Facebook Twitter

№ა-3457-შ-73-2015 15 იანვარი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე,მომხსენებელი),

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი,

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენა

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

შუამდგომლობის ავტორი – შპს „ფ-ი“

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჰ-ს+“

წარმომადგენელი - გ-ა ფ-ა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – ყაზახეთის რესპუბლიკის კოსტანაისკის ოლქის სპეციალიზებული სარაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2014 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ყაზახეთის რესპუბლიკის კოსტანაისკის ოლქის სპეციალიზირული სარაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2014 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით შპს „ჰ-სი+-ს“ (შემდეგში: მოპასუხე“) კომპანია ფ-ის (შემდეგში: მოსარჩელე) სასარგებლოდ 2013 წლის 11 იანვრის #1 ხელშეკრულებისა და ამ ხელშეკრულების 2013 წლის 20 მარტის #7 სპეციფიკაციის შესაბამისად დაეკისრა საქონლის მიწოდება, ასევე მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 77815 ტენგესა და სახელმწიფო ბაჟის 3260 ტენგეს გადახდა. გადაწყვეტილების აღსასრულებლად გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

2. მოსარჩელემ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით, შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. მან მოითხოვა საქართველოს ტერიტორიაზე ყაზახეთის რესპუბლიკის კოსტანაისკის ოლქის სპეციალიზებული სარაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2014 წლის 5 მაისის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება.

3. უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული და აღნიშნულის თაობაზე ეცნობა მოპასუხეს, რომელსაც გაეგზავნა შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მისი ადგილსამყოფელის მიხედვით; მასვე განემარტა, რომ უფლება ჰქონდა, წარმოედგინა მოსაზრება მოსარჩელის შუამდგომლობის თაობაზე განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში, აგრეთვე, ის, რომ შეეძლო, მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, ხოლო, თუ იგი ამას არ მოითხოვდა, საქმე განიხილებოდა ზეპირი განხილვის გარეშე.

4. 2015 წლის 15 ოქტომბერს მოპასუხემ უზენაესი სასამართლოს წინაშე იშუამდგომლობა, საქმე განხილულიყო ზეპირი მოსმენით, ამასთანავე, არ დაკმაყოფილებულიყო შუამდგომლობა შემდეგი გარემოებების გამო:

4.1.ყაზახეთის რესპუბლიკის კოსტანაისკის ოლქის სპეციალიზებული სარაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2014 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს, ვინაიდან საქართველოში არ არის აღიარებული ხელშეკრულების დამრღვევი მხარის იძულება, გარემოებების შეცვლის მიუხედავად, ზუსტად შეასრულოს ხელშეკრულების პირობები;

4.2.მოპასუხე ვერ აღასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, ვინაიდან არ აწარმოებს იმავე პროდუქციას, რაც მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ პალატის 2015 წლის 20 ნოემბრის განჩინებით დადგინდა მოსარჩელის შუამდგომლობის განხილვა ზეპირი მოსმენით.

6. მოსარჩელეს ეცნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 ნოემბრის განჩინების თაობაზე, ასევე, გაეგზავნა მოპასუხის 2015 წლის 15 ოქტომბრის შუამდგომლობა.

7. 2016 წლის 4 იანვარს საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ იქნა მოსარჩელის შუამდგომლობა, რომლითაც მან იშუამდგომლა, საქმე განხილულიყო მისი დასწრების გარეშე, ასევე, ის არ დაეთანხმა მოსარჩელის შუამდგომლობაში მოცემულ მოსაზრებებს და მიუთითა შემდეგზე:

7.1.„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლი ადგენს იმ კრიტერიუმებს, როდესაც არ ხდება უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა. ასეთი საფუძველი კი, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს;

7.2.„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები უფლებამოსილი არიან, აირჩიონ იმ ქვეყნის სამართალი, რომელსაც მათ შორის წარმოშობილი ურთიერთობა დაექვემდებარება. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების შესაბამისად, ასეთ სამართლად განსაზღვრულია ყაზახეთის რესპუბლიკის სამართალი;

7.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 361-ე მუხლი ვალდებულებას განიხილავს კრედიტორის უფლებამოსილებად, მოსთხოვოს მოვალეს გარკვეული ქმედების განხორციელება ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საქმის მასალების გაცნობა, მათი შესწავლა და ანალიზი, ასევე, მხარის მოსაზრების ზეპირი მოსმენით შემოწმება, საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, გამოიტანოს დასკვნა შუამდგომლობის საფუძვლიანობის თაობაზე, სახელდობრ:

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს და აღნიშნულ საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

10. მითითებული კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია გამონაკლისები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც არ ხდება უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებების ცნობა, კერძოდ: „ გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.“ მოცემულ შემთხვევაში არ ვლინდება არცერთი საგამონაკლისო შემთხვევა, რაც გამორიცხავდა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობას.

11. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის კოსტანაისკის ოლქის სპეციალიზებული სარაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2014 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს, ვინაიდან საქართველოში არ არის აღიარებული ხელშეკრულების დამრღვევი მხარის იძულება, გარემოებების შეცვლის მიუხედავად, ზუსტად შეასრულოს ხელშეკრულების პირობები.

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნებისმიერ სამართლებრივ სისტემაში სამოქალაქოსამართლებრივი ვალდებულება ეს არის კონკრეტული სამართალურთიერთობა, რომლის ძალითაც ერთი პირი, მოვალე, ვალდებულია, მეორე პირის, კრედიტორის, სასარგებლოდ შეასრულოს განსაზღვრული მოქმედება (გადასცეს ქონება, შეასრულოს სამუშაო, გადაიხადოს ვალი და ა.შ), ან თავი შეიკავოს მისი შესრულებისაგან, ხოლო კრედიტორს უფლება აქვს, მოსთხოვოს მოვალეს ვალდებულების შესრულება.

13. მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების წარმოშობის საფუძველი იყო მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა (მიწოდების ხელშეკრულება), რომელიც დადებული იყო სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (კერძო ავტონომიის პრინციპი), თუმცა მისი შესრულების უზრუნველყოფა მხოლოდ მხარეთა ნებაზე არ იყო დამოკიდებული. ყველა თანამედროვე მართლწესრიგის მიდგომა სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებისადმი ერთნაირია, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, მის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით ყველა პრეტენზია კი, უნდა გადაწყდეს სასამართლოს მეშვეობით. ამის საილუსტრაციოდ საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსზე, რომლის თანახმადაც, კრედიტორს სასამართლოს მეშვეობით შეუძლია მოვალეს მოსთხოვოს შესრულება.

14. სსკ აღიარებს კერძო სამართლის ისეთ უმთავრეს პრინციპს, როგორიცაა ნაკისრი ვალდებულების კეთილსინდისიერი და ჯეროვანი შესრულება [სსკ-ის 361.2 მუხლი]. ამასთან დაკავშირებით, უზენასმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა შემდეგი: “ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრიციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. ეს დანაწესი მოიცავს მთელ კერძო სამართალს, რომელსაც ავსებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და იმანენტურ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს ზოგადად სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება. კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის. ასეთ შემთხვევაში, ორივე მხარე იქნება კმაყოფილი: კრედიტორი - ვალდებულების შესრულების მიღებით, ხოლო მოვალე - ვალდებულებისაგან გათავისუფლებით. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა. “ (იხ. საქმე #ას-570-541-2015, 11.11.2015 წელი).

15. ამ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება ის გამონაკლისები, როდესაც დაუშვებელია ვალდებულების შესრულება იძულების ძალით (მაგალითად: დასაქმებულის იძულება, შეასრულოს სამუშაო, კომპოზიტორის იძულება, შექმნას მუსიკალური ნაწარმოები, მომღერლის იძულება, გამართოს კონცერტი და ა.შ.).

16. აქედან გამომდინარე, მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება, რომ 2014 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს, სამართლებრივად დაუსაბუთებელია.

17. რაც შეეხება მოპასუხის არგუმენტს, რომ იგი ვერ აღასრულებს ყაზახეთის რესპუბლიკის კოსტანაისკის ოლქის სპეციალიზებული სარაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2014 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებას, აღნიშნული არ შეიძლება იყოს მოცემული საქმის განხილვის საგანი. გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი უნდა გადაწყდეს აღსრულების ეტაპზე „სააღრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, 68-ე, 69-ე, 70-ე, 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით, 408-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ ფ-ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსასრულებლად მიექცეს ყაზახეთის რესპუბლიკის კოსტანაისკის ოლქის სპეციალიზებული სარაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2014 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ჰ-ს+-ს“ შპს „ფ-ის“ მიმართ დაეკისრა საქონლის მიწოდება 2013 წლის 11 იანვრის #1 ხელშეკრულებისა და ამ ხელშეკრულების 2013 წლის 20 მარტის #7 სპეციფიკაციის შესაბამისად, ასევე, შპს „ჰ-ს+-ს“ შპს „ფ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 77 815 ტენგესა და სახელმწიფო ბაჟის, 3 260 ტენგეს, გადახდა;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მ.თოდუა

ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე