№ას-1150-1082-2015 26 იანვარი, 2016 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.დ.ზ.დ.ა.ს–ო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ზ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება-გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 სექტემბრის განჩინება - დაუსწრებელი გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სახელმწიფო ბაჟის დაკისრებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციის 2010 წლის 9 აგვისტოს №.... დადგენილებით თ.ხ–ს (შემდეგში: პირველი მოპასუხე, მოვალე ან სამართალდამრღვევი) ლიცენზიის გარეშე წიაღით სარგებლობისათვის დაედო ადმინისტრაციული სახდელი 1300 ლარი და მასვე დაეკისრა გარემოსათვის მიყენებული ზიანის, 4 ლარის, ანაზღაურება [საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, შემდეგში სასკ-ის, 571, 200.2, 266-268-ე მუხლები].
2. ზემოაღნიშნული დადგენილების აღსასრულებლად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - გარემოს დაცვის ინსპექციის .... ბიურომ (შემდეგში: მეორე მოპასუხე) 2010 წლის 15 ოქტომბერს გასცა სააღსრულებო ფურცელი [სასკ-ის 571 მუხლი].
3. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ა.....სა და გ–ის სააღსრულებო ბიურომ დაიწყო იძულებითი აღსრულება და 2011 წლის 13 მარტსა და 2014 წლის 15 სექტემბერს შეადგინა მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი, რომლის მიხედვითაც აღწერილი და დაყადაღებულ იქნა ქ. ქობულეთში, ..... მდებარე გ.ზ–ძის საკუთრებაში არსებულ (შემდეგში: მოსარჩელე) ბინა 18-ში განთავსებული მოძრავი ნივთები [„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 48].
4. 2011 წლის 13 მარტის აქტის ხელმოწერაზე უარი განაცხადა მოსარჩელემ. მან სადავო გახადა აღწერილ ქონებაზე მოვალის საკუთრება და მიუთითა, რომ აღწერილი ნივთები არ ეკუთვნოდა პირველ მოპასუხეს.
5. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა პირველი მოპასუხის, მეორე მოპასუხისა და საქართველოს ფინასთა სამინისტროს (შემდეგში: მესამე მოპასუხე) წინააღმდეგ და მოითხოვა 2010 წლის 15 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე დაყადაღებული მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება [„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 32].
6. სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა იმაზე, რომ დაყადაღებული ქონება წარმოადგენს მხოლოდ მის საკუთრებას. ის არ არის მოვალე და შესაბამისად, პასუხს არ აგებს პირველი მოპასუხის მიერ ჩადენილ სამართალდამრღვევაზე.
7. პირველმა მოპასუხემ სარჩელი ცნო.
8. მეორე მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი და მიუთითა, რომ, ვინაიდან აღსრულების კრედიტორია სახელმწიფო, ის არასათანადო მოპასუხეა [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 85-ე მუხლი].
9. მესამე მოპასუხემაც წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი და მიუთითა, რომ „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-181 მუხლის შესაბამისად, ის არასათანადო მოპასუხეა [სსსკ-ის 85-ე მუხლი].
10. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებამ დაადგინა, რომ დაყადაღებული ნივთები ეკუთვნოდა არა სამართალდამრღვევს, არამედ მოსარჩელეს. აქედან გამომდინარე, სარჩელი დაკმაყოფილდა. ყადაღისაგან გათავისუფლდა 2011 წლის 13 მარტისა და 2014 წლის 15 სექტემბრის აქტებით დაყადაღებული მოსარჩელის კუთვნილი მოძრავი ნივთები. მეორე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 145 ლარის, ანაზღაურება.
11. საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება აპელაციის წესით გაასაჩივრეს მეორე და მესამე მოპასუხემ.
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 სექტემბრის სხდომაზე არ გამოცხადნენ მოსარჩელე და პირველი მოპასუხე. გამოცხადებულმა მხარეებმა (მეორე და მესამე მოპასუხე) მოითხოვეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნის უარყოფა [სსსკ-ის 387-ე და 230-ე მუხლის მეორე ნაწილები].
13. სააპელაციო სასამართლომ მესამე მოპასუხის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მიიჩნია რა ის არასათანადო მოპასუხედ, მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
14. რაც შეეხება მეორე მოპასუხეს, მისი შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე უარყოფილი იქნა იმ მოტივით, რომ მხარეს საპროცესოსამართლებრივი თვალსაზრისით სადავოდ არ გაუხდია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები. შესაბამისად, უცვლელად იქნა დატოვებული ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება [სსსკ-ის 230-ე მუხლის მეორე და 387-ე მუხლის მესამე ნაწილები].
15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მეორე მოპასუხემ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-181 მუხლი და ყურადღება არ მიაქცია აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილის ბოლო წინადადებას, რომლის მიხედვითაც საქმეში მოპასუხე უნდა ყოფილიყო აღსრულების ეროვნული ბიურო.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ნოემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
17. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:
18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
20. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია.
21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
22. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კასატორის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 257-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ.დ.ზ.დ.ა.ს–ოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. გ.დ.ზ.დ.ა.ს–ო გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ჟ“ პუნქტის საფუძველზე;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი