Facebook Twitter

საქმე № 330210013264363

საქმე №ას-1286-1207-2015 3 თებერვალი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. მ.-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს ფირმა „კ.-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ. მ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს ფირმა „კ.-ის“ მიმართ სოფელ გ.-აში მდებარე (ზონა მ.-ა, სექტორი გ.-ი) 600 კვ.მ №.. მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობის შესახებ.

2. მოსარჩელემ განმარტა, რომ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1967 წლის 12 მაისის №303 დადგენილების საფუძველზე ქ. თბილისის ტერიტორიაზე განლაგებულ 105 საწარმოს მუშა-მოსამსახურეთა 9738 ოჯახს გამოეყო ჰექტარი მიწა კოლექტიური მებაღეობისათვის. აღნიშნულ მუშა-მოსამსახურეთა შორის მოიაზრებოდა თბილისის მე-7 სამკერვალო ფაბრიკაში დასაქმებული მუშა-მოსამსახურეებიც. თბილისის ლენინის რაიონის აღმასკომის 1980 წლის 6 ნოემბრის №78 განკარგულების საფუძველზე, თბილისის პირველი მაისის სახელობის სამკერვალო ფაბრიკას (მე-7 სამკერვალო ფაბრიკა), გარდაბნის რაიონში, ა.-ის და ნ.-ოს მეურნეობების ტერიტორიაზე, კოლექტიური მებაღეობის მოწყობის მიზნით, გამოეყო 30,13 ჰექტარი მიწის ნაკვეთი.

3. მ. მ.-მა მიუთითა, რომ 1980 წლიდან მებაღეობის წევრია და ამ დროიდან ფლობს 600 კვ.მ №.. მიწის ნაკვეთს. თბილისის მე-7 სამკერვალო ფაბრიკის სამართალმემკვიდრეა სს ფირმა „კ.-ი“, სადაც 2010 წლის 6 მარტს მომხდარი ხანძრის შედეგად განადგურდა საარქივო მასალები, მათ შორის, მებაღის წიგნაკებიც.

4. აღნიშნულის გამო, მოსარჩელემ მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი – მებაღის წიგნაკი ვერ აღადგინა და სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება ვერ დაარეგისტრირა.

5. მოპასუხის წარმომადგენელმა მ. ბ.-ემ სარჩელი ცნო.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით მ. მ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 21 სექტემბრის განჩინებით აპელანტ მ. მ.-ს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10 დღე განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან და დაევალა, მიეთითებინა, თუ რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვდა აპელანტი, ასევე, მიეთითებინა გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებდნენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებდნენ ამ გარემოებებს, განესაზღვრა სააპელაციო საჩივრის ღირებულება და სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში წარედგინა მის მიერ განსაზღვრული სააპელაციო საჩივრის ღირებულების 4%-ის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის დედანი.

9. აღნიშნული განჩინება მ. მ.-ს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა პირადად 2015 წლის 3 ოქტომბერს (გზავნილის კოდი:..). მასვე განემარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების გადაცემიდან 10 დღის ვადაში, მის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღებოდა და იგი დარჩებოდა განუხილველად.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის თანახმად, აპელანტს გზავნილი გაეგზავნა და ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მას ხარვეზის შეუვსებლობის რაიმე საპატიო მიზეზი სასამართლოსათვის არ უცნობებია.

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტისათვის ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 4 ოქტომბერს და ამოიწურა 2015 წლის 13 ოქტომბერს.

12. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით სასამართლოსათვის არ მიუმართავს. მ. მ.-მა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება შეიტანა 2015 წლის 17 ნოემბერს – სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მან წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 2015 წლის 11 ნოემბერს) .

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის, 63-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი აპელანტმა განჩინებით განსაზღვრულ 10 დღის ვადაში არ შეავსო, ამდენად, ზემოაღნიშნული განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად, ხოლო სააპელაციო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. მ.-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

15. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ 2015 წლის 4 ოქტომბერს ჩაბარდა 2015 წლის 21 სექტემბრის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ. პენსიის მიღებამდე მან თანხის შეგროვება დროულად ვერ მოახერხა. ამიტომ 2015 წლის 12 ოქტომბერს დაწერა ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ №.. განცხადება. აღნიშნულ მიმართვაზე პასუხი მხარეს არ მისვლია. შესაბამისად, პენსიის მიღების შემდეგ, ნოემბერში აპელანტმა შეიტანა სასამართლოში სახელმწიფო ბაჟი – 220 ლარი. ამდენად, მხარემ მიიჩნია, რომ მისი სააპელაციო საჩივარი არასწორად დარჩა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

16. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ.-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

17. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ მ. მ.-ის სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და მისი გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.

18. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის წესს ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

19. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

20. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო პალატის 2015 წლის 21 სექტემბრის განჩინებით მ. მ.-ს დაევალა 10 დღის ვადაში ხარვეზის გამოსწორება, კერძოდ, მითითება, რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვდა აპელანტი, ასევე, მითითება გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებდნენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებდნენ ამ გარემოებებს, სააპელაციო საჩივრის ღირებულების განსაზღვრა და სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მის მიერ განსაზღვრული სააპელაციო საჩივრის ღირებულების 4%-ის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის დედნის წარდგენა.

21. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს გაეგზავნა კანონის მოთხოვნათა დაცვით და 2015 წლის 3 ოქტომბერს მ. მ.-ს პირადად ჩაბარდა (ს.ფ. 1221).

22. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ აპელანტს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით მისთვის მიცემულ ვადაში სააპელაციო პალატისათვის არ მიუმართავს.

23. კერძო საჩივარს ერთვის მ. მ.-ის 2015 წლის 12 ოქტომბრის განცხადებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიაში მისი რეგისტრაციის ქვითრის ქსეროასლი, რომლითაც მხარე მოითხოვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე საპროცესო ვადის გაგრძელებას იმ მოტივით, რომ აპელანტი პენსიონერია და ესაჭიროება დამატებითი ვადა სახელმწიფო ბაჟის თანხის შესაგროვებლად.

24. საქმის მასალებში ასევე წარმოდგენილია მოსამართლის თანაშემწის მიერ შედგენილი აქტი, რომელიც ადასტურებს, რომ აპელანტმა ნამდვილად მიმართა განცხადებით სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 12 ოქტომბერს, თუმცა აღნიშნული განცხადება, მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით, ვერ იქნა მოძიებული.

25. ამდენად, აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში – ხარვეზის განჩინების მისთვის ჩაბარებიდან – 2015 წლის 3 ოქტომბრიდან 10 დღის ვადაში – 2015 წლის 12 ოქტომბერს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით, გაეგრძელებინა საპროცესო ვადა, რაზეც სააპელაციო სასამართლოს არანაირი რეაგირება არ მოუხდენია.

26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტმა დაადასტურა მისი მხრიდან სააპელაციო საჩივრის განხილვის მიმართ ინტერესის არსებობა, როდესაც 2015 წლის 17 ნოემბერს სააპელაციო პალატას წარუდგინა სახელმწიფო ბაჟის – 220 ლარის ქვითარი და დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი წინაპირობა, შესაბამისად, მ. მ.-ის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო საქმე დაუბრუნდეს სააპელაციო პალატას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. მ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 ნოემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე