№ას-1084-1021-2015 18 იანვარი, 2016 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
ჟ.ძი-ს საკასაციო საჩივარში:
საკასაციო საჩივრის ავტორი – ჟ.-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.-ძე (მოსარჩელე)
თ.ქ-ის საკასაციო საჩივარში:
საკასაციო საჩივრის ავტორი – თ.ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ჟ.ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თ.ქ-ემ (შემდეგში: მოსარჩელე) 2009 წლის 14 მაისს ჟ.ა–ძეს (შემდეგში: მოპასუხე) განუსაზღვრელი ვადით ასესხა 15000 აშშ დოლარი. მოგვიანებით მან მოპასუხეს კიდევ გადასცა 1000 აშშ დოლარი, ანუ საერთო ჯამში ასესხა 16000 აშშ დოლარი (ს.ფ. 21-28) [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, მუხლი 623].
2. სესხის დაბრუნების ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ბა-ი, რუ--ს ქ. #8, ბინა 7-ში, ს/კ 05.01.03.005.01.0-- [სსკ-ის მუხლი 286.1, 289.1 და 3111.1-ე მუხლები].
3. მხარეებმა წერილობითი შეთანხმებით გაითვალისწინეს სესხისათვის ყოველთვიური 5%-იანი სარგებელი[სსკ-ის მუხლი 625].
4. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ იმავე მხარეების მონაწილეობით მიღებული 2014 წლის 25 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შემდეგში სსსკ-ის, 264-ე და 266-ე მუხლები] .
5. მოპასუხემ მოსარჩელეს ვალი (ნასესხები თანხა) არ დაუბრუნა და 2011 წლის აგვისტოდან სარგებლის გადახდაც შეწყვიტა.
6. 2014 წლის 1 ივლისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ. მან მოითხოვა ამ უკანასკნელისათვის სესხის ძირითადი თანხის-16000 აშშ დოლარისა და 35 თვის გადაუხდელი სარგებლის, 28 000 აშშ დოლარის, სულ ჯამში 44 000 აშშ დოლარის დაკისრება. მან მოითხოვა დავალიანების ამოღების მიზნით იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებითი რეალიზაციაც [სსკ-ის 301.1 მუხლი].
7. მოპასუხემ შესაგებელი დაამყარა შემდეგ გარემოებებზე:
6.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით დადგენილი არ არის მოპასუხის ვალდებულება იმის თაობაზე, რომ სესხს (16000 აშშ დოლარს) ყოველთვიურად სარგებელი 5% უნდა დაერიცხოს;
6.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია 2014 წლის 25 აპრილს და, შესაბამისად, სარჩელის წარდგენა პროცენტის დარიცხვას აჩერებს;
6.3. დადგენილი სარგებელი (5%) არ შეესაბამება სსკ-ის 625-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთის ოდენობას და ძირითად თანხას უნდა დაერიცხოს 2,66%.
8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. დადგენილად იქნა მიჩნეული წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებით გათვალისწინებული ფაქტები. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 623-ე-625-ე მუხლები და 301-ე მუხლის პირველი ნაწილი.
9. გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
7.1. სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 626-ე მუხლი;
7.2. ვინაიდან მოპასუხემ სესხის სარგებლის გადახდა შეწყვიტა ჯერ კიდევ, 2011 წლის მაისიდან, ხოლო სარჩელი შეტანილ იქნა 2014 წლის 1 ივლისს, მოთხოვნის წარდგენის სამწლიანი ვადა გასული იყო. შესაბამისად,სასარჩელო მოთხოვნა არ იყო განხორციელებადი (იყო ხანდაზმული) და ამის გამო მას უფლება ჰქონდა, უარი ეთქვა შესრულებაზე [სსკ-ის 129.1 და 144.1 მუხლები.]
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება თანხის დაკისრების ნაწილში და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 26 500 აშშ დოლარის გადახდა (16000 აშშ დოლარი - ძირითადი თანხა, 10 500 აშშ დოლარი - სარგებელი).
8.1. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები. დამატებით კი დაასკვნა, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული სარგებელი (თვეში 5%) ეწინააღმდეგებოდა საჯარო წესრიგსა და ზნეობის ნორმებს, ვინიდან მნიშვნელოვნად აღემატებოდა კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დადგენილი სარგებლის ზღვრულ ოდენობას [სსკ-ის 54-ე მუხლი].
8.2. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სესხის სარგებლის წლიური 22,5% გონივრულ ოდენობად მიიჩნია.
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა საკასაციო წესით.
12. მოსარჩელე ნაწილობრივ ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, საპროცენტო განაკვეთის შემცირების ნაწილში და საკასაციო საჩივარს ამყარებს შემდეგ გარემოებებზე:
10.1. სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სსკ-ის 54-ე მუხლი;
10.2. დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, გონივრულადაა მიჩნეული საკრედიტო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებასა და კერძო პირს შორის სარგებელზე შეთანხმება 4-5 პროცენტის ფარგლებში;
10.3. სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 377-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ ისე იმსჯელა საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზე, რომ მოპასუხე (აპელანტი) ამ გარემოებას სადავოდ არ ხდიდა.
13. მოპასუხე ნაწილობრივ ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. მისი საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:
11.1. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი სარგებელი - წლიური 22,5% დაუსაბუთებელია, ვინაიდან ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დადგენილი სარგებლის საშუალო ოდენობაა 15%;
11.2. სასამართლომ არ იმსჯელა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, რაზეც მითითებული იყო სააპელაციო საჩივარში.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ნოემბრის განჩინებებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ისინი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:
16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
18. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია.
19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა შემდეგი: „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.“ ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და კასატორი [სარგებლის მიმღები] მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 72%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარგებლის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი კასატორს აწევს სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი და სსსკ 102-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად, რაც მან ვერ დაამტკიცა. ამრიგად, მხარეთა შორის დადებული 2010 წლის 2 ნოემბრის ხელშეკრულების დებულება [1.3 პუნქტი], რომლითაც კასატორმა სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, მაშინ, როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე“ (იხილეთ საქმე №ას-663-629-2015, 28 ივლისი 2015 წელი) .
20. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კასატორის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 257-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ჟ.ა-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ჟ.ა-ძეს (პ.# 6--2) დაუბრუნდეს გ. თ.-ძის (შპს „ეი---ი“) (პ.# 610--3) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (საგადასახადო დავალება #1, გადახდის თარიღი 30.10.15, სს თიბისი ბანკი), 419,53 ლარის 70% – 293,67 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0--7 3150;
4. თ.ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
5. თ.ძეს (პ. # 610--7) დაუბრუნდეს ლ.-ძის (პ. # 610-5) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (საგადასახადო დავალება #1, გადახდის თარიღი 02.11.15 სს თიბისი ბანკი), 2065 ლარის 70% – 1445,50 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0--7 3150;
6. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი