Facebook Twitter

№ას-77-74-2016 1 თებერვალი, 2016 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მზია თოდუა

სამოქალაქო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ-ა მ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 იანვრის განჩინებაზე, საქმეზე მ-ა მ-ის სარჩელთან დაკავშირებით მოპასუხე ფ-ნ ს-ს მიმართ პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე

პალატამ გამოარკვია:

მ-ა მ-ემ (შემდგომში - მოსარჩელე) სარჩელი აღძრა ფ-ნ ს-ს მიმართ და მოითხოვა 1992 წლის 30 დეკემბრის #2-1365 პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ) 186-ე მუხლის საფუძველზე, მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე, ვინაიდან ის არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 178-ე მუხლის მოთხოვნებს.

რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 დეკემბრის განჩინება მოსარჩელემ გაასაჩივრა კერძო საჩივრით და საქმის მასალები გადაიგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. სასამართლომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე მითითებით, დაადგინა, რომ პრივატიზაციის ხელშეკრულება, რომლის ბათილობასაც მოსარჩელე ითხოვს, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას და, შესაბამისად, საქმე უნდა განხილულიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ. კერძო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს სსსკ-ის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილს, რომლის შესაბამისადაც საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს ის განჩინებებიც, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.

სამოქალაქო საქმეთა პალატა გაეცნო კერძო საჩივარს, საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, არ უნდა იქნეს მიღებული წარმოებაში შემდეგ გარემოებათა გამო:

სსსკ-ის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია სასამართლოს იმ განჩინებებზე, რომელთა კერძო საჩივრით გასაჩივრებაც პირდაპირ არის განსაზღვრული საპროცესო კოდექსით. გამომდინარე იქედან, რომ განჩინება საქმის განსჯადი სასამართლოსათვის გადაცემის შესახებ სსსკ-ის შესაბამისად არ ექვემდებარება გასაჩივრებას, წარმოდგენილი კერძო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განხილული უნდა იქნეს სსსკ-ის 404.2 მუხლის საფუძველზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნულ მუხლთან მიმართებით განმარტავს, რომ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაში იგულისხმება სასამართლოს ის გადაწყვეტილება ან განჩინება, რომლის კანონიერ ძალაში შესვლითაც მოცემულ საქმეზე სრულდება საქმისწარმოება.

კონკრეტულ შემთხვევაში გასაჩივრებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 იანვრის განჩინებით, სარჩელთან დაკავშირებული საქმის წარმოება არ სრულდება, შესაბამისად, წარმოდგენილი კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე, 404-ე, 420-ე, 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ-ა მ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 იანვრის განჩინებაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: მზია თოდუა