Facebook Twitter

№ას-51-50-2016 25 იანვარი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მზია თოდუა

სამოქალაქო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ი/მ ჯ-ა ე-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 17 ივნისის განჩინებაზე, საქმეზე სს „პ-ტ ბ-ს“ სარჩელთან დაკავშირებით მოპასუხეების ი/მ ჯ-ა ე-ის, დ-თ უ-ის, ნ-ა ე-ის, თ-რ წ-სა და ვ-ვ მ-ის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე

პალატამ გამოარკვია:

სამოქალაქო საქმეთა პალატა გაეცნო კერძო საჩივარს, საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი წარმოებაში არ უნდა იქნეს მიღებული შემდეგ გარემოებათა გამო:

ი/მ ჯ-ა ე-ისა და ვ-ვ მ-ის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგენილი იქნა ხარვეზი და აპელანტებს დაევალათ 10 დღის ვადაში აღმოეფხვრათ იგი. აღნიშნული განჩინება 2015 წლის 19 მაისს ჩაჰბარდა აპელანტთა წარმომადგენელს - ა-ე გ-ს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ივნისის განჩინებით, სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, ი/მ ჯ-ა ე-ისა და ვ-ვ მ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. აღნიშნული განჩინება 2015 წლის 5 სექტემბერს ჩაჰბარდა აპელანტთა წარმომადგენელს - ა-ე გ-ს.

2015 წლის 12 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი/მ ჯ-ა ე-მა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ა-ე გ-ი სააპელაციო სასამართლოში არ იყო მისი წარმომადგენელი და, შესაბამისად, არ ჰქონდა უფლებამოსილება ჩაებარებინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეტა პალატის 2015 წლის 2 თებერვლის განჩინება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.

ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კერძო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სსსკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 17 ივნისის განჩინების ასლი ჩაჰბარდა ი/მ ჯ-ა ე-ის წარმომადგენელს ა-ე გ-ს (ტ. 1, ს.ფ. 85-86) 2015 წლის 10 სექტემბერს, რაც დასტურდება წერილობითი კორესპონდენციის ჩაბარების დოკუმენტით (ტ.2. ს.ფ. 23). გამომდინარე იქედან, რომ ი/მ ჯ-ა ე-ის რწმუნებულს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, რომ მარწმუნებლის ინტერესები წარმოადგინოს ყველა ინსტანციის სასამართლოში და აღნიშნული უფლებამოსილების გაუქმების დოკუმენტი საქმეში წარმოდგენილი არ არის, სსსკ-ის 70-ე და 74-ე მუხლების შესაბამისად გზავნილი (განჩინება) ჩაბარებულად ითვლება.

სსსკ-ის მე-60, 61-ე მუხლების მიხედვით, საჩივრის შეტანის 12 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 11 სექტემბერს და ამოიწურა იმავე წლის 23 სექტემბრის 24 საათზე. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ი/მ ჯ-ა ე-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს წარედგინა 2015 წლის 12 ოქტომბერს (ტ. 2 ს.ფ 32) ანუ კერძო საჩივრის შეტანის 12 დღიანი საპროცესო ვადის დაღვევით.

სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში ი/მ ჯ-ა ე--ის დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა კერძო საჩივარი, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი/მ ჯ-ა ე-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ივნისის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული დაუშვებლობის გამო.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: მზია თოდუა