Facebook Twitter

№ას-1217-1142-2015 2 თებერვალი, 2016 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ქ. ტ.ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ბ.ი, ქ. ჩ.ძე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააღსრულებო ფურცლის გაცემა

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის გაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქ. ტ.ძემ (შემდეგში: „მომჩივანი, ან განმცხადებელი “), 2015 წლის 9 ოქტომბერს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა. ამ გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი, რომლითაც:

ა) მომჩივნის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 22 აპრილს აწ გარდაცვლილ გ. ხ.ნსა და მ. ბ.ი, შორის დადებული მოძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, მ.ბის მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა მოძრავი ნივთები და გადაეცა ანდერძით მემკვიდრეს - მომჩივანს (გამცხადებელს).

ბ) მესამე პირის, ს. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 22 აპრილს აწ გარდაცვლილ გ. ხ-სა და მოპასუხეს შორის დადებული ქ. თბილისში, ჭ.ს ქუჩის #-ში, ბინა #7-ში (ს/კ 01.) მდებარე უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება;

გ) არ დაკმაყოფილდა მომჩივნისა და მესამე პირის მოთხოვნა 2009 წლის 16 აპრილის საკუთრების მინდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე;

დ) არ დაკმაყოფილდა მოპასუხის შეგებებული სარჩელი 2009 წლის 21 აპრილს შედგენილი და ნოტარიულად დამოწმებული ანდერძების ბათილად ცნობის თაობაზე.

2. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით გააუქმა სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 22 აპრილს აწ გარდაცვლილ გ. ხ.ნსა და .მ. ბ-ნს შორის დადებული მოძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება ,უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა მოძრავი ნივთები და გადაეცა ანდერძით მემკვიდრეს - მომჩივანს და ამ უკანასკნელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ნოემბრის გაჩინებით მოსარჩელის განცხადება არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან, პალატამ დაასკვნა, რომ არ არსებობდა მოსარჩელის სასარგებლოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის წინაპირობები, რადგანაც განმცხადებლის (მომჩივნის) სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება ზემდგომმა სასამართლომ გააუქმა (იხ. წინამდებარე განჩინების პ.2).

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მომჩივანმა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

4.1. სააღსრულებო ფურცლის გაცემას მომჩივანი ითხოვს იმ ქონებაზე, რომელიც ანდერძშია მითითებული და რომელიც სამივე ინსტანციის სასამართლომ ძალაში დატოვა.

4.2. არა მარტო 2009 წლის 5 მაისის ანდერძით, არამედ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის განჩინებით დადასტურებულია ის ფაქტი, რომ სადავო მოძრავი ნივთები ეკუთვნის მას, როგორც ანდერძისმიერ მემკვიდრეს.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

6. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

8. მოცემულ შემთხვევაში, მომჩივანი მოითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემას. ამ მოთხოვნას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, რადგანაც:

8.1. სააღსრულებო ფურცელი ეძლევა კრედიტორს და გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში [სსსკ-ის 264-ე მუხლი] და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის“ თანახმად ექვემდებარება აღსრულებას (იხ. მითითებული კანონის 20.2 მუხლი).

8.2. ამ შემთხვევაში კრედიტორის მოთხოვნა მიმართული უნდა იყოს სუბიექტური [სამოქალაქო] უფლების იძულებით განხორციელებისაკენ, ანუ იმ მოთხოვნების დადგენისაკენ, რომლებიც დაავალდებულებენ მოპასუხეს შესრულებას ან შესრულებისაგან თავის შეკავებას. გადაწყვეტილება, რომელზედაც სასამართლო გასცემს სააღსრულებო ფურცელს მიკუთვნებითი ხასიათის უნდა იყოს. განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილი იქნებოდა განმცხადებლის უფლება მოეთხოვა მის მიერ მოპასუხედ დასახელებული პირის, მ. ბ.სგან, მოძრავი ნივთების უკან დაბრუნება.

8.3. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება განმცხადებლის იმ მოსაზრებას, რომ არსებობს მის სასარგებლოდ გამოტანილი სამივე ინსტანციის მიერ დადასტურებული მოთხოვნა ანდერძში მითითებული მოძრავი ნივთების მისთვის გადაცემის თაობაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის განჩინებას, რომელზედაც აპელირებს მომჩივანი და, რომლის საფუძველზედაც საკასაციო სასამართლოსგან ითხოვს სააღსრულებო ფურცლის გაცემას, ასეთი გარემოება არ დაუდგენია. ამ განჩინებით დავა არსებითად არ გადაწყვეტილა, არამედ განხილული იქნა უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების განმარტების საკითხი. საკასაციო სასამართლომ დაადგინა, რომ არ არსებობდა გადაწყვეტილების განმარტების აუცილებლობა, და აღნიშნა შემდეგი: „საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ვრცელდება მხოლოდ გ. ხ-სა (წარმოდგენილი მ. ბ-ის მიერ 2009 წლის 16 აპრილის სანოტარო აქტის საფუძველზე) და მ. ბ-ნს შორის 2009 წლის 22 აპრილს დადებული მოძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებით (რეესტრში რეგისტრაციის N….) განსაზღვრულ მოძრავ ქონებაზე (გ. ხ.ნის მიერ შესრულებულ და მის საკუთრებაში არსებულ ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებზე სრულად), ასევე გ. ხ.სა (წარმოდგენილი მ. ბ.ის მიერ 2009 წლის 16 აპრილის სანოტარო აქტის საფუძველზე) და მ. ბ-ს შორის 2009 წლის 22 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო ნომერი 01/). შეუძლებელია, გადაწყვეტილება გავრცელდეს გ. ხ.-ის სამკვიდროში შემავალ სხვა ქონებაზე (რაც დავის საგანი არც ყოფილა და არც გადაწყვეტილებაშია სადმე მითითებული). ამ გადაწყვეტილების სხვაგვარი განმარტება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველსა და, უბრალოდ, საღ აზრსაა მოკლებული“ იხ. საქმე #1546-გან-2-2014.

9. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ არ არსებობდა განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

10. ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი ძალაში უნდა დარჩეს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. ტ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ნოემბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი