Facebook Twitter

№ას-1302-1222-2015 9 თებერვალი, 2016 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ს-ო ხ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ო-ა ს-ძე, ზ-ბ ს-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი – უფლებამონაცვლედ ცნობა, ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2010 წლის 15 თებერვალს ზ-ა კ-ას (შემდეგში: გამსესხებელი) და ს-ო ხ-ძეს (შემდეგში: მსესხებელი/ან მოპასუხე) შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ამ უკანასკნელს მსესხებელმა გადასცა საკუთრებაში 68 000 აშშ დოლარი [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 623-ე მუხლი]. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2010 წლის 15 ივლისი.

2. 2010 წლის 13 დეკემბერს მოპასუხემ ხელწერილით აღიარა ვალის არსებობა და უახლოეს მომავალში იკისრა სესხის გამსესხებლისათვის დაბრუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ყოველთვიურად დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს, ნასესხები თანხის 10%-ის, გადახდა [სსკ-ის 417-418-ე მუხლები].

3. 2011 წლის 28 მარტს მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით გამსეხებელმა წინამდებარე განჩინების პ.1-2 მითითებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება დაუთმო მ-ლ ს-ძეს (შემდეგში: მოსარჩელე) [სსკ-ის 199-ე მუხლი].

4. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა 48000 აშშ დოლარის, ასევე, ყოველთვიურად ძირითადი თანხის 10 პროცენტის დაკისრება გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

5. მოპასუხემ აღძრა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებულად აღიარება, 2010 წლის 13 დეკემბრის ხელწერილისა და მოთხოვნის დათმობის ბათილად ცნობა და გამსესხებლისათვის ზიანის სახით 36000 აშშ დოლარის დაკისრება.

6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა 43800 აშშ დოლარისა და ძირითადი თანხის 10%-ის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ხოლო შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხისათვის გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხის 10% შემცირდა 2%-მდე, სხვა ნაწილში გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა საკასაციო წესით.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მაისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

9. 2012 წლის 11 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორად მითითებულია მ-ლ ს-ძე (ტ.4. ს.ფ. 24-25).

10. მ-ლ ს-ძე გარდაიცვალა 2014 წლის 4 თებერვალს (ტ.4. ს.ფ. 26).

11. 2015 წლის 21 აგვისტოს ო-ა და ზ-ბ ს-ძეების (შემდგომში - უფლებამონაცვლეები) სახელებზე, როგორც მ-ლ ს-ძის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებზე, გაიცა სამკვიდრო მოწმობა (ტ.4. ს.ფ. 2-5).

12. უფლებამონაცვლეებმა განცხადებით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვეს მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობა და ახალი სააღსრულებო ფურცლის მათ სახელზე გაცემა [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, მუხლი 92, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 24].

13. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 ნოემბრის განჩინებით უფლებამონაცვლეთა განცხადება დაკმაყოფილდა, ისინი ცნობილ იქნენ მოსარჩელის უფლებამონაცვლეებად და, აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებაზე გაიცა ახალი სააღსრულებო ფურცელი.

14. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 ნოემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მიუთითა, რომ უფლებამონაცვლეები სათანადო წესით არ დაუფლებიან მოსარჩელის სამკვიდრო ქონებას, რის გამოც არ არსებობს მათი უფლებამონაცვლედ ცნობისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძველი.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2016 წლის 8 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი დასაშვებად ცნო და მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

16. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის მოტივების შემოწმებისა და საქმის მასალების გაცნობის შედეგად ასკვნის, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

16.1.სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

16.2.ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: „ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას“.

17. საქმეში წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობით დგინდება, რომ უფლებამონაცვლეები წარმოადგენენ მოსარჩელის პირველი რიგის მემკვიდრეებს, მეუღლესა და შვილს [სსკ-ის მუხლი 1336].

18. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას, რომ უფლებამონაცვლეები მოსარჩელის სამკვიდრო ქონებას კანონით დადგენილი წესით არ დაუფლებიან.

18.1. სსკ-ის 1421.2 მუხლის შესაბამისად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას.

18.2. 2015 წლის 21 აგვისტოს სამკვიდრო მოწმობით უდავოდ დგინდება, რომ უფლებამონაცვლეებმა კანონით დადგენილ ვადაში განცხადებით მიმართეს ნოტარიუსს სამკვიდროს მიღების შესახებ და მიიღეს სამკვიდრო მოწმობა, რაც სსკ-ის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უდავოდ მოწმობს მემკვიდრეთა მიერ სამკვიდროს მიღებას.

19. სსსკ-ის 92-ე მუხლის შესაბამისად, ერთ-ერთი მხარის გარდაცვალების შემთხვევაში დასაშვებია მისი შეცვლა უფლებამონაცვლით პროცესის ყოველ სტადიაზე.

20. გარდაცვლილი პირის მემკვიდრე წარმოადგენს გარდაცვლილის უფლებამონაცვლეს, რის გამოც სასამართლო უფლებამოსილი იყო, ეს პირები ჩაება სამართალურთიერთობაში უფლებამონაცვლეებად სსკ-ის 92-ე მუხლის საფუძველზე და, აქედან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებაზე გაეცა ახალი სააღსრულებო ფურცელი.

21. ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს-ო ხ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 ნოემბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი