№ას-18-18-2016 18 თებერვალი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ა-ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „L-a&Co-ს“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ნოემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „L-a&Co-მ“ (შემდგომში - მოსარჩელე) სარჩელი აღძრა შპს „ა-ის“ (შემდგომში - მოპასუხე ან კასატორი) მიმართ და, მხარეთა შორის არსებული 2012 წლის 23 ივლისის იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოითხოვა მოპასუხისათვის 10000 აშშ დოლარის დაკისრება (ტ.1. ს.ფ. 1-20).
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხის მიერ გასაჩივრდა სააპელაციო წესით (ტ.1. ს.ფ. 58-63).
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. (ტ.2. ს.ფ. 57-66).
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ (ტ.2. ს.ფ.68-74).
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 იანვრის განჩინებით კასატორის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
6. 2016 წლის 4 თებერვალს და 12 თებერვალს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორმა, რომლის შესასაბამისადაც უკან გააქვს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს და ითხოვს საქმისწარმოების შეწყვეტას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
7. სამოქალაქო საქმეთა პალატა წარმოდგენილი განცხადებისა და საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კასატორის განცხადება საკასაციო საჩივარი უკან გატანისა და საქმისწარმოების შეწყვეტის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რასაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს.
9. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის, გარდა იმ ცვლილებების და დამატებებისა, რაც მოცემულია სსსკ-ის XLVI თავში. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო წესით. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმისწარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
10. სსსკ-ის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე.
11. კასატორის განცხადება საკასაციო საჩივრის უკან გატანისა და საქმისწარმოების შეწყვეტის თაობაზე, სამართლებრივად წარმოადგენს საკასაციო საჩივარზე უარის თქმას. აღნიშნულით კასატორმა განახორციელა სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ვინაიდან სსსკ-ის 409-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) შეცვლისადმი განისაზღვრება მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.
12. სსსკ-ის 399-ე მუხლიდან გამომდინარე, ამავე კოდექსის 378-ე და 272-ე მუხლების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით მოცემულ საქმეზე საკასაციო საჩივრის საქმისწარმოება უნდა შეწყდეს.
13. საკასაციო სასამართლო, სსსკ-ის 399-ე და 378-ე მუხლების საფუძველზე კასატორს განუმარტავს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით, მას უფლება ერთმევა კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება).
14. სსსკ-ის 49-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გაადახდისაგან, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო კასატორს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1198 ლარი სრულად უნდა დაუბრუნდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე-285-ე, 399-ე, 378-ე, 372-ე, 272-ე და 49-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ა-ის“ განცხადება საკასაციო საჩივრზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. შპს „ა-ის“ მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ნოემბრის განჩინებაზე წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმისწარმოება;
3. შპს „ა-ას“ განემარტოს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით ერთმევა უფლება საკასაციო წესით კვლავ გაასაჩივროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ნოემბრის განჩინება;
4. . შპს „ა-ას“ (ს/კ 2-3) დაუბრუნდეს ნ-ი ხ-ძის (პ.# 0-2) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (საგადასახადო დავალება #1, გადახდის თარიღი 15.01.16. სს საქართველოს ბანკი), 1198 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი