№ას-30-30-2016 23 თებერვალი, 2016 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი/მ ა. ზ-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ვ-ა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი განჩინებით სახელმწიფო ბაჟისაგან განთავისუფლება ან გადახდის გადავადება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ვ-ამ“ (შემდეგში: მოსარჩელე ან გამყიდველი) და ი /მ ა. ზ-ემ (შემდეგში: მოპასუხე, მყიდველი ან აპელანტი) 2013 წლის 15 ივლისს დადეს კოღოს საწინააღმდეგო საშუალებების ნაწილ-ნაწილ მიწოდების ხელშეკრულება. მხარეებმა შესრულების ვადა განსაზღვრეს 2013 წლის 1 აგვისტომდე, ხოლო ხელშეკრულების ფასი - 1 809 181,22 რუსული რუბლით [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 477-ე მუხლი].
2. 2013 წლის 30 ივლისისათვის მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი სრულად მიაწოდა მოპასუხეს [სსკ-ის 477.1, 483-ე და 427-ე მუხლები].
3. მოპასუხემ მიღებული საქონლის ღირებულება არ გადაიხადა [სსკ-ის 477.2].
4. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა: მიწოდებული საქონლის ღირებულების 1 809 818,22 რუბლის, პირგასამტეხლოს - 90490,91 რუბლის და საქონლის მიწოდების, განბაჟების, დეკლარირებისა და საბროკერო მომსახურების ხარჯის - 49 500 რუბლის მოპასუხისათვის დაკისრება.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1809818,22 და 90490,91 რუბლის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
6. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. მან იმავდროულად სააპელაციო სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების შუამდგომლობით მიმართა (ტ. 4, ს.ფ. 247) [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის,შემდეგში სსსკ-ის 47.1 მუხლი 47].
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინებით (ტ. 5. ს.ფ. 4-5) აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, მას დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 7 დღის ვადაში გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი- 76012 რუბლის ეკვივალენტი ლარში [სსსკ-ის მუხლი 368.5].
8. 2015 წლის 21 ოქტომბერს აპელანტმა განცხადებით (ტ. 5, ს.ფ. 31) მიმართა სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება [სსსკ-ის მუხლი 64], რაც სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 2 ნოემბრის განჩინებით (ტ.5. ს.ფ. 33-34) დაკმაყოფილდა და ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა განმცხადებელს გაუგრძელდა 5 დღით [სსსკ-ის მუხლი 368.7].
9. 2015 წლის 17 ნოემბერს აპელანტმა სააპელაციო სასამართლოს კვლავ მიმართა შუამდგომლობით (ტ.5. ს.ფ. 37-91) და ითხოვა სახელმწიფო ბაჟისაგან განთავისუფლება ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით [სსსკ-ის მუხლი 47].
10. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 ნოემბრის განჩინებით (ტ.5. ს.ფ. 93-95) აპელანტის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული [სსსკ-ის მუხლი 368.5]. განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ აპელანტმა დამაჯერებლად ვერ დაასაბუთა თავისი გადახდისუუნარობა და ვერ წარუდგინა სასამართლოს ამ ფაქტის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ნოემბრის განჩინება მოპასუხემ (აპელანტმა) გაასაჩივრა კერძო საჩივრით და მოითხოვა მისი გაუქმება, ასევე სახელმწიფო ბაჟისაგან განთავისუფლება ან გადავადება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
ა). გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული არ არის აპელანტის შუამდგომლობის დაუსაბუთებლობის კრიტერიუმები და საფუძვლები;
ბ) სასამართლოს მსჯელობა შუამდგომლობის დაუსაბუთებლობაზე არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან შუამდგომლობას თან ერთვოდა აპელანტის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ ცნობა საჯარო რეესტრიდან, საგადასახადო დეკლარაციები და საბანკო ამონაწერები;
გ) აპელანტს სასამართლომ დაუსაბუთებლად შეუზღუდა სასამართლოსადმი მიმართვის უფლება, რითაც დაარღვია, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ისე „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლი.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2016 წლის 18 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
13. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
15. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული პირის უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, სამოქალაქო პროცესში შეზღუდულია სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. საკასაციო სასამართლო ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლთან შესაბამისი. თუმცა უდავოა, ევროსასამართლოც იზიარებს იმ სულისკვეთებას, რომ „არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, “სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება ,,თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე’’. (იხ., Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5). თუმცა, აღსანიშნავია, რომ შეზღუდვამ პირის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ უნდა შეამციროს იმდენად ან იმ ფარგლებით, რომ დაირღვეს ძირითადი უფლების არსი. გარდა ამისა, შეზღუდვა არ იქნება კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფის შესაბამისი, თუ იგი არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და თუ გამოყენებულ საშუალებასა და მისაღწევ მიზანს შორის არ იქნება დაცული გონივრული პროპორციულობა (.Ashingdane v. the United Kingdom საჩივრის # 8225/68,28.05.1985)
16. სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ პუნქტი, 39.1 „ბ“ და 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით სამოქალაქო საქმისწარმოებისას, აპელანტის ვალდებულებაა გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, რაც გათვალისწინებულია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მეხუთე მუხლით. ამ ნორმით გათვალისწინებული არცერთი შეღავათი არ ვრცელდება აპელანტზე.
17. რაც შეეხება სსსკ-ის 47-ე მუხლით გათვალისწინებულ შეღავათს. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ აპელანტის მიერ წარმოდგენილი საჯარო რეესტრის მონაცემები, საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ნულოვანი დეკლარაციები და ბრუნვის არარსებობის დამადასტურებელი საბანკო ამონაწერები უტყუარად არ ადასტურებენ აპელანტის გადახდისუუნარობას. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს შემდეგს: საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტი ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას. ის ინდმეწარმეა და, შესაბამისად, ექცევა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის ნორმების მოქმედების ქვეშ [იხ. კანონის მეორე მუხლის მეორე ნაწილი „ა“ ქვეპუნქტი]. კანონის მიხედვით გადახდისუუნაროა პირი, რომელსაც არა აქვს უნარი, დააკმაყოფილოს კრედიტორის ვადამოსული მოთხოვნა; თუ აპელანტი თავს გადახდისუუნაროდ მიიჩნევდა, მაშინ მას უნდა ემოქმედა კანონის ფარგლებში და სასამართლოსათვის მიმართვით უნდა დაეწყო გადახდისუუნარობის საქმისწარმოება (კანონის მეექვსე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით მოვალე თავისუფლდება სახელწიფო ბაჟის გადახდისაგან). აქედან გამომდინარე, აპელანტის მიერ ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა მისცემდა სააპელაციო სასამართლოს სსსკ-ის 47-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების შესაძლებლობას.
18. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია საქმის კონკრეტული გარემოებები და მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებიც. დადგენილია, რომ დავის საგანია სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება. ორივე მხარე მეწარმე სუბიექტია. დავა დაწყებულია ჯერ კიდევ 2014 წლის მაისში. მოსარჩელემ გაწია საქმისწარმოების ხარჯები, მათ შორის გადაიხადა სახელმწიფო ბაჟიც (5000 ლარი), ანუ რაიმე სახის შეღავათით მას არ უსარგებლია. ასეთ პირობებში აპელანტისათვის უპირატესობის მინიჭება და მისი გათავისუფლება ბაჟის გადახდისაგან, ისე რომ უტყუარად არაა დადგენილი მისი გადახდისუუნარობა, გამოიწვევდა მეორე მხარის ინტერესების დაუშვებელ შეზღუდვას და შესაბამისად, თანაბრად არ იქნებოდა დაცული ორივე მხარის ინტერესები. ამასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ეყრდნობა უკვე დადგენილ სასამართლო პრაქტიკას. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: „სასამართლო საქმეს იხილავს მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით და ამა თუ იმ მხარის მიმართ რაიმე შეღავათის გავრცელებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას მეორე მხარის ინტერესები. სასამართლომ მხარეთა ინტერესებისა და განსახილველი შუამდგომლობის საფუძვლიანობის ბალანსის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს მითითებული საკითხი, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს მეორე მხარის უფლებები.საკასაციო პალატა ამ მიმართებით ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ ბაჟის გონივრულობა უნდა განიხილებოდეს საქმეში არსებული კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, რომელიც მოიცავს აპლიკანტის გადახდისუნარიანობას, ასევე განხილვის სტადიას, რა დროსაც ასეთი შეზღუდვა წარმოიშვა (see Kreuz, cited above, §§ 58 and 60). უფრო მეტიც, სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, თუკი ეს ისახავს ლეგიტიმურ მიზნებს და თუკი არსებობს გონივრული ურთიერთკავშირი გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზნებს შორის (Weissman and Others, cited above, § 36) (იხ. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - საფეხბურთო კლუბი „მრეტები“ საქართველოს წინააღმდეგ)“ საქმე # ას-998-942-2015 17 ნოემბერი 2015 წელი.
19. რაც შეეხება სსსკ-ის 48-ე მუხლით გათვალისწინებულ შეღავათს, სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადებას, აღნიშნული სახის შუამდგომლობით მოპასუხეს არ მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსათვის; შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს იმ საკითხზე, რომელიც არ ყოფილა სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი.
20. ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი ძალაში უნდა დარჩეს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი/მ ა. ზ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 ნოემბრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი