№ას-1172-1102-2015 2 თებერვალი, 2016 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ს.ჯ.პ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „დ–ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 სექტემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ს.ჯ.პ–სა“ [შემდეგში: მოსარჩელე აპელანტი ან კასატორი] და შპს „დ–ას“ [შემდეგში: მოპასუხე] შორის არსებობდა ხანგრძლივი, პერიოდული სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელე მოპასუხეს აწვდიდა ნავთობპროდუქტებს, რის სანაცვლოდაც მოპასუხე ვალდებული იყო აენაზღაურებინა მიწოდებული საქონლის ღირებულება {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 477-ე მუხლი}.
2. 2013 წლის 22 აპრილს მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 2376 ლარის ღირებულების ნავთობპროდუქტი.
3. მოსარჩელემ 2013 წლის 22 აპრილს გასცა N7/1021 სალაროს შემოსავლის ორდერი, საიდანაც დასტურდება მოპასუხის მიერ Nეა407223 ანგარიშ-ფაქტურით გათვალისწინებული საწვავის ღირებულების, 2376 ლარის, ანაზღაურება {იხ. საქმე - ტ. I, გვ.-36. სსკ-ის 477-ე მუხლის მეორე ნაწილი და 429-ე მუხლის პირველი ნაწილი}.
4. 2014 წლის 6 ოქტომბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა 2013 წლის 22 აპრილს მიწოდებული ნავთობპოდუქტების ღირებულების, 2376 ლარის აუნაზღაურებელი ნაწილის, 1195.50 ლარის ანაზღაურება.
5. 2015 წლის 19 თებერვალს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე, მოსარჩელემ გაადიდა სასარჩელო მოთხოვნები და დამატებით მოითხოვა მიყენებული ზიანის, 174.96 ლარის, ხოლო 2014 წლის 6 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 11.95 ლარის ანაზღაურება. მიყენებული ზიანის დასადასტურებლად მოსარჩელემ სასამართლოში წარადგინდა სს „ლ. ბ–ის“ ვადიანი ანაბრის პირობების ამონაწერი, რომლის შესაბამისადაც ვალდებულების დროული შესრულების შემთხვევაში სადავო თანხის დეპოზიტზე განთავსებით მოსარჩელე მიიღებდა დამატებით შემოსავალს, წლიური 1195.50 ლარის, 12%-ის სარგებლის სახით {სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი და 411-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 83-ე მუხლის მეორე ნაწილი}.
6. მოსარჩელის ახსნა-განმარტების თანახმად, N329804 საგადასახადო ანგარიშფაქტურით მოპასუხეს მიაწოდა 2359.50 ლარის ღირებულების პროდუქცია, რომელიც შემძენმა პირმა წინსწრებით აანაზღაურა 2013 წლის 17 იანვარს, რა მიზნითაც გადაიხადა 2364 ლარი. აღნიშნული თანხით დაიფარა წინა ვალდებულება 1200 ლარი და მოპასუხეს დებეტში ჩაეთვალა 1164 ლარი, 2013 წლის 5 მარტის N366753 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის თანახმად, მოპასუხეს მიეწოდა 2436 ლარის ღირებულების საქონელი. ამ თანხას გამოაკლდა 2013 წლის 17 იანვარს მოპასუხის მიერ გადახდილი ნამატი თანხა 1164 ლარი და ასანაზღაურებელი დარჩა 1240 ლარი. 2013 წლის 22 აპრილის N407223 საგადასახადო ანგარი-ფაქტურით მიწოდებულ იქნა 2376 ლარის ღირებულების საწვავი, ამავე თარიღში მოპასუხემ მოსარჩელის სასარგებლოდ, მართალია გადაიხადა 2376 ლარი, თუმცა ამ თანხიდან დაიფარა 2013 წლის 5 მარტის ვალდებულება 1240 ლარი. შესაბამისად, მოპასუხეს გადასახდელი დარჩა 1195.50 ლარი.
7. მოპასუხემ დაადასტურა მოსარჩელე მხარესთან სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა. ამასთან, მან სარჩელი არ ცნო და წარადგინა მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი შემდეგ გარემოებაზე დაყრდნობით: Nეა407223 საგადასახადო ანგარიშფაქტურით გათვალისწინებული თანხა მან სრულად დაფარა, რის დასადასტურებლად მან მტკიცებულებად შესაგებელს დაურთო 2013 წლის 22 აპრილს გაცემული N7/1021 სალაროს შემოსავლის ორდერი. გარდა ამისა, მოპასუხემ სასამართლოში წარადგინა გადახდის ქვითრები, ბრუნვის ისტორია და შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები 2009 წლიდან სადავო პერიოდამდე. მოპასუხემ ვერ შეძლო 2009 წლის 21 მაისს განხორცილებული საწვავის მიწოდების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოსთვის წარდგენა, თუმცა აღნიშნულთან მიმართებით განმარტა, რომ ამ პერიოდის დავალიანების მოთხოვნას ხანდაზმულობის გამო არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის პირველი აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული გარემოებები. სასამართლომ დავის გადასაწყვეტად გამოიყენა სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, 477-ე, 429-ე, 505-ე, 506-ე, 316-317-ე მუხლების პირველი ნაწილები.
9. გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით შემდეგ გარემოებებზე დაყრდნობით:
9.1. მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად წარმოდგენილ დოკუმენტში მითითებული არ არის კონკრეტულად რომელი ანგარიშ-ფაქტურის თანხა დაფარა მოპასუხემ. შესაბამისად, სასამართლომ არასწორად დაადგინდა ფაქტობრივი გარემოება სადავო პერიოდში მიწოდებული საწვავის ღირებულების მოპასუხის მხრიდან სრულად ანაზღაურების თაობაზე.
9.2. 2013 წლის 22 აპრილს ბოლო პარტიის საწვავის მიწოდება სასამართლომ არასწორად განიხილა დამოუკიდებელ ხელშეკრულებად.
9.3. 2011 წლიდან მოპასუხე საწვავს შეისყიდიდა პერიოდულად და მის ღირებულებას იხდიდა ნაწილ-ნაწილ პერიოდული დავალიანებით, ხოლო ხშირ შემთხვევაში წინსწრებითაც. 2013 წლის იანვრისთვის მოპასუხეს გააჩნდა შესყიდული საწვავის დავალიანება, რომელიც დაფარა იმავე წლის 16 იანვარს მეტობით. ხოლო 2013 წლის 18 იანვარს მოპასუხემ გაიტანა 2359.40 ლარის ღირებულების საწვავი, საიდანაც დარჩენილი იყო არსებული დავალიანება - 1195.50 ლარი.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის პირველი აპრილის გადაწყვეტილება.
11. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:
11.1. 2013 წლის 22 აპრილის N407223 საგადასახადო ანგარიშფაქტურის საფუძველზე მოპასუხემ შეისყიდა 1200 ლიტრი 2376 ლარის ღირებულების საწვავი.
11.2. 2013 წლის 22 აპრილის გაცემული N7/1021 სალაროს შემოსავლის ორდერით დასტურდება რომ საწვავის ღირებულება, 2376 ლარი, ანაზღაურებულია.
11.3. 2013 წლის 5 მარტის N366753 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე მოპასუხემ შეიძინა 1200 ლიტრი საწვავი 2436 ლარად. აპელანტის მიერ გაცემული N7/564 სალაროს შემოსავლის ორდერით დადასტურდა, რომ საწვავის ღირებულება 2436 ლარის ოდენობით ანაზღაურებულია.
11.4. 2013 წის 18 იანვრის N329804 საგადასახადო ანგარიშფაქტურის საფუძველზე მოპასუხემ მოსარჩელისგან შეისყიდა 1210 ლიტრი საწვავი 2359.50 ლარად, რომლის ღირებულება დაფარა წინსწრებით, იმავე წლის 17 იანვარს.
11.5. დავალიანების წარმოშობის პერიოდი უკავშირდება 2009 წლის 21 მაისის გაცემულ ანგარიშფაქტურებს.
11.6. 2009 წლის 21 მაისის N478014, N445899, N458680 ანგარიშფაქტურებით შეძენილი ნავთობპროდუქტების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს არ აქვს. სხვა პერიოდში შეძენილი საწვავის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოპასუხემ წარმოადგინა.
11.7. მოსარჩელის მოთხოვნა 1195.50 ლარის დაკისრების თაობაზე ხანდაზმულია {სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილი, 130-ე მუხლი და 144-ე მუხლის პირველი ნაწილი}.
12. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით არ დადგინდა მხარეთა შეთანხმება ძველი დავალიანების დაფარვის თაობაზე, ხოლო მოსარჩელეს უფლება არ ჰქონდა ცალმხრივად განეხორციელებინა საწვავის ღირებულების თანხის ჩათვლა ძველ დავალიანებაში.
13. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და მიიჩნია, რომ გამყიდველის მიერ მყიდველისათვის საქონლის მიწოდება ხდებოდა არა ერთიანი ურთიერთობის, არამედ დამოუკიდებელი ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლიდანაც მყიდველს დამოუკიდებლად წარმოეშობოდა გადახდის ვალდებულება. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 144-ე, 477-ე, 316-317-ე მუხლები.
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის განჩინება მოსარჩელემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, შემდეგი საფუძვლებით:
14.1. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, ფულადი ვალდებულებების შესრულების რიგითობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმა {სსკ-ის 387-ე მუხლი}
14.2. სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი.
14.3. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, იმის თაობაზე რომ დავალიანება მომდინარეობდა 2009 წლიდან.
14.4. სასამართლომ არ შეაფასა საბუღალტრო ბრუნვა, რომელიც ადასტურებდა მოპასუხის დავალიანების არსებობას 2013 წლის იანვრის მონაცემებით.
14.5. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტი იმის შესახებ, რომ კრედიტორს არ შეეძლო ყოველი გადახდა მიემართა წინა დავალიანების ანგარიშში. კასატორის განმარტებით, მხარეთა შორის ურთიერთობები გამომდინარეობს ზეპირი სახელშეკრულებო ურთიერთობიდან. ანგარიშ-ფაქტურებით დასტურდება ყოველი პარტია საწვავის მიწოდების ფაქტი და თითოეული ანგარიშ-ფაქტურა არ უნდა იქნეს განხილული დამოუკიდებელ ხელშეკრულებად.
14.6. ვალდებულების შესრულებისას მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მხარეთა შეთანხმება თანხის მიზნობრიობაზე, თანხის გადახდის რიგითობა კასატორის მოსაზრებით, განისაზღვრება კრედიტორის შეხედულებით, რის თაობაზეც არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა. სააპელაციო სასამართლოს სადავო განჩინება ეწინაღმდეგება სასამართლოს დამკვიდრებულ პრაქტიკას.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ნოემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ის არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:
17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
19. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ფულადი ვალდებულებების შესრულების რიგითობის მომწესრიგებელი ნორმა, 387-ე მუხლი, საკასაციო პალატა არ იზიარებს. ამასთან დაკავშირებით უზენაესმა სასამართლომ განმარტა: „samoqalaqo kodeqsis 387-e muxli adgens sxvadasxva safuZvlebidan (xelSekrulebidan) gamomdinare fuladi valdebulebis Sesrulebis rigiTobas da ara erTi samarTlebrivi urTierTobidan warmoSobili fuladi valdebulebis odenobis dadgenisa da gaangariSebis wess.mocemuli muxli aregulirebs im SemTxvevas, roca sxvadasxva valdebulebidan gamomdinare moTxovnaTa Sesrulebis vada erTdroulad dadga„(იხ. სუსგ 3/კ321-02 13.03.2002). იხილეთ ასევე სუსგ #ას-1232-1155 17.01.16, #ას-630-593 11.06.12
21. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კასატორის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 257-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ს.ჯ.პ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ს.ჯ.პ–ს“ (ს/კ …..) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (საგადასახადო დავალება N1448372773, გადახდის თარიღი 24.11.15 სს თიბისი ბანკი) 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი