Facebook Twitter

№ას-1138-1070-2015 26 იანვარი, 2016 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა.გ–ია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ლ–ვა, ზ.დ–ია (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება-გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 სექტემბრის განჩინება - დაუსწრებელი გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინება - დაუსწრებელი გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2012 წლის 25 იანვარს სს „ს.ბ–სა“(შემდეგში: ბ–ი) და ი/მ ლ.ლ–ვას (შემდეგში: პირველი მოპასუხე) შორის 10 წლით დაიდო საკრედიტო ხაზის მომსახურების ხელშეკრულება და კრედიტის ლიმიტი განისაზღვრა 500 000 აშშ დოლარით [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 867- ე და 623-ე მუხლები].

2. 2012 წლის 25 იანვრის საკრედიტო ხაზის მომსახურების ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ზ.ა–იას (შემდეგში: მოსარჩელე) და პირველი მოპასუხის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. ფოთი, .... ბ-ში (შემდეგში: იპოთეკის საგანი) [სსკ-ის 289.1-ე და 3111 მუხლები].

3. 2012 წლის 30 იანვარს წინამდებარე განჩინების პ.1-ში მითითებული ხელშეკრულების ფარგლებში პირველ მოპასუხესა და ბანკს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება. კრედიტის მაქსიმალური ოდენობა 100 000 აშშ დოლარით განისაზღვრა. ვადა 48 თვეს შეადგენდა. ბანკმა პირველ მოპასუხეს სესხის სახით გადასცა 60 000 აშშ დოლარი.

4. კრედიტის დაბრუნება უზრუნველყოფილი იყო მოსარჩელისა და და ზ.დ–იას (შემდეგში: მეორე მოპასუხე) ბანკის წინაშე სოლიდარული თავდებობის შესახებ 2012 წლის 30 იანვრის წერილობითი განცხადებებით [სსკ-ის 891.1, 892.1, 893-ე, 898.1-ე, 895 მუხლები].

5. 2013 წლის 14 მარტის ხელწერილით მოსარჩელემ დაადასტურა პირველი მოპასუხის სახელზე დამტკიცებული კრედიტიდან ძირითადი თანხის 21 871,79 აშშ დოლარის დავალიანების არსებობა და იკისრა კრედიტის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური გადასახადიდან 814 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება (ტ.1. ს.ფ. 30).

6. მან 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის ივლისის ჩათვლით ბანკს გადაუხადა 14 906,70 აშშ დოლარი.

7. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეთა წინააღმდეგ და მოითხოვა პირველი მოპასუხის ნაცვლად გადახდილი 7580,70 აშშ დოლარის, მიუღებელი შემოსავლის - 3411,27 აშშ დოლარის, სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 379,03 დოლარის და პროცესის ხარჯების (სახელმწიფო ბაჟისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯები), 2000 ლარის მოპასუხეებზე დაკისრება.

8. პირველმა მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი და მიუთითა შემდეგი: ბანკისგან სესხად აღებული 60 000 დოლარის ნაწილით მოსარჩელემაც ისარგებლა. ამიტომაც შეთანხმდნენ, რომ ორივე გადაიხდიდა ვალს. თვითონ ყოველთვიურად 842.30 $-ს, ხოლო მოსარჩელე - 814 $-ს. შესაბამისად, მას მოსარჩელის წინაშე ფულადი ვალდებულება არ ეკისრება და აქედან გამომდინარე, არც მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნას გააჩნია სამართლებრივი საფუძველი.

9. 2014 წლის 6 ნოემბერს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნები. სახელდობრ მან მოითხოვა: მოპასუხეებზე ძირითადი ვალის -10 946 $-და მიუღებელი სარგებლის 7114,90 $, სულ 18060,90$-ის დაკისრება. სარჩელის გაზრდას არ დაეთანხმნენ მოპასუხეები.

10. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 6 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის გაზრდაზე [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 83-ე მუხლის მესამე ნაწილი].

11. საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და პირველ მოპასუხეს დაეკისრა 7580,70 აშშ დოლარის, სახელმწიფო ბაჟის - 397,98 ლარისა და საადვოკატო მომსახურების საფასურის - 760 ლარის გადახდა.

12. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აპელაციის წესით გაასაჩივრეს მოსარჩელემ და პირველმა მოპასუხემ.

12.1. მოსარჩელის სააპელაციო მოთხოვნას წარმოადგენდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოპასუხეთათვის მიუღებელი სარგებლის - 3411,27 აშშ დოლარის, საადვოკატო მომსახურების ხარჯების 1240 ლარის და გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 379,03 აშშ დოლარის დაკისრება, ასევე 2014 წლის 6 ნოემბრის დაზუსტებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმება.

12.2. პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დამყარებული იყო იმაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საჩივარი ხარვეზიანი იყო. არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

13. მოსარჩელემ პირველი მოპასუხის მიმართ მოთხოვნა დაუთმო ა.გ–იას (შემდეგში: უფლებამონაცვლე) [სსკ-ის მუხლი 198-ე და 199-ე მუხლები].

14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ა.გ–ია [სსსკ-ის 92-ე მუხლი].

15. პირველმა მოპასუხემ დადგენილ ვადაში არ შეავსო სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივნისის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზი. ამის გამო, მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული [სსსკ-ის მუხლი 368.5].

16. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 სექტემბრის განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მიუღებელი შემოსავლის - 3411,27 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დაასკვნა, რომ მოპასუხეებისათვის საადვოკატო მომსახურების ხარჯების, 760 ლარის ფარგლებში დაკისრება გონივრული და სამართლიანი იყო. შესაბამისად, აპელანტის მოთხოვნა საადვოკატო მომსახურების ხარჯების ნაწილში დამატებით 1240 ლარის დაკისრებაზე იურიდიულად არ იყო გამართლებული [სსსკ-ის 37.3-ე 53.1-ე მუხლები]. ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია სასამართლომ 2014 წლის 6 ნოემბრის დაზუსტებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმების მოთხოვნა, რადგანაც მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოში მთავარ სხდომაზე გაზარდა სასარჩელო მოთხოვნები (მან მოითხოვა მოპასუხეებზე ძირითადი ვალის -10 946 $-და მიუღებელი სარგებლის 7114,90 $, სულ 18060,90$-ის მოლპასუხეებზე დაკისრება). სარჩელის გაზრდას არ დაეთანხმნენ მოპასუხეები. შესაბამისად, ფოთის საქალაქო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის გაზრდის თაობაზე სსსკ-ის, 83-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად.

17.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 სექტემბრის განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა საადვოკატო მომსახურების ხარჯების, 1240 ლარის, მოპასუხეებზე დაკისრებაზე უარის და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 6 ნოემბრის დაზუსტებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში. მოსარჩელემ მიუთითა შემდეგზე:

17.1. სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 393-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილის, ასევე 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ პუნქტის მოთხოვნები.

17.2 სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 6 ნოემბრის განჩინება დაზუსტებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ, რაც კანონშეუსაბამოა, ვინაიდან დაზუსტებული სარჩელის წარდგენამდე სასამართლოს სხდომები არ ჩატარებულა და 2014 წლის 6 ნოემბრის სხდომა უნდა ყოფილიყო მოსამზადებელი სხდომა.

17.3. საქმის მასალებით დასტურდება მოსარჩელის მიერ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ნოემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

19. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:

1. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

2. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

3. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია.

4. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან [იხ. სუსგ საქმე ას-1701-1685-2011 22.10.2012).

5. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კასატორის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 257-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა.გ–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ა.გ–ია გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ პუნქტის საფუძველზე.;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი