საქმე № 820210015691755
საქმე №ას-1303-1223-2015 3 თებერვალი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „მ.მ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ 74520 ლარის ანაზღაურების შესახებ.
2. მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 26 ივლისს ქედის მუნიციპალიტეტსა (შემსყიდველი) და შპს „მ.ს“ (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №120 ხელშეკრულება ქედის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის წყალსადენების რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვაზე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 211700 ლარს. სამუშაოს მიწოდება ხორციელდებოდა ხელშეკრულების დადებიდან 120 კალენდარულ დღეში 2013 წლის 24 ნოემბრამდე. შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი (ეტაპი) ჩაითვლებოდა მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. ამასთან, მიმწოდებელს ევალებოდა შესრულებული სამუშაოს ხარისხის, მოცულობისა და ფასების შესახებ ლიცენზირებულ საექსპერტო ბიუროში ექსპერტიზის ჩატარება. სამუშაოს დასრულების ვადად განისაზღვრა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის მიერ სამუშაოს დასრულების დადასტურების დღე, ხოლო ობიექტი საბოლოოდ მიღებულად ჩაითვლებოდა ექსპერტიზის ბიუროს მიერ დადებითი დასკვნის საფუძველზე შესაბამისი მონაცემების წარმოდგენისა და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
3. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ობიექტური მიზეზების გამო (დიდთოვლობა და ა.შ) ნაკისრი ვალდებულება დროულად ვერ შეასრულა. მოპასუხემ ვალდებულების შესრულების ვადა მხარეს არ გაუგრძელა და 2013 წლის 28 დეკემბრიდან დაიწყო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს – 0,2%-ის დარიცხვა.
4. მოსარჩელის განმარტებით, ვალდებულება შესრულდა 2014 წლის 15 ივნისისათვის, თუმცა მოპასუხემ შესრულების სამუშაოს სანაცვლოდ ჩაურიცხა მხოლოდ 136 700 ლარი, დარჩენილი 75 000 ლარი კი გაუქვითა პირგასამტეხლოს ანგარიშში. აღნიშნული ოდენობა არ შეესაბამება მხარეთა შეთანხმებას და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მოსარჩელეს.
5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განაცხადა, რომ სადავო თანხა შპს „მ.ს“ მართებულად არ გადაერიცხა.
6. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილება, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 55 890 ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 26 ივლისს ქედის მუნიციპალიტეტსა და შპს „მ.ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. ამ ხელშეკრულების საფუძველზე აპელანტს ქედის მუნიციპალიტეტში უნდა შეესრულებინა წყალსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულების 3.1. მუხლის თანახმად, ეს სამუშაოები აპელანტს უნდა დაესრულებინა 2013 წლის 24 ნოემბრამდე. იმის გამო, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში აპელანტი სამუშაოს ვერ ასრულებდა, 2013 წლის 31 ოქტომბერს მხარეებმა ხელშეკრულებაში შეიტანეს ცვლილებები და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადა გააგრძელეს 2013 წლის 28 დეკემბრამდე, თუმცა საბოლოოდ, სამუშაო 2014 წლის 23 ივნისს დასრულდა.
9. ამიტომ, ხელშეკრულების 17.1. მუხლის საფუძველზე, ქედის მუნიციპალიტეტმა აპელანტს დააკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,2-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სულ – 74 520 ლარი, რაც გამოაკლო გადასახდელი მომსახურების ღირებულებას.
10. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც აპელანტს უნდა შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეს უნდა გადაეხადა შეთანხმებული საზღაური. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შორის დადებული იყო ნარდობის ხელშეკრულება.
11. სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის მიხედვით, მხარეებმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გაითვალისწინეს პირგასამტეხლო. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ისიც, რომ აპელანტმა ვალდებულების შესრულების ვადა დაარღვია და ამის გამო, იგი ვალდებული იყო პირგასამტეხლო გადაეხადა.
12. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ ვალდებულების დარღვევა გამოწვეული იყო დაუძლეველი ძალით.
13. იმისათვის, რომ ესა თუ ის მოვლენა ჩაითვალოს დაუძლეველ ძალად, იგი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: მოვლენის დადგომა არ უნდა იყოს დამოკიდებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ნებაზე, ე.ი. მოვლენა არ უნდა იყოს გამოწვეული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ქმედებით ან უმოქმედობით; მოვლენა უნდა იყოს უჩვეულო, ე.ი. არ უნდა იყოს სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთათვის ჩვეულებრივი და, შესაბამისად, მოვლენის დადგომა მათთვის უნდა იყოს მოულოდნელი; მისი თავიდან აცილება შეუძლებელი უნდა იყოს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთათვის საჭირო წინდახედულობისა და გულისხმიერების გამოვლენის შემთხვევაში და ეს შეუძლებელს უნდა ხდიდეს სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კანონისმიერი ან სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებას.
14. აპელანტი ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის მიზეზად მიიჩნევს მოწინააღმდეგე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეცვლასა და რთულ კლიმატურ პირობებს.
15. სააპელაციო პალატამ, უპირველეს ყოვლისა აღნიშნა, რომ საქმის მასალების თანახმად, თავდაპირველად ხელშეკრულების შესრულება შეფერხდა არა პირობების ცვლილების, არამედ წყლის გამწმენდი მილების მონტაჟისათვის საჭირო მექანიზმების საზღვარგარეთიდან შემოტანის დაგვიანების გამო, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ ამ მიზეზით შევიდა ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილებები და სამუშაოს შესრულების ვადა გაგრძელდა 2013 წლის 28 დეკემბრამდე. ამდენად, 2014 წლის 28 დეკემბრის შემდეგ ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევაზე ეს ფაქტი გავლენას ვერ მოახდენდა.
16. სააპელაციო პალატის აზრით, რაიონულმა სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში კლიმატური პირობების გაუარესების დამადასტურებელი მტკიცებულებები აპელანტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. ამიტომ, ვალდებულების შესრულების შემაფერხებელი ამ გარემოების არსებობა აპელანტმა ვერ დაამტკიცა.
17. ასეც რომ არ იყოს, უდავოა, რომ აპელანტმა იკისრა ვალდებულება, შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო მაღალმთიან სოფლებში. ამ ადგილას კი ნოემბერსა და დეკემბერში თოვლის მოსვლა ყოველთვის მოსალოდნელია. მათ შორის, ყოველთვის მოსალოდნელია ისიც, რომ თოვლის საფარმა 1-2 მეტრი შეადგინოს.
18. ამდენად, გარემოება, რომელსაც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების მიზეზად აპელანტი ასახელებს, უჩვეულო არ ყოფილა და მისი გათვალისწინება, როგორც ხელშეკრულების დადების, ასევე მისი ვადის გაგრძელების დროს სავსებით შესაძლებელი იყო. ამიტომ, პალატის აზრით, ვალდებულების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი მიზეზი აპელანტს არ ჰქონდა.
19. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ქედის მუნიციპალიტეტი უფლებამოსილი არ იყო, პირგასამტეხლო დაეკავებინა მომსახურების ღირებულებისათვის გადასახდელი თანხიდან. მართალია, პირგასამტეხლო, მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებაა, თუმცა, ვადის გადაცილების გამო, აპელანტს მისი გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა.
20. სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 444-ე მუხლის საფუძველზე კი, შემკვეთი უფლებამოსილი იყო, გაექვითა ვალდებულებები და აპელანტისათვის გადაეხადა თანხა მისაღები პირგასამტეხლოს გამოკლებით.
21. ამავდროულად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
22. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ აპელანტმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მართალია, დაგვიანებით, მაგრამ მაინც ჯეროვნად შეასრულა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს სრული ანაზღაურება შეადგენდა 211 700 ლარს, აპელანტის მხრიდან ვადაგადაცილება – 179 კალენდარულ დღეს, ხოლო ქედის მუნიციპალიტეტის მიერ დაკავებული პირგასამტეხლო – ხელშეკრულების სრული ღირებულების 35%-ზე მეტს.
23. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო აპელანტის მიერ დარღვეულ ვალდებულებასთან შედარებით შეუსაბამოდ მაღალია, იგი უნდა შემცირდეს და განისაზღვროს ყოველდღიურად ხელშეკრულების თანხის 0,05%-ის ოდენობით. აპელანტის მიერ გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენდა 74 520/4=18 630 ლარს, ამიტომ, ქედის მუნიციპალიტეტმა აპელანტს უნდა გადაუხადოს 74 520-18 630=55 890 ლარი.
24. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
25. კასატორმა განმარტა, რომ სააპელაციო პალატა გასცდა სასარჩელო მოთხოვნას და იმსჯელა ისეთ საკითხზე, რაც მხარეს არ მოუთხოვია, კერძოდ, შპს „მადას“ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა პირგასამტეხლოს გადახდისაგან გათავისუფლება, ხოლო სასამართლომ აღნიშნული პირგასამტეხლოს ოდენობა შეამცირა, შესაბამისად, დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 248-ე მუხლები, 393-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები, დისპოზიციურობისა და მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპები.
26. მხარის მითითებით, სააპელაციო პალატამ არასწორად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადბული №120 ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შპს „მ.ს“ მიერ დარღვეულ ვალდებულებასთან შედარებით შეუსაბამოდ მაღალია. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ შპს „მ.ს“ მხრიდან ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე დამოკიდებული იყო მოსახლეობისათვის სასმელი წყლის მიწოდება. სწორედ აღნიშნულის გამო, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 0,2%-ით.
27. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატას არ დაუსაბუთებია, რის საფუძველზე შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა 0,05%-მდე და რის გამო იყო მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღებული წერილობითი შეთანხმებით განსაზღვრული 0,2% შეუსაბამოდ მაღალი. პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების დროს სააპელაციო სასამართლოს, ასევე, არ უმსჯელია, რა ზიანი მიადგა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სადავო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 იანვრის განჩინებით ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
29. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
30. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 26 ივლისს ქედის მუნიციპალიტეტსა და შპს „მ.ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. ამ ხელშეკრულების საფუძველზე აპელანტს ქედის მუნიციპალიტეტში უნდა შეესრულებინა წყალსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულების 3.1. მუხლის თანახმად, ეს სამუშაოები აპელანტს უნდა დაესრულებინა 2013 წლის 24 ნოემბრამდე. იმის გამო, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში აპელანტი სამუშაოს ვერ ასრულებდა, 2013 წლის 31 ოქტომბერს მხარეებმა ხელშეკრულებაში შეიტანეს ცვლილებები და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადა გააგრძელეს 2013 წლის 28 დეკემბრამდე, თუმცა საბოლოოდ, სამუშაო 2014 წლის 23 ივნისს დასრულდა.
31. ამიტომ, ხელშეკრულების 17.1. მუხლის საფუძველზე, ქედის მუნიციპალიტეტმა აპელანტს დააკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,2-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სულ – 74520 ლარი, რაც გამოაკლო გადასახდელი მომსახურების ღირებულებას.
32. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე სადავოდ ხდის ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების საკითხს. საკასაციო პრეტენზია ეხება როგორც თანხის მოცულობის განსაზღვრის მართებულობას, ისე სასამართლოს მხრიდან აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის კანონიერებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლთან მიმართებით.
33. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
34. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
35. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
36. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
37. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
38. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
39. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014).
40. ამდენად, მნიშვნელოვანია გაიმიჯნოს, რომ მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს გააჩნია უფლება, მხარეთა შორის შესაბამისი შეთანხმების არსებობის პირობებში, მოითხოვოს პირგასამტეხლოს დაკისრება, რაც განსხვავდება სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისაგან, რომელიც მხარეთა შეთანხმებაზე დამოკიდებული არ არის.
41. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული დავის ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტისათვის, სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა არ იხილება. შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული კასატორის მითითება, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოიკვლია, თუ რა ზიანი მიადგა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შპს „მ.ს“ მიერ ვალდებულების დროულად შეუსრულებლობით.
42. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, წარმოდგენილი დავის საგანია შპს „მ.სათვის“ პირგასამტეხლოს დაკისრება.
43. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას, რომ შპს „მ.ს“ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მხოლოდ პირგასამტეხლოს გადახდისაგან გათავისუფლება და მხარეს პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვამს.
44. მოცემული საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ შპს „მ.მ“ თავის სასარჩელო განცხადებაშივე დააფიქსირა საკუთარი უკმაყოფილება პირგასამტეხლოდ დავალიანების 0,2%-ის, როგორც შეუსაბამოდ მაღლი ოდენობის განსაზღვრის თაობაზე (ტომი 1, ს.ფ. 5). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს არ გასცდენია და არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნები არ დაურღვევია.
45. რაც შეეხება სადავო პირგასამტეხლოს მოცულობას, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს სრული ანაზღაურება შეადგენდა 211 700 ლარს, შპს „მ.მ“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მართალია, დაგვიანებით, მაგრამ მაინც ჯეროვნად შეასრულა. ვადაგადაცილებამ შეადგინა 179 კალენდარული დღე, ქედის მუნიციპალიტეტის მიერ დაკავებული პირგასამტეხლო კი ხელშეკრულების სრული ღირებულების 35%-ს აღემატება.
46. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სადავო პირგასამტეხლოს ოდენობა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით სწორედ განსაზღვრა მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებების სწორად შეფასების საფუძველზე.
47. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
48. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (სუს 2015 წლის 19 მარტის №ას-48-43-2015 განჩინება, სუს 2014 წლის 10 აპრილის №ას-23-23-2014 განჩინება, სუს 2012 წლის 28 დეკემბრის №ას-1560-1463-2012 განჩინება).
49. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
50. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, თუმცა კასატორმა არასწორად მაინც გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი – 3726 ლარი, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 22 დეკემბრის №02310 საგადახდო მოთხოვნით. შესაბამისად, კასატორს აღნიშნული თანხა სრულად უნდა დაუბრუნეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაუბრუნდეს 2015 წლის 22 დეკემბრის №02310 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 3726 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური