Facebook Twitter

№ას-1268-1190-2015 16 თებერვალი, 2016 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ე-ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „+-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ნოემბრის საოქმო განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „ე-მა“ (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი) შპს „+-ს“ (შემდგომში - მოპასუხე) 2014 წლის 4 აპრილისა და 13 აპრილის სავაჭრო ფართის ქირავნობის ხელშეკრულებების (ს.ფ. 21-28) საფუძველზე დროებით სარგებლობაში გადასცა მის საკუთრებაში არსებული 40 მ2 და 39 მ2 ფართის შენობები მისამართზე: თბილისი,… ქ. #5 [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში - სსკ) მუხლი 531].

2. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ და მოითხოვა 974,47 აშშ დოლარისა და 969,37 ლარის დაკისრება.

3. მოპასუხემ მოსარჩელის წინააღმდეგ წარადგინა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა მიერ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 790 აშშ დოლარის დაკისრება.

4. მოსარჩელემ გაიხმო სარჩელი და 2015 წლის 27 მარტის საოქმო განჩინებით სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული (ს.ფ. 227) [სსსკ-ის მუხლი 831].

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით მოპასუხის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს დაეკისრა 790 აშშ დოლარის გადახდა, რაც მოსარჩელემ გასაჩივრა აპელაციის წესით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრის ზეპირი განხილვა დაინიშნა 2015 წლის 17 ნოემბერს 12 საათზე (ს.ფ. 296-297), რის თაობაზეც მოსარჩელეს ეცნობა 2015 წლის 13 ნოემბერს (ს.ფ. 300, 303).

7. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ნოემბრის საოქმო განჩინებით, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული (ს.ფ. 304-308) [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდeქსის (შემდგომში - სსსკ) მუხლი 387].

8. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ნოემბრის საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა და მიუთითა, რომ წარმომადგენლის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ობიექტური მიზეზით, ხოლო დროის სიმცირის გამო ახალი წარმომადგენლის დანიშვნა ვერ მოხერხდა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

10. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქმის მასალებით უდავოდ დგინდება, რომ მოსარჩელე სააპელაციო საჩივრის განხილვის თარიღის შესახებ გაფრთხილებული იქნა სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, რაც დასტურდება ს.ფ. 300 და 303 გვერდებზე წარმოდგენილი სასამართლო უწყებითა და ამ უწყების ჩაბარების საფოსტო დოკუმენტით.

12. სსსკ-ის 216-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

13. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, უფლებამოსილი იყო აპელანტის გამოცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივარი დაეტოვებინა განუხილველად [სსსკ-ის 387.3-ე და 229.2-ე მუხლები].

14. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების გამომრიცხავი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია სსსკ-ის 233.1 მუხლით.

15. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის ობიექტურ მიზეზთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ჯერ ერთი, მითითებული არ არის რა ობიექტურ მიზეზზეა საუბარი და მეორეც, წარმოდგენილი არ არის აღნიშნული ობიექტური მიზეზის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება [სსსკ-ის მუხლი 102.1].

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

17. ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი ძალაში უნდა დარჩეს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ე-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ნოემბრის საოქმო განჩინება

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი