№ას-14-14-2016 23 თებერვალი, 2016 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „კ.ს.ფ.ს–ში“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.გ–ი, ა.მ–ძე, მ.მ–ძე, დ.დ. (მოსარჩელეება)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2013 წლის 21 ივნისს შპს-ს “კ.ს.ფ.ს–ში“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) და ა.მ–ძეს, (შემდეგში: პირველი მოსარჩელე) შორის დაიდო შრომის ხელშეკრულება {საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს შრომის კოდექსი, შემდეგში შრომის კოდექსის, მუხლი 6}, რომლის პირობების შესაბამისად მოსარჩელე 2013 წლის 20 ივლისამდე დასაქმდა თვითმცლელი მძღოლად.
2. 2013 წლის 21 ნოემბერს მოპასუხესა და მ.მ–ძეს [შემდეგში: მეორე მოსარჩელე] შორის დაიდო შრომის ხელშეკრულება, რომლის მოქმედებაც განისაზღვრა 2014 წლის 21 იანვრამდე.
3. 2013 წლის 29 ივნისს მოპასუხესა და დ.დ–ს [შემდეგში: მესამე მოსარჩელე] შორის დადებული კონტრაქტის პირობებით, შრომითი ურთიერთობის მოქმედების ვადად განსაზღვრა 2013 წლის 28 სექტემბრამდე პერიოდი.
4. 2013 წლის ივნისში მ.გ. [შემდეგში: მეოთხე მოსარჩელე] მოპასუხე კომპანიაში დასაქმდა თვითმცლელი მძღოლის თანამდებობაზე.
5. 2014 წლის აპრილში მოპასუხემ მოსარჩელეებს აცნობა მათთან არსებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე {შრომის კოდექსის, 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტი}.
6. 2014 წლის 18 ივლისს მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს მოპასუხის წინააღმდეგ. მათ მოითხოვეს სამუშაოზე აღდგენა და სახელფასო დავალიანების ანაზღაურება {შრომის კოდექსის, 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი}.
7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და სასამართლოს მტკიცებულების სახით წარუდგინა მოსარჩელეებთან დადებული კონტრაქტები, რომლითაც ხელშეკრულების ვადის გასვლის თარიღად განისაზღვრა 2014 წლის 21 აპრილი.
8. კალიგრაფიული ექსპეტიზის მიხედვით მოპასუხის მიერ სასამართლოში წარდგენილ შრომის ხელშეკრულებებზე არსებული ხელმოწერების მოსარჩელეებისადმი კუთვნილების ფაქტი არ დადგინდა.
9. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა სარჩელი დაკმაყოფილდა, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-5 და მე-8 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლი, შრომის კოდექსის პირველი, მე-2, მე-6 მუხლის პირველი ნაწილი, 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი, 32-ე მუხლის I ნაწილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 69-ე მუხლი და 327-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
10. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა სადავო გადაწყვეტილების გაუქმება.
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 24 სექტემბრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით, ასევე, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა{საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის 39-ე, 40-ე, 368-ე მუხლები}.
12. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით განსახილველ დავაზე აპელანტის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი განისაზღვრა 4032 ლარით და აპელანტს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელი ნაწილის, 3882 ლარის (4032-150), გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.
13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე, აპელანტს გაეგზავნა მისამართზე - საქართველო, თბილისი, ...... ქ. N11. აღნიშნული განჩინება მითითებულ მისამართზე 2015 წლის 16 ნოემბერს ჩაბარდა ნ. ღ–ეს, რომლის სამართლებრივ სტატუსად გზავნილში მითითებულია - ორგანიზაციის წარმომადგენელი, ბუღალტერი.
14. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხის შესაგებელში და სააპელაციო საჩივარში აპელანტის მისამართის გრაფაში მიეთითა შემდეგი რეკვიზიტი - ქ. ქობულეთი, ......
15. მოსარჩელის სარჩელში მოპასუხის მისამართის გრაფაში ფიქსირდება მისამართი - თბილისი, ..... ქ. N11.
16. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 11 დეკემბრის განჩინებით აპელანტის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი {სსსკ-ის 374-ე, 368-ე, 63-ე მუხლები}
17. პალატამ მიიჩნია, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე განჩინების გზავნილი ჩაბარდა აპელანტის უფლებამოსილ პირს, {საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილი}, შესაბამისად სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის აღმოფხვრის ვადა ამოიწურა 2015 წლის 24 ნოემბერს.
18. გზავნილის უფლებამოსილი პირის მიერ ჩაბარების დასაბუთების ნაწილში სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებას (N ას 1082-1032-2014; 30/07/2015წ.), სადაც განმარტებულია, რომ სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს ორგანიზაციის სახელით გზვანილის ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირთა წრეს, ასეთად მოიაზრებს ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.“უფლებამოსილ პირად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი პირი, რომელიც რაიმე ფორმით იმყოფება შრომით ურთიერთობაში ორგანიზაციასთან.“
19. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
19.1. დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარში აპელანტმა მისამართის სახით მიუთითა მისი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი - ქ. ქობულეთი, .....ქ. N1, ხოლო მისი იურიდიული მისამართია- ქ. თბილისი, ......, კორ. N1.
19.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ნორმები სასამართლო გზავნილის ჩაბარების თაობაზე.
19.3. სასამართლოს გზავნილი ხარვეზის თაობაზე ჩაიბარა არაუფლებამოსილმა პირმა, რასაც ადასტურებს ცნობა Nფა-03. აღნიშნული ცნობის თანახმად, ნ.ღ–ძე მუშაობს შპს „ჯ.პ.ე. ფინანსაუდიტის, აუდიტის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობაზე და მივლენილია კერძო საჩივრის ავტორის სათავო ოფისში.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
21. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
22. საქმის მასალებით დადგენილია რომ, სარჩელში მითითებული მოპასუხის შემდეგი მისამართია: საქართველო, თბილისი,...... ქ. N11
23. მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შესაგებელსა და სააპელაციო საჩივარში დაინტერესებული პირის - მოპასუხე/აპელანტის მიერ მისამართი განისაზღვრა შემდეგი სახით: ქ. ქობულეთი, .......
24. კერძო საჩივარზე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, დასტურდება, რომ მოპასუხის იურიდიული მისამართია - ქ. თბილისი, ......., კორ. N1. შესაბამისად, არ დგინდება აპელანტის რაიმე სახის სამართლებრივი კავშირი მისამართთან - „საქართველო, თბილისი, .......ქ., N11“
25. სამოქალაქო სამართალწარმოების პროცესში მონაწილე პირთა მიმართ სასამართლო დოკუმენტების გაგზავნა ჩაბარების/შეტყობინების წესს განსაზღვრავს სსსკ-ის 70-78 მუხლები.
26. სსსკ-ის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში. ზემოაღნიშნულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ მოპასუხის მიმართ კორესპოდენციის ჩაბარების მიზნებისათვის განმსაზღვრელია თავად მოპასუხის ნება/მითითება, თუ რა მისამართზე უნდა ჩაბარდეს მას სამოქალაქო სამართალწარმოების პროცესში სავალდებულო წესით მისამართზე ჩაბარებას დაქვემდებარებული დოკუმენტაცია.
27. კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 9 ოქტომბრის განჩინების მოპასუხის მიერ განსაზღვრულ მისამართზე „ქ. ...... ქ. N1-ში“ გაგზავნა/ჩაბარების ფაქტი. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მხედველობაში ვერ მიიღებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სადავო გზავნილის მოპასუხე მხარისათვის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ჩაბარების თაობაზე.
28. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ გზავნილი ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე ჩაბარდა აპელანტის უფლებამოსილ პირს. მართალია, სსსკ-ს 73-ე მუხლის მე-8 ნაწილი განსაზღვრავს ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი კორესპონდენციის არა მხოლოდ ადრესატის, არამედ ორგანიზაციის სხვა პასუხისმგებელ პირთა მიერ ჩაბარების წესს, თუმცა აღნიშნულ ნორმაზე აპელირება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სწორად, როდესაც კორესპონდენციის ფოსტის მეშვეობით გაგზავნისას დაცულია სსსკ-ის 71-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის დანაწესი, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი ცნობის თანახმად ნ.ღ–ძე, რომელსაც საქმეში დაცული გზავნილის თანახმად ჩაბარდა მოპასუხისათვის გადასაცემი სასამართლო დოკუმენტაცია (განჩინება) დასაქმებულია სხვა ორგანიზაციაში (შპს „ჯ. პ. ე. ფინანსაუდიტი“), რისი გათვალისწინებითაც იგი სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით განსაზღვრული დანაწესის ფარგლებში ვერ მიიჩნევა აპელანტისათვის კუთვნილი გზავნილის ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირად.
29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “კ.ს.ფ.ს–ში“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 დეკემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან განსახილველად;;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი