საქმე № 080210014589077
საქმე №ას-1290-1211-2015 17 თებერვალი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ. ს.-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ. ს.-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ. ს.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ. ს.-ის მიმართ 14300 აშშ დოლარის გადახდის მოთხოვნით.
2. მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 14 ოქტომბერს თ. ა.-ესა და ბ. ს.-ეს შორის გაფორმდა ქ.-ში, ს. ჩ.-ის ქ. №...-ში მდებარე 51.52 კვ.მ საცხოვრებელი ბინის, ასევე, 75.43 კვ.მ და 24.14 კვმ დამხმარე ნაგებობების ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის თანხა გადაიხადა მ. ს.-ემ, რადგან უძრავი ნივთი შემდგომში უნდა გაფორმებულიყო მოსარჩელის სახელზე.
3. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ბ. ს.-ე დაოჯახების შემდეგ გახდა აგრესიული, დედას აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მითითებული ქონება დატვირთული იყო იპოთეკით. იმისათვის, რომ სააღსრულებო სამსახურს იგი აუქციონზე არ გაესხვისებინა, 2013 წლის 20 სექტემბერს მ. ს.-ემ კრედიტორ ნ. ს.-ეს გადაუხადა 6990 აშშ დოლარი. იმავე დღეს ქონების პატრონ თ. ა.-ეს მ. ს.-ემ ბეს სახით გადასცა 1300 აშშ დოლარი, ხოლო 2013 წლის 16 ოქტომბერს გადაუხადა 6010 აშშ დოლარი. სულ მოსარჩელემ სადავო ქონებაში გადაიხადა 14300 აშშ დოლარი, თუმცა მოპასუხემ უძრავი ნივთის მოსარჩელის სახელზე აღრიცხვაზე უარი განაცხადა და არც თანხა დაუბრუნებია.
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა კანონით დადგენილი წესის დაცვით. მოსარჩელე უსაფუძვლო და არაკანონიერი არგუმენტების საფუძველზე ცდილობს მიიღოს მატერიალური სარგებელი.
5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 14 ოქტომბერს თ. ა.-ესა და მოპასუხე ბ. ს.-ეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელის საგანს წარმოადგენდა: 1) ქ.-ში, ს.- ჩ.-ის ქ.№--ის №- ნაკვეთზე მდებარე 51,52 კვ.მ საცხოვრებელ ბინა, (..., საკადასტრო კოდი: №...); 2) ქ.-ში, ს.- ჩ.-ის ქ.№--ის №- ნაკვეთში მდებარე 75.43 კვ.მ №.. დამხმარე ნაგებობა, (.., საკადასტრო კოდი: №..); 3) ქ.-ში, ს.- ჩ.-ის ქ. №-ის №.. ნაკვეთში მდებარე 24.14 კვ.მ №- დამხმარე ნაგებობა (.., საკადასტრო კოდი: №..).
8. მოწმე თ. ა.-ის განმარტებით, მისი სახლი გაიყიდა იპოთეკარ ნ. ს.-ის ვალის გამო. მათ ნახეს კლიენტი მ. ს.-ე, გადაიხადეს თანხა და მოხსნეს იპოთეკა, რაზეც შედგა ხელწერილი. ახლაც იქ ცხოვრობს, ბინის ქირას მ.ს უხდის. შეთანხმება იყო, რომ იანვრის ბოლომდე იქ იცხოვრებდა. მერე ბ.მა მიაკითხა და უთხრა, რომ 2 კვირაში დაცალე სახლიო და დაემუქრა, მაგრამ მ.მ უთხრა, არ გამოხვიდეო. მოწმის განმარტებით, ქირის სახით იხდის 100 ლარს, რომელსაც უხდის მ.ს. წერილობითი ხელშეკრულება არ გაფორმებულა. ერთი წელია იხდის ქირას, დაახლოებით 800 ლარამდე. მოწმის განმარტებით, რადგან მ.მ მისცა ბინის ფული, ამიტომ მას აძლევს ქირას. 270 ლარი აქვს მისაცემი. ბ.ი ერთხელ ნახა, ბინის ყიდვისას. მან არ იცის საიდან მოიტანა მ.მ ბინის საყიდელი თანხა. მას ადრეც უნდოდა ბინის ყიდვა, მაგრამ მაშინ თანხა გაისტუმრა. ბინის ყიდვისას არც ბ.ს და არც მ.ს არ უთქვამს, რომ თანხა მას ეკუთვნოდა. მან არ იცის ვისი თანხა იყო, მას თანხა მისცა მ.მ. 14300 დოლარიდან ნახევარი იპოთეკარს გადაუხადა, ნახევარი ვალი ჰქონდა. თანხის ნაწილი ბინის გადაფორმების შემდეგ გზაში მისცა მ.მ.
9. მოწმე ზ. რ.-ის განმარტებით, სადავო ბინა ბ.ის დანაზოგით და სახსრებით არის შეძენილი. ის მუშაობდა თბილისში სხვადასხვა კომპანიებში, ხელფასი ჰქონდა 1000-დან 1200 ლარამდე, არმატურაზე მუშაობდა. 1997 წელს მან წაიყვანა ბ.ი სამუშაოდ, ამის შემდეგ სულ მუშაობდა. დედას და ოჯახს უგზავნიდა თანხას, დაახლოებით 700-800 ლარს აგზავნიდა მარშუტკით, ხანდახან 1000 ლარსაც აგზავნიდა. მ.ს ორივე რძალთან კონფლიქტი ჰქონდა. ამჟამად „ფ.-ში“ მუშაობენ, 500-600 ლარი აქვთ ხელფასი, 1000 ლარამდე ხელფასი დანამატებით.
10. სააპელაციო სასამართლომ ზ. რ.-ის ჩვენებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტა, რომ მისი ჩვენების შესამოწმებლად ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის №- განყოფილებიდან გამოთხოვილ იქნა საქმის მასალები. ზ. რ.-ის გასაუბრების შესახებ ოქმიდან იგივე დასტურდება, რაც მან პირველი ინსტანციის სასამართლოში განმარტა, რომ ბ. ს.-ე მუშაობდა თბილისში სხვადასხვა კომპანიებში, იღებდა ხელფასს. 1997 წელს მან ბ. ს.-ე წაიყვანა სამუშაოდ, ამის შემდეგ მოპასუხე სულ მუშაობდა. დედას და ოჯახს უგზავნიდა თანხას, ამჟამად „ფ.-ში“ მუშაობენ, 500-600 ლარი აქვთ ხელფასი, 1000 ლარამდე ხელფასი დანამატებით. ანუ უდავოდ დასტურდება, რომ ბ. ს.-ე მუშაობდა, იღებდა ხელფასს და ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი სახსრებით შეეძინა ბინა.
11. მოპასუხე ბ. ს.-ის განმარტებით, ბინა იყო კონფლიქტური ს.-ესა და თ.-ს შორის, იყო დავა, რის გამოც ბინა უნდა გაყიდულიყო აუქციონზე. მ. ს.-ე დედამისია და ენდობოდა. რომ სცოდნოდა, რომ ასე იქნებოდა, ჩეკებით გადაიხდიდა თანხას. მას დედამისისთვის ჰქონდა მიცემული თანხა. აღნიშნული ბინის შესაძენად ისინი ერთად დადიოდნენ, ბ.ის თავისი მანქანით დაჰყავდა დედამისი და ბოლო 6000 აშშ დოლარი მის მანქანაში გადასცა მ.მ გამყიდველს.
12. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ბ. ს.-ეს არც ერთი თეთრი არ დაუხარჯავს, მ.მ გადაიხადა ნასყიდობის თანხა. აღნიშნულის დასადასტურებლად მან წარმოადგინა თ. ა.-ისა და ნ. ს.-ის ხელწერილები და განმარტა, რომ მოპასუხემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომ მან გადაიხადა თანხა. მოსარჩელის მიერ თანხის გადახდის ფაქტი გამყიდველმაც დაადასტურა. მ.ს რომ თანხა არ გადაეხადა, თ.ი ბ. ს.-ეს ბინას არ გადაუფორმებდა. ქონების მიღებით ის გამდიდრდა. ბ.ის თანხა არ ჰქონდა, ის დედის კმაყოფაზე იყო, შემდეგ ბ.ის ოჯახი დაენგრა. მ.მ იმიტომ გადაუფორმა ბ. ს.-ეს ბინა, რომ, როცა ის გარდაიცვლებოდა, ბ.ის რომ არ ეწვალა ბინის გადაფორმებაზე, მაგრამ მ.ს უნდა ეცხოვრა იქ.
13. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 1992 წლიდან მ. ს.-ე არის პირველი ჯგუფის ინვალიდი უვადოდ, მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე და დანიშნული აქვს სახელმწიფო პენსია ასაკის კატეგორიით. მისი საპენსიო პაკეტი შეადგენს 150 ლარს. მოსარჩელის სხვა რაიმე შემოსავლების არსებობა საქმის მასალებით არ დასტურდება.
14. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მხარეთა განმარტებები და თვით მოწმეთა ჩვენებები გარკვეულ წინააღმდეგობრივ განმარტებებს შეიცავდა, რის გამოც ისინი კრიტიკულად უნდა შეფასდეს ერთობლიობაში საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებთან, ვინაიდან თითოეული მხარე და მის მიერ წარმოდგენილი მოწმეები გარკვეულწილად საქმის შედეგით დაინტერესებულ პირებს წარმოადგენენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად მოპასუხე ბ.ი ს.-ის მიერ სადავო უძრავი ქონების შეძენის ფაქტი მისივე თანხებით, ვინაიდან აღნიშნულის საწინააღმდეგო და გამაბათილებელი მტკიცებულებები მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. ასეთ მტკიცებულებად სასამართლომ მართებულად არ მიიჩნია თ. ა.-ის და ნ. ს.-ის ხელწერილები, ვინაიდან ვერ იქნა დადგენილი, რომ მ. ს.-ემ მისი კუთვნილი თანხები გადასცა მათ.
15. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ მოპასუხეს სადავო უძრავი ნივთი გადაუფორმა, რადგან გარდაცვალების შემდეგ ბ. ს.-ეს არ ეწვალა ბინის გადაფორმებაზე, თუმცა ბინაში მ. ს.-ეს უნდა ეცხოვრა.
16. საქმის განხილვისას სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ბინის ყიდვის შემდეგ მ. ს.-ეს იმ ბინაში არ უცხოვრია, პირიქით, გაქირავებული აქვს და ისევ სახლის ყოფილი მეპატრონე ცხოვრობს. ამასთან, მ. ს.-ეს თავისუფლად შეეძლო, თავის სახელზე გაეფორმებინა ბინა და შემდეგ ეჩუქებინა ან ანდერძი დაეტოვებინა შვილისთვის, რითაც უპრობლემოდ მიიღებდა სამკვიდრო ქონებას მისი გარდაცვალების შემდეგაც. აღნიშნული თანხა იყო ბ.ი ს.-ის დანაზოგი, ბინის გადაფორმება მოხდა სწორედ ბ. ს.-ის სახელზე, რომელმაც შეთანხმებული ვადის გასვლის შემდეგ ბინის ყოფილ მეპატრონეს მოსთხოვა, დაეცალა იგი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ არ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ სადავო სახლი შეძენილ იქნა მ. ს.-ის ხარჯებით. აღნიშნული ფაქტი მოსარჩელის მიერ უტყუარი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა.
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა როგორც ინდივიდუალურ, ასევე მათ ერთობლიობაში შეფასებას. სასამართლო ვალდებულია, მოწმის ჩვენებაც და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიც შეაფასოს მათი შინაარსის და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით. აღნიშნული გულისხმობს ყველა იმ ობიექტური და სუბიექტური კრიტერიუმების (მხარეებთან დამოკიდებულებას, ფიზიკური მდგომარეობისა და სხვა) განხილვას და გამორიცხვას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მოწმის ჩვენების სისწორეზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო გარემოება – მოპასუხე ბ. ს.-ის მიერ სადავო უძრავი ქონების შეძენა მისივე თანხებით, არ ეფუძნება მხოლოდ მოწმის ჩვენებას, არამედ ერთობლიობაში ემყარება როგორც მხარეთა ახსნა-განმარტებებს, მოწმეთა ჩვენებებსა და საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს.
18. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების, 317-ე მუხლის პირველი ნაწილის, 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე ითხოვს არა უძრავი ნივთის დაბრუნებას, არამედ სამოქალაქო კოდექსის 979-ე და 987-ე მუხლების საფუძველზე მისი ღირებულების ანაზღაურებას.
19. სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატა დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას, რომ უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება ყველაფერზე, რამაც ერთი პირის უსაფუძვლო გამდიდრება გამოიწვია მეორე პირის ხარჯზე. შესაძლებელია უსაფუძვლოდ მიღებული ფულის მოთხოვნაც. უსაფუძვლო გამდიდრების დროს უნდა მოხდეს იმავე სახისა და იმავე ოდენობის ქონების დაბრუნება. თუ აღნიშნული ქონების ნატურად დაბრუნება შეუძლებელია, გადაცემული ქონების მდგომარეობის გამო, ან სხვა მიზეზით, უნდა ანაზღაურდეს მისი ღირებულება, რაც ამ ქონებას შეძენის მომენტში ჰქონდა.
20. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე არ ითხოვს ქონების დაბრუნებას, არამედ ითხოვს მისი ღირებულების ანაზღაურებას, სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის საფუძველზე.
21. უსაფუძვლოდ გაწეულ ხარჯებზე მოსარჩელის მოთხოვნის შესაძლო დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს კონდიქციური ვალდებულება – სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლი, რომლითაც განსაზღვრულია პირის მიერ შეგნებულად ან შეცდომით საკუთარ ინტერესებში, მაგრამ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სხვის ქონებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნის ფარგლები, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის პირველი ნაწილით, პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია, მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა. ამასთან, ამავე მუხლის მეორე ნაწილით, გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს.
22. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ სხვის ქონებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების განსაზღვრისას უტყუარად უნდა დადგინდეს მიმღების გამდიდრების ფაქტი. ამავდროულად, გამდიდრების ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ მომენტისათვის, როცა უფლებამოსილ პირს უბრუნდება ნივთი. ამდენად, სასამართლომ უნდა დაადგინოს და შეამოწმოს, მოსარჩელის მიერ კონკრეტულად რა სახის ხარჯები იქნა გაწეული, რამდენად აუცილებელი იყო ამ ხარჯის გაწევა და ემსახურებოდა თუ არა ეს ხარჯები სადავო ნივთის გაუმჯობესებას, თუ იგი მხოლოდ მოსარჩელის, როგორც ნივთის მოსარგებლის სპეციალური ინტერესებიდან გამომდინარე იქნა გაწეული.
23. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 14 ოქტომბერს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება თ. ა.-ესა და ბ. ს.-ეს შორის.
24. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის განმარტებით, ბ. ს.-ეს არც ერთი თეთრი არ დაუხარჯავს და მ. ს.-ემ გადაიხადა ნასყიდობის თანხა. აღნიშნულის დასადასტურებლად მან წარმოადგინა თ. ა.-ისა და ნ. ს.-ის ხელწერილები, მაგრამ აღნიშნულ ხელწერილები ვერ ადასტურებენ, რომ ეს თანხები მ. ს.-ის კუთვნილი იყო. ასევე დადგენილია, რომ მოდავე მხარეები დედა-შვილი არიან და მათ შორის გარკვეული ნდობა არსებობდა კონფლიქტამდე, ვინაიდან დადგენილია, რომ აღნიშნული ბინის შესაძენად ისინი ერთად დადიოდნენ, ბ.ს თავისი მანქანით დაჰყავდა დედამისი და ბოლო 6000 აშშ დოლარი მის მანქანაში გადასცა მ.მ გამყიდველს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბ. ს.-ე დედას ენდობოდა და ბინის შესაძენი თანხა მისთვის ჰქონდა გადაცემული.
25. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ სასამართლომ უნდა დაადგინოს და შეამოწმოს მოსარჩელის მიერ კონკრეტულად რა სახის ხარჯები იქნა გაწეული და რამდენად აუცილებელი იყო ამ ხარჯის გაწევა.
26. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე ბ.ი ს.-ემ სადავო უძრავი ქონება შეიძინა მისივე თანხებით, ვინაიდან აღნიშნულის საწინააღმდეგო და გამაბათილებელი მტკიცებულებები მოსარჩელეს არ წარუდგენია.
27. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სხვა პირის ქონებაზე შეგნებულად ან შეცდომით გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირი აღნიშნულის შედეგად გამდიდრდა. მოცემულ შემთხვევაში კი, ბ. ს.-ე მის მიერ სადავო უძრავი ქონების შეძენით უსაფუძვლოდ არ გამდიდრებულა, რადგან მან აღნიშნული ბინა საკუთარი დანაზოგით შეიძინა.
28. სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტის მტკიცების ტვირთი იყო მოსარჩელის მხარეზე, რომლის მიერაც აღნიშნული გარემოება სათანადო მტკიცებულებებით არ დადასტურებულა.
29. მოსარჩელე მ. ს.-ეს მოპასუხე ბ.ი ს.-ის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების საფუძველზე არ წარმოუდგენია. მოსარჩელემ ვერც უძრავი ქონების ნასყიდობის თანხების კუთვნილების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოადგინა. მიუხედავად მის მიერ წარმოდგენილი ხელწერილებისა, მოსარჩელემ ვერ შეძლო, უტყუარი მტკიცებულებებით დაედასტურებინა, რომ მ. ს.-ის მიერ გადაცემული თანხები მასვე ეკუთვნოდა.
30. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. ს.-ე 1992 წლიდან პირველი ჯგუფის ინვალიდია უვადოდ, მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე და დანიშნული აქვს სახელმწიფო პენსია ასაკის კატეგორიით. მისი საპენსიო პაკეტი შეადგენს 150 ლარს. მოსარჩელის სხვა რაიმე შემოსავლების არსებობა საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო დადგენილია, რომ მოპასუხე ათეული წელია მუშაობს, აქვს ყოველთვიური სოლიდური შემოსავალი, საიდანაც წლების განმავლობაში შესაძლებელი იყო, გარკვეული დანაზოგი დაეგროვებინა და მიებარებინა დედისათვის, რადგან დადგენილია, რომ ყოფილ მეუღლესთან კონფლიქტი ჰქონდა და განქორწინებულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ სადავო უძრავი ქონების ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნა უსაფუძვლოა.
31. სააპელაციო პალატამ გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს დასკვნა, რომ ბინის შესაძენი თანხების გადაცემასთან ან ბინის მის სახელზე დარეგისტრირებასთან დაკავშირებით მოპასუხე ბ. ს.-ის მხრიდან მ. ს.-ის მიმართ იძულების ან მუქარის ფაქტი არ დადასტურდა, რაც სამოქალაქო კოდექსის 978-ე მუხლის თანახმად, შესაძლებლობას მისცემდა მოსარჩელეს, ედავა გადაცემულის უკან დაბრუნების მოთხოვნასთან დაკავშირებით.
32. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს, რომელმაც აღნიშნული გარემოება სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ სადავო ბინის შესაძენი თანხები იყო მისი საკუთრება და ქონება უსაფუძვლოდ დარეგისტრირდა ბ.ი ს.-ის სახელზე. თავის მხრივ, მოპასუხე ბ.ი ს.-ემ შეძლო, დაედასტურებინა მის მიერ სადავო უძრავი ქონების შეძენის ფაქტი მისივე თანხებით.
33. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. ს.-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
34. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია მოწმე თ. ა.-ის ჩვენება და ხელწერილები იმის მტკიცებულებად, რომ თანხა ბინის შესაძენად საკუთარი ხარჯით გადაიხადა, რათა დავალების გარეშე შეეძინა საცხოვრებელი ბინა თავისთვის და, საბოლოოდ, შვილისთვისაც. აღნიშნულ ბინაში გადასვლას გეგმავდა სარემონტო სამუშაოების ჩატარების შემდეგ, მანამდე კი, საცხოვრებლად დატოვა ძველი მეპატრონე, რომელსაც ქირას ახდევინებდა. ბ. ს.-ეს ბინაზე არავითარი უფლება რომ არ ჰქონდა. ამიტომაც არ შესულა ბინაში. მან არც ის იცოდა, თანხა მთლიანად რომ ჰქონდა გადახდილი და ფიქრობდა, რომ ბინის საფასური მისი გადასახდელი იქნებოდა და არ აცხადებდა პრეტენზიას. მას შემდეგ, რაც გაიგო კასატორის მიერ თანხის გადახდის შესახებ, მოინდომა იქ ცხოვრება.
35. მხარის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, თუ ბინა მოპასუხის იყო, ის ნაქირავებ ფართში არ იცხოვრებდა. მოწმე თ. ა.-ემ დაადასტურა, რომ თანხა მ. ს.-ემ მისცა. მოსარჩელემ წარმოადგინა ყველა მტკიცებულება იმ ფაქტის სამტკიცებლად, რომ მოპასუხე მის ხარჯზე ნამდვილად გამდიდრდა. მოპასუხეს არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია იმის დასტურად, რომ ბინა მისი ფულით იქნა შეძენილი. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ ბინის შესაძენად დედა-შვილი ერთად დადიოდა. ეს არ უთქვამს არც მოწმეს და არც მოპასუხეს. პირიქით მოწმემ თქვა, რომ ბ. ს.-ემ ნახა მხოლო საჯარო რეესტრში ბინის გადაფორმების დროს. ასევე, სააპელაციო სასამართლომ არასწორად აღნიშნა, რომ ბ. ს.-ე და თ. ა.-ე შეთანხმებულები იყვნენ, თუ როდემდე უნდა ეცხოვრა ამ უკანასკნელს ბინაში. შეთანხმებული ვადის გასვლის შემდეგ კი მოპასუხემ მოსთხოვა ბინის დაცლა.
36. სააპელაციო სასამართლო ისე დაეყრდნო მხოლოდ მოპასუხის ახსნა-განმარტებასა და მოწმე ზ. რ.-ის ჩვენებას, რომ მათ გასამყარებლად არავითარი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. ასევე, არ წარდგენილა ცნობა ხელფასისა და სამუშაოს შესახებ.
37. კასატორის მოსაზრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი გულისხმობს მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის თანაბრად განაწილებას. სააპელაციო სასამართლომ კი აღნიშნული სტანდარტი დაარღვია და მოპასუხე მტკიცების ტვირთისაგან გაათავისუფლა.
38. მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მოწმეები საქმის შედეგით დაინტერესებული პირები იყვნენ, რადგან არ ირკვევა, რაში გამოიხატა მათი მხრიდან დაინტერესება. მოწმე თ. ა.-ე არ უნდა ჩაითვალოს დაინტერესებულ პირად, რადგან მის სასარგებლოდ არავითარი შედეგი არ დადგება. მან ბინა გაყიდა და ინტერესი აღარ აქვს, ხოლო მოწმე ზ. რ.-ე ნამდვილად დაინტერესებულია საქმის შედეგით, შესაბამისად, არასწორი ჩვენება მისცა სასამართლოს.
39. მ. ს.-ემ მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატას უნდა შეეფასებინა პოლიციიდან გამოთხოვილი მასალები, რომელთა შესაბამისადაც ირკვეოდა, რომ ბ. ს.-ეს „ა.-ში“ არ უმუშავია, ხოლო 2008-2010 წლებში „ი.-ში“ ნამუშევარი ხელფასის ოდენობამ შეადგინა სულ 5787,07 ლარი. ამდენად, მოპასუხეს სადავო ბინის შესაძენი დანაზოგი არ გააჩნდა.
40. კასატორმა მოითხოვა სააპელაციო პალატის 2015 წლის 23 ნოემბრის განჩინების გაუქმებაც, რომლითაც უარი ეთქვა საქმეზე მტკიცებულებების დართვაზე.
41. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 იანვრის განჩინებით მ. ს.-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
42. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ. ს.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
43. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია იმ გარემოებების მიმართ, რომ 2013 წლის 14 ოქტომბერს თ. ა.-ესა და მოპასუხე ბ. ს.-ეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელის საგანს წარმოადგენდა: 1) ქ.-ში, ს.- ჩ.-ის ქ.№--ის №- ნაკვეთზე მდებარე 51,52 კვ.მ საცხოვრებელ ბინა, (.., საკადასტრო კოდი: №...); 2) ქ.-ში, ს.- ჩ.-ის ქ.№-ის №- ნაკვეთში მდებარე 75.43 კვ.მ №.. დამხმარე ნაგებობა, (..., საკადასტრო კოდი: №...); 3) ქ.-ში, ს.- ჩ.-ის ქ. №-ის №.. ნაკვეთში მდებარე 24.14 კვ.მ №- დამხმარე ნაგებობა (..., საკადასტრო კოდი: №...).
44. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ზ. რ.-ის ჩვენების შესამოწმებლად ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის №- განყოფილებიდან გამოთხოვილ იქნა საქმის მასალები. ზ. რ.-ის გასაუბრების შესახებ ოქმიდან დასტურდება იგივე, რაც მან პირველი ინსტანციის სასამართლოში განმარტა, კერძოდ, რომ ბ. ს.-ე მუშაობდა თბილისში სხვადასხვა კომპანიებში, იღებდა ხელფასს. 1997 წელს მან ბ. ს.-ე წაიყვანა სამუშაოდ, ამის შემდეგ მოპასუხე სულ მუშაობდა. დედას და ოჯახს უგზავნიდა თანხას, ამჟამად „ფ.-ში“ მუშაობენ, 500-600 ლარი აქვთ ხელფასი, 1000 ლარამდე ხელფასი დანამატებით. ანუ უდავოდ დასტურდება, რომ ბ. ს.-ე მუშაობდა, იღებდა ხელფასს და ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი სახსრებით შეეძინა ბინა.
45. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 1992 წლიდან მ. ს.-ე არის პირველი ჯგუფის ინვალიდი უვადოდ, მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე და დანიშნული აქვს სახელმწიფო პენსია ასაკის კატეგორიით. მისი საპენსიო პაკეტი შეადგენს 150 ლარს. მოსარჩელის სხვა რაიმე შემოსავლების არსებობა საქმის მასალებით არ დასტურდება.
46. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მ. ს.-ე სადავოდ ხდის ბ. ს.-ის მიერ საკუთარი სახსრებით სადავო უძრავი ქონების შეძენის ფაქტს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაანაწილა მხარეთა შორის სადავო გარემოებების მტკიცების ტვირთი, რომელიც უნდა განაწილებულიყო მხარეებზე თანაბარწილად.
47. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
48. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
49. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ სააპელაციო პალატამ მხარეთა შორის საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი არასწორად გაანაწილა და მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი.
50. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
51. მითითებული ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული.
52. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი (სუსგ 20.11.2015 წ. საქმე №ას-979-924-2015).
53. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე კანონიერად გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ მ. ს.-ის მიერ სადავოდ გამხდარი უძრავი ქონება ბ. ს.-ემ შეიძინა კუთვნილი დანაზოგით და საცხოვრებელი ბინა აღრიცხა თავის სახელზე, ვინაიდან აღნიშნულის საწინააღმდეგო და გამაბათილებელი უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულებები მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.
54. ასეთ მტკიცებულებად სააპელაციო პალატამ მართებულად არ მიიჩნია თ. ა.-ისა და ნ. ს.-ის ხელწერილები, ვინაიდან ვერანაირი მტკიცებულების მეშვეობით ვერ იქნა დადგენილი, რომ მ. ს.-ემ მისი კუთვნილი თანხები მათ გადასცა.
55. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
56. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
57. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას სააპელაციო პალატის 2015 წლის 23 ნოემბრის განჩინების გაუქმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მსგავსი თარიღის განჩინება მოცემულ საქმეში წარმოდგენილი არ არის. დასახელებული დავის წარმოება სააპელაციო ინსტანციაში დასრულდა 2015 წლის 2 ნოემბრის განჩინებით. ამდენად, ცხადია, რომ 23 ნოემბერს სააპელაციო სასამართლო ვერ იმსჯელებდა მ. ს.-ის მიერ მტკიცებულებების წარდგენის მართლზომიერებაზე.
58. ამავდროულად, კასატორს სარწმუნოდ არ დაუსაბუთებია, თუ რა გავლენას მოახდენდა სადავო მტკიცებულებები დავის არსებით ბედზე და რატომ ვერ წარადგინა ისინი პირველი ინსტანციის სასამართლოში კანონით დადგენილი წესით.
59. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ს.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური