Facebook Twitter

№ას-1184-1114-2015 22 იანვარი, 2016 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ლ-ი ხ-ს ს-ის კ-ა“, შპს „ლ-ი ხ-ს ს-ის კ-ის“ დირექტორი დ-თ ხ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი-ი მ-ე, დ-რ შ-ა, რ-დ ჭ-ი, რ-ნ გ-ე, ლ-ი ხ-ე (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 და 28 ოქტომბრის განჩინებები

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – შპს „ლ-ი ხ-ს ს-ის კ-ის“ 2015 წლის 6 მარტის კრების ოქმის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ი-ი მ-ე, დ-რ შ-ა, რ-დ ჭ-ი, რ-ნ გ-ე და ლ-ი ხ-ე (შემდეგში: პარტნიორები, ან მოსარჩელეები) წარმოადგენენ შპს „ლ-ი ხ-ს ს-ის კ-ის“ (შემდეგში: შპს, კლინიკა, პირველი მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) პარტნიორებს, ხოლო დ-თ ხ-ე ამ კლინიკის დირექტორია (შემდეგში: დირექტორი, მეორე მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) [“მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 9] (ს.ფ. 23).

2. 2015 წლის 6 მარტს გაიმართა შპს-ს დამფუძნებელ პარტნიორთა კრება. დღის წესრიგით განსახილველ საკითხთა შორის იყო შპს-ის 2013 წლის 8 აპრილის კრების გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის, ასევე დირექტორის ხელფასის (გასამრჯელოს) გაზრდის საკითხი.

3. კრების გადაწყვეტილებით: ა) ცვლილება შევიდა კლინიკის 2013 წლის 8 აპრილის კრების გადაწყვეტილებაში და 2013 წლის 8 აპრილიდან დირექტორის ხელფასი განისაზღვრა 8000 ლარით; ბ) 2015 წლის 1 მარტიდან დირექტორის ხელფასი საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით განისაზღვრა 15 000 ლარით.

4. მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს მოპასუხეების წინააღმდეგ და მოითხოვეს 2015 წლის 6 მარტის დამფუძნებელ პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობა წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში მითითებულ ნაწილში [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდგომში სსკ-ის 54-ე მუხლი].

5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი კრების ოქმის გასაჩივრებული ნაწილი, მოპასუხეებს მოსარჩელეთა სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 200 ლარი, მოსარჩელეებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდათ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 656 ლარიდან 556 ლარი.

6. გადაწყვეტილება მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

7. აპელანტებმა სააპელაციო საჩივარზე გადაიხადეს სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი (ს.ფ. 186-199).

8. 2015 წლის 25 აგვისტოს განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში (ს.ფ.204-205).

9. 2015 წლის 15 ოქტომბერს მოცემულ საქმეზე დაინიშნა მთავარი სხდომა.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარზე სრულყოფილად არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რის გამოც, აპელანტებს დაევალათ, სახელმწიფო ბაჟის - 1770 ლარის დამატებით გადახდა [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდგომში სსსკ-ის, 41-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტი, 187.2, 368.5 მუხლები] (ს.ფ. 263-266). სახელმწიფო ბაჟის ნაწილში ხარვეზის დადგენის საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შემდეგ გარემოებაზე: აპელანტებმა სადავოდ გახადეს კრების ოქმის ბათილად ცნობა, რომლითაც დირექტორის ხელფასი (ხელზე ასაღები) 8000 ლარიდან 15 000 ლარამდე გაიზარდა (ხელზე ასაღები 12000 ლარი, 1500*20%=3000ლარი, 1500-3000 =12000), დავის საგნის ფასი განისაზღვრა ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლიობით, რომელმაც შეადგინა 48000 ლარი (4000*12=48000). ამ თანხის 4% 1920 ლარია (სსსკ-ის 39.1. ,,ბ“ ქვეპუნქტი). შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე დამატებით გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი სასამართლომ 1770 ლარით განსაზღვრა (1920-150=1770).

11. აღნიშნული განჩინება გაიგზავნა კლინიკის მისამართზე (ქ-ი, ლ-ის ქ. N11), რომელიც 2015 წლის 16 ოქტომბერს ჩაბარდა დირექტორის მოადგილე რ-ნ წ-ძეს (ს.ფ. 267).

12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. [სსსკ-ის მუხლი 368.5].

13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 და 28 ოქტომბრის განჩინებები კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა (აპელანტებმა) და მოითხოვეს მათი გაუქმება.

14. მოპასუხეთა მიერ წარდგენილი კერძო საჩივარი დაფუძნებულია შემდეგ გარემოებებზე:

14.1 კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 1920 ლარით განსაზღვრა უმართებულოა, ვინაიდან მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების ნაწილის ნაწილობრივ ბათილად ცნობა. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ დავა არაქონებრივი ხასიათისაა, რისი გათვალისწინებითაც მათ სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადეს 150 ლარი.

14.2 ამასთან, კერძო საჩივრის ავტორები სადავოდ ხდიან სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 ოქტომბრის განჩინების დირექტორისათვის კანონით დადგენილი წესით მის საცხოვრებელ მისამართზე - ქ. ქ-ი, ა-ის ქ. #11, ჩაბარებას. მათი განმარტებით, განჩინება გაიგზავნა მხოლოდ კლინიკის მისამართზე, სადაც იგი არ ჩაჰბარებია უფლებამოსილ პირს. საქმის მასალების მიხედვით გზავნილის ჩაბარებაზე ხელმომწერი პირია - რ-ნ წ-ძე, რომელიც კანცელარიის და ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელს არ წარმოადგენს (სსსკ-ის 71.1, 73.8 მუხლი).

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

16. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

18. გასაჩივრებული განჩინებით კლინიკისა და კლინიკის დირექტორის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო აპელანტების მიერ ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობა.

19. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას აღნიშნული მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

19.1 კერძო საჩივრის ავტორები სადავოდ ხდიან, როგორც სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის საფუძველს დავის ქონებრივსამართლებრივ დავად მიჩნევასთან დაკავშირებით, ასევე ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარების კანონიერებას.

19.2 მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია კლინიკის 2015 წლის 6 მარტის კრების ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობა. რადგანაც მოსარჩელეების მოთხოვნა მიმართული არ არის ქონებრივ-სამართლებრივი უფლების აღდგენისაკენ, მისი დაკმაყოფილება მათთვის რაიმე სახის მატერიალური სარგებლის მომტანი ვერ იქნება. ამ თვალსაზრისით საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ თავის დროზე პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველი სარჩელი არაქონებრივ სამართლებრივ დავათა კატეგორიას მიაკუთვნა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი გამოიანგარიშა არაქონებრივ დავაზე გადასახდელი ბაჟის ოდენობის გათვალისწინებით და მოსარჩელეებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნა ზედმეტად გადახდილი 556 ლარი (იხ. წინამდებარე განჩინების პ.5).

19.3 სსსკ-ის მე-5 მუხლი განამტკიცებს მართლმსაჯულების განხორციელებისას სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის პრინციპს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მითითებული ნორმის უგულვებელყოფით არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა პროცესის მონაწილე სუბიექტები (აპელანტები}, იმაზე მითითებით, რომ განსახილველი სარჩელი ქონებრივსამართლებრივი ხასიათის იყო და მას შემდეგ რაც დაადგინა, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების კანონით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა, მათ შორის გადახდილი იყო ბაჟი, ფაქტობრივად ხელახლა შეამოწმა საჩივრის დასაშვებობის პირობა და არასწორად განსაზღვრა ხარვეზის არსებობა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით მხარეები არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა, რითაც აპელანტებს არ მიეცათ შესაძლებლობა ეფექტურად განეხორციელებინათ გასაჩივრების უფლება. ბუნებრივია, ისინი სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განსაზღვრისას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც ეყრდნობოდნენ და ეს საკითხი მათთვის იმთავითვე იყო გარკვეული. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ აპელანტებს არასწორად დაუდგინა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზი, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.

20. ამრიგად, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის საფუძველი არ არსებობდა (იხ. პ.19.1 და 19.3) კერძო საჩივრის ავტორების მიერ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მითითებული სხვა არგუმენტების განხილვის აუცილებლობა აღარ არსებობს. მიუხედავად ამისა, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად თვლის დამატებით აღნიშნოს შემდეგი:

20.1 განსახილველ საქმეზე აპელანტებს წარმოადგენენ კლინიკა და კლინიკის დირექტორი. წინამდებარე განჩინების მე-10 პუნქტში მითითებულია, რომ განჩინება გაეგზავნა მხოლოდ კლინიკას (ქ-ი, ლ-ის ქ. #11) და ჩაჰბარდა დირექტორის მოადგილეს (ს.ფ.267). ამ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორების განმარტებას გზავნილის არაუფლებამოსილი პირისათვის ჩაბარების თაობაზე და განმარტავს, რომ სსსკ-ის 73-ე მუხლის მერვე ნაწილით მოწესრიგებულია ორგანიზაციისათვის უწყების (განჩინების) ჩაბარების საკითხი; კერძოდ, ამ ნორმის მიხედვით ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს, ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში _ ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.

20.2 უდავოა, რომ პ.10-ში მითითებული განჩინების ასლი კლინიკის მიერ დასახელებულ მისამართზე გაიგზავნა და ჩაბარდა კლინიკის დირექტორის მოადგილე რ. წ-ეს, რომელიც არის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (ს.ფ.33). იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს, მისი შიდა-ორგანიზაციული სტრუქტურა უნდა იძლეოდეს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ორგანიზაცია ფაქტობრივ ადგილსამყოფელზე სათანადოდ უზრუნველყოფს კორესპონდენციის მიღებას და არ ქმნის რაიმე სახის გაურკვევლობას მესამე პირებისათვის (ამასთან დაკავშირებით პალატა მოწინააღმდეგე მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქმეზე #as-67-58-2011). კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა კურიერისაგან პრეტენზიის გარეშე ჩაიბარა სასამართლო გზავნილი, რაც დაადასტურა კიდეც საკუთარი ხელმოწერით. შესაბამისად, კურიერს სრულიად საფუძვლიანად შეეძლო ევარაუდა, რომ გზავნილი ჩაიბარა კლინიკის უფლებამოსილმა პირმა.

20.3 რაც შეეხება დირექტორისათვის პ.10 მითითებული განჩინების გაგზავნას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 71-ე პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლო უწყება ჰბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.

20.4 მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია, აცნობოს მხარეებს გარკვეული საპროცესო მოქმედებების შესახებ, რისთვისაც იგი აგზავნის სასამართლო უწყებასა და გზავნილს საქმეში მხარეთა მიერ დასახელებულ ან ალტერნატიულ მისამართზე. კონკრეტულ შემთხვევაში, დირექტორის ინფორმირება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ კანონით დადგენილი წესით არ მოხდა, კერძოდ, მას განჩინება სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე არ გაეგზავნა, რაც ეწინააღმდეგება ზემოთ მოყვანილი მუხლის მოთხოვნებს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა დირექტორის სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

21. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დასაბუთებულია, რაც მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს სააპელაციო პალატის გასაჩივრეებული განჩინებები და მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419 - 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ლ-ი ხ-ს ს-ის კ-ისა“ და შპს „ლ-ი ხ-ს ს-ის კ-ის“ დირექტორ დ-თ ხ-ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 და 28 ოქტომბრის განჩინებები და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპიდან;

3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი