№ა-3169-ა-13-2015 4 იანვარი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მზია თოდუა
სამოქალაქო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ-ა თ-ის და მ-ა თ-ის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ და კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის განჩინებაზე, საქმეზე ი-ა გ-ის სარჩელისა გამო მ-ა თ-ძის, მ-ა თ-ძის და მ-ი თ-ძის მიმართ სესხის თანხის გადახდევინებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე
პალატამ გამოარკვია:
სამოქალაქო საქმეთა პალატა გაეცნო კერძო საჩივარს, საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს და კერძო საჩივარი წარმოებაში არ უნდა იქნას მიღებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.
სსსკ-ის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, თუ კერძო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლის მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო საჩივრის შემტან პირს ავალებს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 3 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი და კერძო საჩივრის ავტორებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. განჩინების თაობაზე იმავე წლის 6 ივლისს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა მ-ი თ-ძის რძალს თ-რ მ-ძეს.
სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში კერძო საჩივრის ავტორთა მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული, რის გამოც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 23 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი განუხილველი დარჩა.
2015 წლის 18 და 27 აგვისტოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებებით მომართეს მ-ა და მ-ა თ-ძეებმა და ითხოვეს ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივლისის განჩინების გაუქმება და საქმისწარმოების განახლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 17 ნოემბრის განჩინებით მ-ა და მ-ა თ-ძეების განცხადებები დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამავე სასამართლოს 2015 წლის 23 ივლისის განჩინება კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და განახლდა საქმისწარმოება კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ნოემბრის და 3 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილები მ-ა და მ-ა თ-ძეებს ეცნობათ 2015 წლის 14 დეკემბერს.
სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გასვლამდე მ-ა და მ-ა თ-ძეებმა განცხადებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვეს ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება. აღნიშნული განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა და 2015 წლის 3 ივლისის განჩინებით დადგენილ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა გაგრძელდა 5 დღით. აღნიშნული განჩინების თაობაზე 2015 წლის 23 დეკემბერს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობათ მ-ა თ-ის წარმომადგენელს, ჟ. ლ-ძეს და მ-ა თ-ძეს.
სსსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. სსსკ-ის მე-60, 61-ე მუხლების შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 დეკემბრის განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 24 დეკემბერს და დასრულდა იმავე წლის 29 დეკემბრის 24 საათზე. აღნიშნულ საპროცესო ვადის განმავლობაში, 2015 წლის 28 დეკემბერს, კერძო საჩივრის ავტორებმა კვლავ მომართეს სასამართლოს საპროცესო ვადის გაგრძელების თხოვნით იმ მიზეზით, რომ დადგენილ ვადაში ვერ ახერხებენ ხარვეზის შევსებას, მაგრამ მათ ხარვეზის შეუვსებლობის დამაბრკოლებელი კონკრეტული მიზეზი არ მიუთითებიათ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე საპროცესო ვადის გაგრძელება წარმოადგენს სასამართლოს უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას. შესაბამისად, ამავე კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მართმსაჯულება სამოქალაქო საქმეებზე უნდა განხორციელდეს მხოლოდ კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ისეთი გადაწყვეტილების მიღებისას, რომელიც ეფუძნება მიზანშეწონილობას, გათვალისწინებული უნდა იქნას პროცესის მინაწილე ყველა მხარის ინტერესი.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 23 დეკემბრის განჩინებით ერთხელ უკვე გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა და კვლავ დაუსაბუთებლად ითხოვენ საპროცესო ვადის გაგრძელებას, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება.
სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში მ-ა თ-ძემ და მ-ა თ-ძემ დაკარგეს საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის განმავლობაში არ შეავსეს ხარვეზი, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 401-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ-ა და მ-ა თ-ძეების განცხადება ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. მ-ა თ-ძის და მ-ა თ-ძის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 მაისის განჩინებაზე დატოვებულ იქნას განუხილველად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: მზია თოდუა