Facebook Twitter

№ას-1129-1062-2015 26 იანვარი, 2016 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – რ.ნ გა-ა, ა.ა გ.-ა (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.ე გ.ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, თანამესაკუთრედ აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ი.ე გ.ი (შემდეგში: მოსარჩელე) და რ. ა (შემდეგში: პირველი მოპასუხე ან კასატორი) 2006 წლიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში.

2. მოსარჩელე და პირველი მოპასუხე 2008 წლიდან ა. გასთან (შემდეგში: მეორე მოპასუხე ან კასატორი) ერთად ცხოვრობდნენ შემდეგ მისამართზე: თბილისი, ჯ. წ.ას ჩიხ #2/19-ში.

3. 2010 წლის 3 სექტემბერს მოსარჩელე და პირველი მოპასუხე დაქორწინდნენ (ტ.1, ს.ფ. 35, ქორწინების მოწმობა) [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, მუხლი 1106].

4. 2013 წლის 9 დეკემბერს მოსარჩელე და პირველი მოპასუხე განქორწინდნენ (ტ.1, ს.ფ. 110, განქორწინების მოწმობა)[ სსკ-ის მუხლი 1122].

5. პირველი მოპასუხე მეორე მოპასუხის შვილი (ტ. 1, ს.ფ. 108-109).

6. ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიამ პირველი მოპასუხის თვითნებურ მფლობელობაში არსებულ 661 მ2 მიწის ნაკვეთზე (შემდეგში: უძრავი ქონება), მდებარე თბილისი, ჯ. წ.ას ჩიხი #2/19-ში გასცა საკუთრების უფლების მოწმობა #6.9 და აღნიშნული ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა პირველი მოპასუხის საკუთრებად (ტ.1. ს.ფ. 25-29, 28, 20) [საქართველოს კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდილი პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების შესახებ“ მუხლი 51 და სსკ-ის 311-ე მუხლი].

7. 2013 წლის 10 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულებით პირველმა მოპასუხემ მეორე მოპასუხეს 4000 ლარად მიჰყიდა ზემოაღნიშნული უძრავი ნივთი. ნასყიდობის საფუძველზე მეორე მოპასუხე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ქონების მესაკუთრედ (ტ.1. ს.ფ. 29-30, 13) [სსკ-ის 477-ე, 183-ე და 311-ე მუხლები].

8. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეთა წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხეთა შორის 2013 წლის 10 მაისს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და წინამდებარე განჩინების პ.6-ში აღნიშნული უძრავი ნივთის ½ ნაწილზე მესაკუთრედ აღიარება.

8.1. მოსარჩელე თავის მოთხოვნას ასაბუთებდა იმით, რომ სადავო ქონება შეძენილი იყო პირველ მოპასუხესთან თანაცხოვრების პერიოდში და წარმოადგენდა თანასაკუთრების საგანს [სსკ-ის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილი].

8.2. მისი მოსაზრებით, 2013 წლის 10 მაისის ხელშეკრულება მოჩვენებითი ხასიათის იყო და ქონების გაყოფისათვის ხელის შეშლას ისახავდა მიზნად, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ მყიდველს ნასყიდობის ფასი არ გადაუხდია.

9. მოპასუხეებმა წარადგინეს მოთხოვნის წარმოშობის გამომრიცხავი შესაგებელი და მიუთითეს, რომ 2013 წლის 10 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების დადება განაპირობა ოჯახის ვალებმა, რის შესახებაც მოსარჩელემაც იცოდა და ის ნივთის გასხვისებას დაეთანხმა.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

10.1. მოსარჩელეს სადავო ქონების შეძენაში მონაწილეობა არ მიუღია;

10.2. ნასყიდობა ნამდვილია. არ დადასტურდა მყიდველის მხრიდან ნასყიდობის ფასის გადაუხდელობა;

10.3. ნასყიდობის თაობაზე მოსარჩელისათვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ 2013 წლის ივნისიდან და მას განქორწინებამდე მისი ნამდვილობა სადავოდ არ გაუხდია.

სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 56-ე, 477-ე, 170-ე,1158-ე,183-ე, 185-ე, 312-ე და 1160-ე მუხლები.

11. საქალაქო სასამართლოს მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის 10 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულება და მოსარჩელე ცნობილი იქნა უძრავი ქონების ერთი მეორედის მესაკუთრედ.

12.1. სსკ-ის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ქონება მოსარჩელისა და პირველი მოპასუხის თანასაკუთრებას წარმოადგენდა;

12.2. სასამართლომ დაასკვნა, რომ ვინაიდან მოპასუხეები წარმოადგენდნენ ერთი ოჯახის წევრებს (დედა-შვილი), შემძენის (მეორე მოპასუხე) ქმედება სადავო გარიგების მიმართ ვერ მიიჩნეოდა კეთილსინდისიერად, ვინაიდან მას უნდა სცოდნოდა, რომ ნასყიდობის საგანი წარმოადგენდა მოსარჩელისა და პირველი მოპასუხის თანასაკუთრებას.

სააპელაციო სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 50-ე, 56-ე, 477-ე, 170-ე,1151-1152-ე, 1158-ე, 1159-ე, 1160-ე, 1161-ე, 1164-ე, 1168-ე, 183-ე, 185-ე და312-ე მუხლები.

13. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

13.1. სადავო ქონების გასხვისება მოხდა მოსარჩელისა და პირველი მოპასუხის განქორწინებამდე, რის შესახებაც მოსარჩელემ იცოდა და მას თავის დროზე პრეტენზია არ გამოუთქვამს;

13.2. სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 1160-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელეს შეეძლო მოეთხოვა ქონების განკარგვით მიღებული თანხა და არა ხელშეკრულების ბათილობა.

14.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია.

12. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან .(სუსგ საქმე ას-300-282-2104, ას-1017-960-2015, ას-295-281-2015 , ას-1298-1236-2014)

13. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კასატორის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 257-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. რ. გ.-სა და ა. გ.ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. რ. გ.ასა (0--) და ა. გ.ას (0.7) დაუბრუნდეთ ლ. გ.ას (0.) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (საკრედიტო საგადასახადო დავალება #-- გადახდის თარიღი 11.11.15, სს ბანკი რესპუბლიკა), 300 ლარის, 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი