვრა ყოველთვიურად 5%-ით. ხელშეკრულების შესაბამისად, მსესხებელს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრება პირგასამტეხლო დასაბრუნებელი თანხის 0,3%-ის ოდენობით აღსრულებამდე პერიოდისათვის. გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა რ. ბ.-ის კუთვნილი ქ.თბილისში, ჭ.-ში მდებარე 28,10 კვ.მ №.. ბინა.

17. ასევე უდავოა, რომ 2014 წლის 3 ივლისს ნოტარიუსის მიერ გაცემული №... სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, რ. ბ.-ის ვალდებულების მოცულობა მ. წ.-ის მიმართ განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა – 12 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო – 12 000 აშშ დოლარის 0,3 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2011 წლის 5 ნოემბრიდან აღსრულებამდე, აგრეთვე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი – 124.36 ლარი.

18. სააღსრულებო ფურცლით დადგინდა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.

19. სააპელაციო პალატის მითითებით, მხარეები არ დავობენ, რომ 2011 წლის 5 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი 12 000 აშშ დოლარის დაბრუნების ვალდებულება რ. ბ.-ს არ შეუსრულებია. მხარეთა შორის სადავოა და სააპელაციო საჩივრის ძირითადი პრეტენზიაც შეეხება 2011 წლის 5 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის შესახებ საკითხს.

20. სააპელაციო პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში განხილვის საგანს შეადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება პირგასამტეხლოს ოდენობის ნაწილში.

21. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით 2011 წლის 5 ნოემბრიდან 2015 წლის 5 მარტისათვის მოვალე რ. ბ.-ს პირგასამტეხლოს სახით დააკისრა ერთიანი თანხა 5 000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო 2015 წლის 5 მარტიდან აღსრულებამდე ვადაგადაცილებული თანხის (12 000) 0,3%-ის ნაცვლად, 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

22. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის, 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სასამართლო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას ითვალისწინებს როგორც მოვალის, ასევე კრედიტორის ინტერესებს. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება უნდა ემსახურებოდეს მხარეთა უფლება-მოვალეობების დაბალანსებას.

23. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა 2011 წლის 5 აგვისტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის 0.3%-დან 0.1%-მდე შემცირება და ამ შემცირების დასასაბუთებლად მიუთითა იმავე მსჯელობაზე, რაც ასახულია გასაჩივრებული გადაწყვეტილებაში. შესაბამისად, ამ ნაწილში სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა აპელანტის პრეტენზიას და მიიჩნია, რომ გონივრული და სამართლიანია განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადასახდელი თანხის 0.3%-დან 0.1%-მდე შემცირება.

24. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქალაქო სასამართლომ 2011 წლის 5 ნოემბრიდან 2015 წლის 5 მარტამდე პერიოდზე პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ერთიანი თანხით, რამაც მთლიანობაში შეადგინა 5 000 აშშ დოლარი. ფაქტობრივად, 40-თვიან ვადაგადაცილებულ პერიოდზე სასამართლომ გაავრცელა გაცილებით უფრო ნაკლები პირგასამტეხლოს ოდენობა, ვიდრე მის მიერვე 2015 წლის 5 მარტიდან აღსრულებამდე პერიოდზე განსაზღვრული გადასახდელი თანხის 0.1 %-ის ოდენობით პირგასამტეხლო.

25. აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო პალატა დაეთანხმა აპელანტის პრეტენზია და მიიჩნია, რომ 2011 წლის 5 ნოემბრიდან 2015 წლის 5 მარტისთვის მოვალე რ. ბ.-ისათვის პირგასამტეხლოს სახით ერთიანი თანხის – 5000 აშშ დოლარის ოდენობით თანხის დაკისრება არ არის გონივრული და არ ემსახურება კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას.

26. სააპელაციო პალატამ ყურადღება შეაჩერა იმ ფაქტზე, რომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდგომ ვადაგადაცილებისათვის პროცენტზე მხარეთა შორის შეთანხმება 2011 წლის 5 აგვისტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ ყოფილა და გამსესხებელი ვერ მოითხოვს სესხის თანხის – 12 000 აშშ დოლარის რამდენიმეწლიანი ვადაგადაცილებისათვის პროცენტს, თუმცა პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა მიერ ფულადი ვალდებულების ვადაგადაცილებისათვის პროცენტი განსაზღვრული არ ყოფილა. კონკრეტულ შემთხვევაში პირგასამტეხლო მოიაზრებს იმ ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასაც, რაც გამსესხებელს (მ. წ.-ს) წარმოეშვა 2011 წლის 5 ნოემბრიდან მთელი ამ წლების განმავლობაში 12 000 აშშ დოლარის დაუბრუნებლობით და რომლის ვადაში დაბრუნების განმავლობაშიც მხარე შეძლებდა ამ თანხის გასესხებით ან საბანკო დეპოზიტზე შეტანით სარგებლის მიღებას. ის ფაქტი, რომ გამსესხებელმა ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან მხოლოდ ორი წლის შემდეგ წარადგინა სააღსრულებო ფურცელი, რასაც პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუკავშირა გამსესხებლის მიერ ვადაგადაცილების პერიოდის ხელოვნურად გაზრდის და, შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობის ხელოვნურად გაზრდის შესახებ შეფასება, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, არ შეიძლება გახდეს ამ ოდენობით პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი, რამდენადაც ფაქტია, რომ სააღსრულებო ფურცლის წარდგენის შემდგომაც (არც საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე) მოვალეს (მსესხებელს) არ განუხორციელებია 12 000 აშშ დოლარის ოდენობით ფულადი ვალდებულების არათუ მთლიანი, არამედ ნაწილობრივი შესრულებაც კი.

27. ამდენად, გამსესხებლის მიერ სააღსრულებო ფურცლის დაგვიანებით წარდგენის გამო, პირგასამტეხლოს ოდენობის ხელოვნურად გაზრდის შესახებ მსჯელობაზე დაყრდნობით სასამართლოს დასკვნა 2011 წლის 5 ნოემბრიდან 2015 წლის 5 მარტამდე პერიოდისათვის თავად სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დასაკისრებელი პირგასამტეხლოს 5 000 აშშ დოლარამდე შემცირება დაუსაბუთებელია.

28. კონკრეტულ შემთხვევაში ფულადი ვალდებულების შესრულების 40-თვიანი ვადაგადაცილების (2011 წლის 5 ნოემბრიდან 2015 წლის 5 მარტამდე) პერიოდის, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ მოვალის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულება ნაწილობრივი სახითაც არ არის განხორციელებული და, ფაქტობრივად, კრედიტორს წაერთვა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კუთვნილი ფულადი თანხის გამოყენების შესაძლებლობა, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში 2011 წლის 5 ნოემბრიდან 2015 წლის 5 მარტამდე პერიოდზეც პირგასამტეხლოს ოდენობად უნდა განისაზღვროს გადასახდელი თანხის 0.1%, როგორც ეს განისაზღვრა 2015 წლის 5 მარტიდან აღსრულებამდე პერიოდისათვის.

29. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს ოდენობის ნაწილში უნდა შეიცვალოს და ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 3 ივლისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილება უნდა შევიდეს შემდეგი სახით, კერძოდ, რ. ბ.-ს 2011 წლის 5 ნოემბრიდან აღსრულებამდე პერიოდისათვის დაეკისროს დასაბრუნებელი თანხის 0,1%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

30. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება რ. ბ.-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და 2011 წლის 5 ნოემბრიდან 2015 წლის 5 მარტამდე დაკისრებული პირგასამტეხლოს – 0,1%-ის 0,07%-მდე შემცირება შემდეგი საფუძვლებით:

31. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ვერ დაასაბუთა, რის გამო უნდა გაზრდილიყო 2011 წლის 5 ნოემბრიდან 5 მარტამდე პერიოდში პირგასამტეხლო 5000 აშშ დოლარიდან დღეში 0,1%. ფაქტობრივად, 5000 აშშ დოლარის გაანგარიშება შეესაბამება თვეში დაახლოებით 1%-ს (52 თვეზე გათვლით), ხოლო 2015 წლის 5 მარტიდან რ.ბ.-ს დაეკისრა თვეში 3%, რაც კასატორს არ გაუსაჩივრებია.

32. მხარის მოსაზრებით, თვეში 0,1%-ის (წლიური 36%-ის) დაკისრება აშკარად აღემატება საქართველოში მიღებულ ფულად-საკრედიტო ურთიერთობებში პირგასამტეხლოს ოდენობას, რის გამოც იგი უნდა შემცირდეს.

33. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 იანვრის განჩინებით რ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

34. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა რ. ბ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

35. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2011 წლის 5 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით რ. ბ.-მა მ. წ.-ისაგან ისესხა 12 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულების თანახმად, სესხი გაიცა სამი თვის ვადით, 2011 წლის 5 აგვისტოდან 2011 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით. სესხის სარგებელი განისაზღვრა ყოველთვიურად 5%-ით. ხელშეკრულების შესაბამისად, მსესხებელს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრება პირგასამტეხლო დასაბრუნებელი თანხის 0,3%-ის ოდენობით აღსრულებამდე პერიოდისათვის. გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა რ. ბ.-ის კუთვნილი ქ.თბილისში, ჭ.-ში მდებარე 28,10 კვ.მ №.. ბინა.

36. 2014 წლის 3 ივლისს ნოტარიუსის მიერ გაცემული №.. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, რ. ბ.-ის ვალდებულების მოცულობა მ. წ.-ის მიმართ განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა – 12 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო – 12 000 აშშ დოლარის 0,3 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2011 წლის 5 ნოემბრიდან აღსრულებამდე, აგრეთვე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი – 124.36 ლარი.

37. სააღსრულებო ფურცლით დადგინდა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.

38. სააპელაციო პალატის მითითებით, მხარეები არ დავობენ, რომ 2011 წლის 5 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი 12 000 აშშ დოლარის დაბრუნების ვალდებულება რ. ბ.-ს არ შეუსრულებია.

39. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებაზე უარის თქმის კანონიერებას.

40. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

41. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

42. დაუსაბუთებელია კასატორის არგუმენტი, რომ პირგასამტეხლოს სახით მოვალე რ.ბ.-ისათვის დღეში 0,1%-ის (წლიური 36%-ის) დაკისრება აშკარად აღემატება საქართველოში მიღებულ ფულად-საკრედიტო ურთიერთობებში პირგასამტეხლოს ოდენობას.

43. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

44. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

45. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

46. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

47. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

48. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

49. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

50. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014).

51. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

52. მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მოვალემ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულება არ შეასრულა და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.

53. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. ბ.-ის სარჩელის საფუძველზე მოვალისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა კანონიერად შემცირდა, ვინაიდან პირგასამტეხლოს გადახდა არ უნდა გახდეს კრედიტორის გამდიდრების წყარო, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის ძალით სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს არა ყოველგვარი, არამედ მხოლოდ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

54. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ რ. ბ.-მა უკვე მოახდინა მისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების უფლების რეალიზება და სავსებით დასაბუთებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ გონივრული და სამართლიანია პირგასამტეხლოს გადასახდელი თანხის 0.3%-დან 0.1%-მდე შემცირება.

55. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

56. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (სუს 2015 წლის 3 აპრილის №ას-63-57-2015 განჩინება, სუს 2015 წლის 19 მარტის №ას-48-43-2015 განჩინება, სუს 2014 წლის 10 აპრილის №ას-23-23-2014 განჩინება, 2014 წლის 16 მაისის №ას-1200-1145-2013 განჩინება).

57. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

58. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ რ. ბ.-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით რ. და კ. ბ.-ების მიერ 2015 წლის 22 იანვრის №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 1124,47 ლარის 70% – 787,129 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ რ. ბ.-ს (პირადი №..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით რ. და კ. ბ.-ების მიერ 2015 წლის 22 იანვრის №.. საგადახდო დავალებით გადახდილი 1124,47 ლარის 70% – 787,129 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური