Facebook Twitter

საქმე № 330210014559035

საქმე №ას-1299-1219-2015 17 თებერვალი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა. გ.-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. შ.-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა. გ.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. შ.-ის მიმართ ნოტარიუს ეკატერინე შენგელიას მიერ 2014 წლის 12 თებერვალს გაცემულ №.. სააღსრულებო ფურცლის იმგვარად შეცვლის შესახებ, რომ: გადასახდელი ძირითადი თანხა შემცირდეს 9040 აშშ დოლარით, ხოლო სესხის ძირითადი თანხა განისაზღვროს 7960 აშშ დოლარით; აღიარებულ იქნეს, რომ მოსარჩელე ა. გ.-ეს მოპასუხე ნ. შ.-ისათვის 2011 წლის 26 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პროცენტის სახით გადახდილი აქვს 2040 აშშ დოლარი; პირგასამტეხლო – 10000 აშშ დოლარი შემცირდეს და მისი ოდენობა განისაზღვროს 500 აშშ დოლარით.

2. მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის 26 მარტს სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე ნ. შ.-ისაგან ისესხა 17 000 აშშ დოლარი 3 თვის ვადით ყოველთვიურად 4%-ის დარიცხვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლოც – ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,3%. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

3. 2013 წლის 24 ივნისს ა. გ.-ემ მოპასუხესთან შეთანხმებით გადაიხადა 11080 აშშ დოლარი, რაც ნ. შ.-ემ მხოლოდ სარგებლის ანგარიშში გადახდილად არასწორად ჩათვალა. მოპასუხეს მხოლოდ 3 თვის სარგებლის – 2040 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება ჰქონდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, 9040 აშშ დოლარი უნდა გამოკლებოდა ძირითად თანხას – 17000 აშშ დოლარს და სესხის ძირითადი თანხა ჩათვლილიყო ნაწილობრივ დაფარულად.

4. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლო – 0,3 %, რომელიც ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად, ჯამურად შეადგენს 10 000 აშშ დოლარს, შეუსაბამოდ მაღალია და იგი უნდა შემცირდეს 500 აშშ დოლარამდე.

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2011 წლის 26 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელს გადაეცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 17 000 აშშ დოლარი 3 თვის ვადით. სესხის სარგებელი შეადგენდა თვეში 4%-ს, ანუ – 680 აშშ დოლარს. მსესხებელმა ვერ შეძლო სესხის ძირითადი თანხის 3 თვის ვადაში დაფარვა. მან გადაიხადა მხოლოდ პროცენტი. ვადის გასვლის შემდეგ მხარეთა ზეპირი შეთანხმებით ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა და, მართალია, არასტაბილურად, მაგრამ მსესხებელი სარგებელს იხდიდა. მას გადახდილი თანხის დაფიქსირება არ მოუთხოვია.

6. მოპასუხემ მიუთითა, რომ 2013 წლის 24 ივნისს ნ. შ.-ესა და მის იპოთეკარ ე. მ.-ლს სთხოვა სარგებლის სახით გადახდილი თანხა დაეფიქსირებინა ნოტარიუსთან, რაც განხორციელდა კიდეც. დაფიქსირდა, რომ ნ. შ.-ემ მიიღო 11080 აშშ დოლარი სარგებელი, შესაბამისად, ა. გ.-ეს დასაბრუნებელი დარჩა სარგებლის სახით კიდევ 7280 აშშ დოლარი და ძირი თანხა – 17 000 აშშ დოლარი.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 2014 წლის 12 თებერვალს ნოტარიუს ეკატერინე შენგელიას მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში შევიდა ცვლილება იმგვარად, რომ გადასახდელი ძირი თანხა შემცირდა 9040 აშშ დოლარით და განისაზღვრა 7960 აშშ დოლარით, პირგასამტეხლო შემცირდა 2000 აშშ დოლარამდე, აღიარებულ იქნა, რომ მოსარჩელე ა. გ.-ეს ნ. შ.-ისათვის, 2011 წლის 26 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პროცენტის სახით გადახდილი აქვს 2040 აშშ დოლარი, რაც მოსარჩელემ სარჩელის უარის თქმის ნაწილში გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტობრივი თვალსაზრისით გასაჩივრებული არ არის, ამდენად, პალატამ დადგენილად მიიჩნია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

10. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილება შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სამართლებრივი შეფასების ნაწილში.

11. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებობს, 2011 წლის 26 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. სააპელაციო საჩივრის მიხედვით, სადავოა სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 418-ე და 420-ე მუხლების გამოყენების მართებულობა.

12. სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების საფუძველზე სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 2011 წლის 26 მარტის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის. მხარეთა მიერ პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხის 0.3%-ით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

13. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა პირგასამტეხლოს არსი და საფუძვლიანად შეამცირა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.

14. სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა შესრულებულიყო დარღვეული ვალდებულება, ამ ვალდებულების შესრულებამდე.

15. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

16. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.

17. სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.

18. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ 2013 წლის 24 ივნისის მდგომარეობით შესასრულებელი ძირითადი ვალდებულებაა 7960 აშშ დოლარი. 2013 წლის 24 ივნისის შემდგომ მოვალეს არ შეუსრულებია ვალდებულება არც სრულად და არც ნაწილობრივ. სააღსრულებო ფურცელი, რომლის მოქმედებაც შეჩერებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 21 ივლისის განჩინებით, გაიცა 2014 წლის 12 თებერვალს. 7960 აშშ დოლარის გადახდის ნაწილში სესხი ვადაგადაცილებულია 2011 წლის 26 ივნისიდან.

19. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ხელშეკრულების საერთო თანხის, შესრულებული ვალდებულებისა და ვადის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე მართებულად ჩათვალა მოთხოვნილი პირგასამტეხლო – გადაუხდელი თანხის 0.3%, შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და სამართლიანად შეამცირა მისი ოდენობა 2000 აშშ დოლარამდე.

20. აპელანტი ითხოვს შემცირებული პირგასამტეხლოს შემცირებას 500 აშშ დოლარამდე. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.

21. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი ვერ ასაბუთებს, თუ რატომ მიიჩნევს პირველი ინსტანციის მიერ შემცირებულ პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და რა ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით ითხოვს შემცირებული პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირებას. აქვე აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს, განზოგადებულ წესს. მისი განსაზღვრა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების გათვალისწინებით ხდება ამავე საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მოთხოვნა პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

22. სააპელაციო სასამართლოს განჩინება ა. გ.-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

23. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სათანადოდ არ გაანალიზა საქმის გარემოებები, რომლებიც იძლეოდა პირგასამტეხლოს ოდენობის კიდევ უფრო შემცირების შესაძლებლობას.

24. გასაჩივრებული განჩინებით დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე და 390-ე მუხლების მოთხოვნები, ვინაიდან სააპელაციო პალატამ მხოლოდ ის მიუთითა, რომ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნული ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას, რომ 390-ე მუხლის სიტყვები – „მოკლე დასაბუთება არ ნიშნავს ბლანკეტურ მითითებას“. სააპელაციო პალატა ვალდებული იყო, დაესაბუთებინა კონკრეტულად რომელ გარემოებაზე დაყრდნობით არ უნდა დაკმაყოფილებულიყო აპელაცია გასაჩივრებულ ნაწილში.

25. მხარის მოსაზრებით, გაუგებარია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მხარეთა შორის არსებობს 2011 წლის 26 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. სააპელაციო საჩივრის მიხედვით კი, სადავოა სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 418-ე და 420-ე მუხლების გამოყენების მართებულობა.

26. კასატორმა მიიჩნია, რომ ლიტერატურაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს სასამართლოს მიერ საკუთარი ინიციატივით შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების საკითხი, თუმცა აღნიშნული გამართლებულია პრაქტიკული თვალსაზრისით. სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმის ადრესატი, რომელიც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებას უშვებს, სწორედ სასამართლოა და არა მოვალე. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული საკანონმდებლო კონსტრუქცია მავალდებულებელია და არა უფლებააღმჭურველი.

27. მხარის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ კასატორმა ვალდებულების 70-80% შეასრულა და გადაუხდელი 7960 აშშ დოლართან მიმართებით პირგასამტეხლოს 2000 აშშ დოლარის ოდენობით განსაზღვრა შეუსაბამოა.

28. კასატორმა აღნიშნა, რომ კრედიტორმა არაკეთილსინდისიერად მოითხოვა ნოტარიუსთან ძირი თანხისა და პირგასამტეხლოს გადახდა მიუხედავად იმისა, რომ მოვალეს ვალდებულების ძირითადი ნაწილი უკვე შესრულებული ჰქონდა. ამდენად, კრედიტორმა დამალა ვალდებულების შესრულების ფაქტი და, მისი ქმედების გამო, საჭირო გახდა პროცესის წამოწყება, რაც ერთგვარი ზარალია კასატორისათვის. ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისა და კრედიტორის კეთილსინდისიერების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა ორივე მხარისათვის ხელსაყრელი შეთანხმების მიღწევა. ამრიგად, ვადის გასვლა მოვალის ქმედებას არ გამოუწვევია. სააპელაციო სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანი გარემოებანი, კერძოდ, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 თებერვლის განჩინებით ა. გ.-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორს სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის გადახდა გადაუვადდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

30. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ა. გ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

32. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

33. დაუსაბუთებელია კასატორის არგუმენტი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის საწინააღმდეგ სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე და 390-ე მუხლების მოთხოვნები, ვინაიდან მხოლოდ ის მიუთითა, რომ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

34. აღსანიშნავია, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში, ერთი მხრივ, მართლაც მითითებულია, რომ სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა, მეორე მხრივ, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებობდა 2011 წლის 26 მარტის ხელშეკრულება სესხისა და იპოთეკის შესახებ.

35. 2013 წლის 24 ივნისის მდგომარეობით შესასრულებელმა ძირითადმა ვალდებულებამ შეადგინა 7960 აშშ დოლარი.

36. 2013 წლის 24 ივნისის შემდგომ მოვალეს არ შეუსრულებია ვალდებულება არც სრულად და არც ნაწილობრივ.

37. 2014 წლის 12 თებერვალს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მოქმედებაც შეჩერებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 21 ივლისის განჩინებით. 7960 აშშ დოლარის გადახდის ნაწილში სესხი ვადაგადაცილებულია 2011 წლის 26 ივნისიდან.

38. სააპელაციო პალატამ ასევე დაადგინა, რომ 2011 წლის 26 მარტის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის. მხარეთა მიერ პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხის 0.3%-ით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

39. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

40. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

41. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

42. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

43. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

44. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014).

45. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა პირგასამტეხლოს განსაზღვრის ზემოაღნიშნული წესი და სავსებით სწორად მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ხელშეკრულების საერთო თანხის, შესრულებული ვალდებულებისა და ვადის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე მართებულად ჩათვალა მოთხოვნილი პირგასამტეხლო – გადაუხდელი თანხის 0.3% შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და სამართლიანად შეამცირა მისი ოდენობა 2000 აშშ დოლარამდე.

46. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

47. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (სუს 2015 წლის 3 აპრილის №ას-63-57-2015 განჩინება, სუს 2015 წლის 19 მარტის №ას-48-43-2015 განჩინება, სუს 2014 წლის 10 აპრილის №ას-23-23-2014 განჩინება, 2014 წლის 16 მაისის №ას-1200-1145-2013 განჩინება).

48. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

49. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

50. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ა. გ.-ეს უნდა დაეკისროს საკასაციო სასამართლოს მიერ გადავადებული სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის 30%-ის – 90 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. გ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ა. გ.-ეს (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს 90 ლარის გადახდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური