№ას-1207-1134-2015 9 თებერვალი, 2016 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „დ–ო“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შ.ზ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – საზოგადოებაზე მიყენებული ზარალის ანაზღაურება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „დ–ო“ [შემდეგში: მოსარჩელე ან კასატორი] წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საზოგადოებას - რეგისტრირებული 21.09.2000 წელს, საიდენტიფიკაციო ნომერი 245399135.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 14 ოქტომბრის N414-ე ბრძანებით, შპს „ქ-ა-98“-ის შერწყმის (მიერთების) საფუძველზე განხორციელდა მოსარჩელის რეორგანიზაცია {„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 144 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ქვეპუნქტი}.
3. მოსარჩელე შპს „ქ-ა-98-ის“ სამართალმემკვიდრეა.
4. შპს „ქ-ა-98“-ის [შემდეგში: ასევე მიმბარებელი ან საწარმო] ბალანსზე რიცხული ყველა ძირითადი საშუალება, მათ შორის ავტომობილი - 3NJI-431410, გამოშვების წელი 1988, სახ. ნომერი KIM-....(ძველი სახ.NГРГ-....), ძრავის N107292, სატვირთო მასის N2739523, გადავიდა მოსარჩელის ბალანსზე.
5. საწარმოს ბალანსზე რიცხული ავტომობილი - 3NJI-431410, გამოშვების წელი 1988, სახ. ნომერი KIM-...(ძველი სახ.NГРГ-....), ძრავის N107292, სატვირთო მასის N2739523 მიბარებული იყო ამავე საწარმოს მძღოლ შ.ზ–ძეზე [შემდეგში: მოპასუხე ან აპელანტი], რომელიც პასუხისმგებელი იყო ავტომანქანის არსებული მდგომარეობის შენარჩუნებაზე, მოვლა-პატრონობასა და შენახვაზე {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 763-ე მუხლი}.
6. 2007 წლის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომანქანა გამოვიდა მწყობრიდან და ამჟამად, მისი სათადარიგო ნაწილები ინახება მოპასუხის საცხოვრებელი სახლის ეზოში.
7. მოპასუხემ ავტოსაგზაო შემთხვევის თაობაზე 2007 წელს აცნობა საწარმოს დირექტორს ბ. ჩ–ეს.
8. შპს „დ-ა–ის“ 26/08/2014 წლის N02/1-86 დასკვნის თანახმად ავტომანქანის 3NJI-431410, გამოშვების წელი 1988, სახ. ნომერი KIM-...(ძველი სახ.NГРГ-... ), ძრავის N107292, სატვირთო მასის N2739523 ღირებულება შეადგენს 1045 ლარს.
9. 2014 წლის 25 დეკემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა მიყენებული ზარალის, 1081 ლარის, ანაზღაურება [სსკ-ის 763-ე მუხლი და 394-ე მუხლის პირველი ნაწილი}.
10. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
10.1. სადავო ავტომანქანა მოპასუხეს გადაეცა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში.
10.2. 2007 წელს მომხდარი ატოსაგზაო შემთხვევის თაობაზე მოპასუხემ დაუყოვნებლივ აცნობა მიმბარებელი საწარმოს პასუხისმგებელ პირს.
10.3. სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო {სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილი, 130- 131-ე მუხლები, 144-ე მუხლის პირველი ნაწილი}.
11. ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
12. რაიონული სასამართლოს 2015 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხეს საზოგადოებაზე მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით დაეკისრა 1081 ლარის გადახდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 128-ე, 130-ე, 316-317-ე, 361-ე, 394-ე, 408-ე მუხლები, ასევე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 44-ე მუხლი.
13. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებით:
13.1. მოსარჩელის რეორგანიზაციამდე 2011 წლის მდგომარებით სადავო ავტომობილი ირიცხებოდა შპს „ქ-ა-98“-ის ბალანსზე, რომლის სამართალმემკვიდრეა მოსარჩელე.
13.2. შპს „ქ-ა-98-სა“ და მოპასუხეს შორის ავტომანქანის მიბარების ხელშეკრულება დაიდო განუსაზღვრელი ვადით.
13.3. მიმბარებელი საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს ბ. ჩ–ეს 2007 წელს მოპასუხემ აცნობა ავტოსაგზაო შემთხვევის თაობაზე რაც დადგენილია სასამართლოს მიერ.
13.4. სასამართლომ არასწორად აითვალა ხანდაზმულობის ვადის დენა.
13.5. სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყო 2007 წელს, როდესაც მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით მიმბარებელი საწარმოს დირექტორმა შეიტყო სადავო მოთხოვნის საფუძვლის წარმოშობის თაობაზე. საწარმომ ხანდაზმულობის ვადის დენის ფარგლებში არ გამოიყენა მოთხოვნის უფლება მოპასუხის მიმართ.
14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
15. პალატამ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც დადგინდა რომ 2007 წელს შპს „ქ–ა-98“-ის დირექტორისათვის, რომელიც პასუხისმგებელი იყო საწარმოს ინტერესების განხორციელებაზე, ცნობილი იყო სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები, შესაბამისი მოთხოვნის უფლება წარმოიშვა 2007 წელს. სასამართლომ კი არასწორად განსაზღვრა მოთხოვნის წარმოშობის პერიოდად 2013 წელი, რა დროსაც მოსარჩელემ მოპასუხეს მოსთხოვა ავტომანქანის დაბრუნება.
16. პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი რეგულირების გათვალისწინებით დაადგინა, რომ სახელშეკრულებო მოთხოვნების 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა სარჩელის შეტანის დროისათვის უკვე გასული იყო.
17. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ შემდეგი საფუძვლებით:
17.1. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ სსკ-ის 128-ე129-ე და 130-ე მუხლები, მაშინ როდესაც სადავო ურთიერთობების მიმართ გამოსაყენებელ ნორმებს წარმოადგენს სსკ-ის 763-ე, 765-ე და 770-ე მუხლები.
17.2. საწარმოს დირექტორის მიერ ავტოსაგზაოშემთხვევის თაობაზე ინფორმირების ფაქტს 2007 წელს მხარეთა შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობასთან და მისგან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებასთან კავშირი არ აქვს და არ წარმოადგენს ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების საფუძველს.
17.3. 2007 წლიდან სასარჩელო მოთხოვნის წარმოშობის ფაქტის დასადასტურებლად სასამართლომ იხელმძღვანელა მოპასუხის მიერ წარდგენილი 2015 წლის 14 აპრილით დათარიღებული ცნობით, რომელზეც საწარმოს დირექტორის ხელმოწერა არ არის დამოწმებული ნოტარიუსის მიერ, შესაბამისად არ არის დადასტურებული, დოკუმენტი რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ ნამდვილად იყო თუ არა შედგენილი და ხელმოწერილი საწარმოს დირექტორის, ბიჭიკო ჩელებაძის მიერ.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 დეკემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ის არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლია შემდეგი გარემოებების გამო:
2. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
3. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
4. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია.
5. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
6. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კასატორის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 257-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა;
1. შპს „დ–ოს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „დ–ოს“ (ს.კ ...) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (საგადასახადო დავალება N1, გადახდის თარიღი 24.11.15 სს თიბისი ბანკი), 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი