Facebook Twitter

№ას-1168-1098-2015 2 თებერვალი, 2016 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ვ.კ–ძე, ლ.კ–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ჯ.ა. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ოქტომბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2013 წლის 2 თებერვალს ი/მ ჯ. ა–მა (შემდეგში: მოსარჩელე ან გამსესხებელი) ვ.კ–ძეს (შემდეგში: პირველი მოპასუხე, ან მსესხებელი) 30 დღით, თვეში 8%-იანი სარგებლით ასესხა 2000 ლარი [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის,შემდეგში სსკ-ის, 623-ე და 625-ე მუხლები].

1.1. სესხის დაუბრუნებლობისათვის მხარეებმა წერილობით შეთანხმებაში გაითვალისწინეს პირგასამტეხლო, 0,3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

1. სესხის დაბრუნებას ასევე უზრუნველყოფდა ლ.კ–ის (შემდეგში: მეორე მოპასუხე) 2013 წლის 11 თებერვლის წერილობითი თანხმობა სოლიდარულ თავდებობაზე [სსკ-ის 891-ე, 892.1, 893-ე, 895-ე და 898-ე მუხლები].

2. პირველმა მოპასუხემ სესხი არ დააბრუნა.

3. მოსარჩელემ მოპასუხეთა წინააღმდეგ წარადგინა სარჩელი და მოითხოვა მათთვის 5940 ლარის დაკისრება, საიდანაც ძირითადი თანხაა - 2000 ლარი, ერთი თვის პროცენტი - 160 ლარი, 21 დღის პირგასამტეხლი კი 3780 ლარია.

4. მოპასუხეებმა წარადგინეს მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი და მიუთითეს, რომ ვალდებულება შესრულებული ჰქონდათ, მაგრამ წერილობითი დასტური მოსარჩელემ არ გასცა. ამასთანავე, მათ მიუთითეს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო ეწინააღმდეგებოდა სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას.

5. მოგვიანებით, 2015 წლის 4 აპრილს, გამსესხებელმა წერილობით დაადასტურა ნაწილობრივი შესრულების, 554 ლარის, მიღება [სსკ-ის 429.1-ე მუხლი] .

6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს დაეკისრათ ძირითადი თანხის 1446 ლარის, ერთი თვის პროცენტის - 115,68 ლარის, ასევე შემცირებული პირგასამტეხლოს (0,2%) 1821,96 ლარის გადახდა.

7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს მისი შემცირება 0,07%-მდე.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით. მათ მიუთითეს, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და სასამართლოს მიერ 0,2%-მდე შემცირებული პირგასამტეხლო არ შეესაბამება არსებულ სასამართლო პრაქტიკას და იგი უნდა შემცირდეს 0,07%-მდე.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

13. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია.

14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის ნაწილში ჩამოყალიბებულია მყარი სასამართლო პრაქტიკა. როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნები სრულად შეესაბამება უზენაესი სასამართლოს განმარტებებს: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.“ იხ. საქმე ას-176-157-2014.

15. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ სწორად ჩათვალა, რომ არ არსებობდა საქალაქო სასამართლოს მიერ 3780 ლარიდან 1821.96 ლარამდე შემცირებული პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირების საფუძველი.

16. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კასატორთა საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 257-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ.კ–ძისა და ლ. კ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ვ.კ–ძეს (პ. №........) და ლ.კ–ეს (პ. №.....) დაუბრუნდეთ ლ.კ–ის (პ. №........) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (საკრედიტო საგადასახადო დავალება #300, გადახდის თარიღი 03.12.15 ვითიბი ბანკი ჯორჯია), 300 ლარის, 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი