№ას-34-34-2016 8 თებერვალი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მზია თოდუა
სამოქალაქო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ზ-ბ ჯ-ძის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 დეკემბრის განჩინებაზე, საქმეზე შპს „მ-ო ო-ა კ-ს“ სარჩელთან დაკავშირებით ზ-ბ ჯ-ძის, მ-ო ქ-ძის, ს-ე ლ-ისა და კ-ა წ-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე
პალატამ გამოარკვია:
სამოქალაქო საქმეთა პალატა გაეცნო კერძო საჩივარს, საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი წარმოებაში არ უნდა იქნეს მიღებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.
სსსკ-ის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, თუ კერძო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლის მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო საჩივრის შემტან პირს ავალებს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 14 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი და კერძო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წაერმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. განჩინების თაობაზე იმავე დღეს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა ზ-ბ ჯ-ძეს.
სსსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. სსსკ-ის მე-60, 61-ე მუხლების შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 იანვრის განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 15 იანვარს და დასრულდა იმავე წლის 19 იანვრის 24 საათზე. აღნიშნულ საპროცესო ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია და არც საპროცესო ვადის გაგრძელების თხოვნით სასამართლოსათვის არ მოუმართავს.
სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში ზ-ბ ჯ-ძემ დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის განმავლობაში არ შეავსო ხარვეზი, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 401-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ-ბ ჯ-ძის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნას განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: მზია თოდუა