№ას-315-300-2015 5 თებერვალი, 2016 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენა
საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ. პ-ლი(მოსარჩელე)
წარმომადგენელი -ც. დ-ლი
მოწინააღმდეგე მხარეები – 1. ბმა ,,დ. ის 14“ - თავმჯდომარე მ. ლ-ია
2. ე. ლ-ვა - უფლებამონაცვლე ნ. ბ-ია (მოპასუხეები)
წარმომადგენელი -კ-. ქ-ძე
გასაჩივრებული განჩინება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 იანვრის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ბმა ,,დ-ის 14“ კრების ოქმის ბათილად ცნობა, უკანონო მფლობელობიდან ქონების გმოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის მთავარმა სამმართველომ 1995 წლის 8 აგვისტოს, სახელმწიფო საწარმო მაღაზია ,,ე-
2. ის” შრომითი კოლექტივის ამხანაგობას, რომელსაც წარმოადგენდა ა. პ-ი (შემდეგში: გარდაცვლილი, ან მამკვიდრებელი), საკუთრებაში გადასცა ქ. თბილისში, დ-ის ქუჩა №12-ში მდებარე 154 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი - შემდეგში: „უძრავი ნივთი“ (იხ. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №2. პ ტ.1, ს.ფ.18,).
3. 2008 წლის 21 აპრილიდან უძრავი ნივთის მესაკუთრე იყო აწ გარდაცვლილი ა. პ-ი (იხ.საჯარო რეესტრის ამონაწერი, ნივთის საკადასტრო კოდი №--0 ,ტ.1. ს.ფ. 20), [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 183-ე და 311-ე მუხლები].
4. ამჟამად უძრავი ქონების მესაკუთრეა გადაცვლილის პირველი რიგის მემკვიდრე, შვილი, ლ. პ-ი (შემდეგში: - მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) [სსკ-ის 1336-ე, 1433-ე 1421.2-ე, 1499-ე და 311-ე მუხლები]. ქონების საკადასტრო აზომვითი ნახაზი საჯარო რეესტრში სარეგისტრაციო დოკუმენტებში არ მოიპოვება.
5. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,.-14-მა“ (შემდეგში: მეორე მოპასუხე, ან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა) 2009 წლის 7 აგვისტოს #1 კრების ოქმის საფუძველზე ქ. თბილისში, დ-ის ქუჩა №14-ში მდებარე 42,49 კვ.მ. სარდაფი (ს/კ №01.18.-) საკუთრებაში გადასცა ამხანაგობის წევრ ე. ლ-ვას (შემდეგში: პირველი მოპასუხე) (ტ.1., ს.ფ. 26, 28), [„ბინათმესაკუთრეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 4.2 მუხლი].
6. პირველი მოპასუხე გარდაიცვალა 2015 წლის 15 თებერვალს. მისი უფლებამონაცვლეა შვილი - ნ. ბ-ია (იხ. 2015 წლის 6 ნოემბრის განჩინება) [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 92-ე მუხლი)
7. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეთა წინააღმდეგ და მოითხოვა 2009 წლის 07 აგვისტოს ბმა ,,დ.-14“-ის კრების №1 ოქმის ბათილად ცნობა, იმ საფუძვლით, რომ მითითებული ოქმი, რომლითაც პირველმა მოპასუხემ საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა აწ გარდაცვლილის არასაცხოვრებელი ფართის ნაწილი, 42.49 კვ.მ (შემდეგში „სადავო ფართი“), გაყალბებული იყო ამხანაგობის თავჯდომარე რ. ფ-აძის მიერ. ამის დასადასტურებლად მან მიუთითა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის 2013 წლის 10 სექტემბრის დადგენილებაზე, რომლითაც საქმეზე გამოძიება შეწყდა ამნისტიის აქტის გამოცემის გამო. მოსარჩელემ მოითხოვა არასაცხოვრებელი ფართის (42.49 კვ.მ) პირველი მოპასუხისაგან გამოთხოვა და მისთვის გადაცემა [სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი).
8. მოპასუხეებმა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი წარადგინეს შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
8.1. სადავო სარდაფი მდებარეობს სხვა კორპუსში (დ-ის ქუჩა №14-ში), ხოლო მოსარჩელის კუთვნილი ფართი სხვაგან (დ-ის ქუჩა #12-ში).
8.2. კორპუსები ერთმანეთისაგან გამიჯნულია 1.5. მეტრი სისქის კედლით და, შესაბამისად, სადავო ფართი არ შედის მოსარჩელის კუთვნილ ფართში.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა აპელაციის წესით.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:
9.1. საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით სადავო ფართის და მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთის საიდენტიფიკაციო მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვევა. შესაბამისად, განსხვავდება მათი მისამართებიც, კერძოდ, მოსარჩელის საკუთრებაში ირიცხება ქ. თბილისი, დ-ის ქუჩა №12-ში მდებარე ფართი (154 კვ.მ.), ხოლო პირველი მოპასუხის საკუთრებაშია ქ. თბილისი, დ-ის ქუჩა №14-ში მდებარე ფართი (42,49 კვ.მ).
9.2 საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ აწ გარადაცვლილს სწორედ იმ ადგილას გამოეყო (გადაეცა) 154 კვ.მ ფართი, სადაც მდებარეობს პირველი მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული 42,49 კვ.მ. ფართი.
9.3. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266–ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, არ შეიძლება განხილულ იქნეს მოცემული დავისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონედ, რაზეც მართებულად მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლომ. პალატამ აღნიშნა, მოსარჩელემ ვერ შეძლო იმ ფაქტის დამტკიცება, რომ სადავო ფართი (42 კვ.მ.) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სადავო ოქმის შედგენის მომენტისათვის წარმოადგენდა არა მეორე მოპასუხის, არამედ მამკვიდრებლის საკუთრებას. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი, 183-ე, 311-ე-312-ე მუხლები.
10. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ შემდეგი საფუძვლებით:
10.1. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა
10.2. გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული;
10.3. 2009 წლის 7 აგვისტოს ბმა ,,დ.-14“-ის კრების №1 ოქმის ოქმი ბათილია, ვინაიდან დადგენილია მისი სიყალბე ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის 2013 წლის 10 სექტემბრის დადგენილებით.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აპრილის განჩინებით, მოპასუხე - ე. ლ-ვას გარდაცვალების გამო, საქმისწარმოება შეჩერდა უფლებამონაცვლის დადგენამდე.
12. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ნოემბრის განჩინებით განახლდა საქმისწარმოება, ნ. ბ-ია ცნობილ იქნა ე. ლ-ვას უფლებამონაცვლედ და საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლია შემდეგი გარემოებების გამო:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
16. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია.
17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ განმარტა შემდეგი: „ქვემდგომმა სასამართლომ არსებითად სწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლები და პალატის მსჯელობა ამ კუთხით არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკისაგან, რომლის თანახმადაც, „ვინდიკაციური სარჩელის აღძვრისას უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე უნდა იყოს მოსარჩელის კუთვნილი ნივთის მფლობელი და მას არ უნდა გააჩნდეს ამ ნივთის ფლობის უფლება“. საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას გაამახვილებს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესოსამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურსამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი“ (იხ. სუსგ-ებები: # ას-944-894-2015, 27 ნოემბერი 2015 წელი, ასევე №ას-1326-1252-2012, 25 მარტი, 2013წელი; № ას-1142-1071-2012, 7 მარტი, 2013 წელი).
18. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კასატორთა საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 372-ე, მე-8, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. პ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად, დაუშვებლობის გამო;
2. კასატორ - ლ. პ-ს (პ.# 0--) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (საგადასახადო დავალება #-- გადახდის თარიღი 14.04.2015 სს ბანკი ,,რესპუბლიკა“), 2100 (ორი ათასი ასი) ლარის 70% – 1470 (ათას ოთხას სამოცდაათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი